როგორ ჩაუყარა ბერიამ საფუძველი საქართველოში მეცნიერების განვითარებას
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.12, 2023 წელი

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ის ადამიანია, ვისაც აუწონავი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა კავშირის აღორძინება-განვითარების საქმეში, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთს წაადგა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამას არც რუსები აღიარებენ და არც მისი თანამემამულე ქართველები, რომლებსაც ფეხზე წამოყენებული ქვეყანა დაუტოვა...
პროფესორი ზინოვი კოტელმახი: „ის, რომ რუსები საერთოდ არ აფასებენ ბერიას უდიდეს ღვაწლს მათი სახელმწიფოს აღორძინებაში, გასაოცარი სულაც არაა, მაგრამ, როდესაც ვერც ქართველები ხვდებიან, თუ რა განუზომენლი ღვაწლი მიუძღვის ბერიას საქართველოს აღორძინებაში, რბილად რომ ვთქვათ, საწყენია. ბერია ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, როდესაც მას თავისი სამშობლოს აღორძინება-განვითარების დეტალურად დამუშავებული გეგმა ჰქონდა. მართალია, ჩერჩილმა სტალინზე თქვა – ჩაიბარა სახნისიანი ქვეყანა და დატოვა თერმობირთვული სახელმწიფოო, მაგრამ ამ ანალოგიით ბერიაზეც შეიძლება თამამად ითქვას – ჩაიბარა დაქცეული, რუსეთის იმპერიის ყოფილი პერიფერიული გუბერნია (საქართველო) და დატოვა განვითარებული, ფეხზე მყარად მდგარი ქვეყანა. საქართველო რომ სწორედ ბერიას დროს წამოდგა ფეხზე, ამას დიდი გენიოსობა არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ არქივებში მოვიძიოთ საქართველოს ეკონომიკური დონის სტატისტიკა 1922 წლამდე და 1931 წლიდან... ესაა უდიდესი სხვაობა. საქართველოში ბერიამდე თითქმის არანაირი სერიოზული საწარმო არ იყო. ბერიას დროს კი, 1932-1938 წლებში, 30 სერიოზული წარმადობის საწარმო გაიმართა. ეს, რაც შეეხება მრეწველობას, რომელიც ბერიას მოსკოვში გადასვლის მერეც ვითარდებოდა. სწორედ ბერიას წყალობით, მისი პატრონაჟით ხაზგასასმელი, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ბერიას აბსოლუტურად ზუსტი ხედვა ჰქონდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო თავისი სამშობლო. მან იცოდა, რომ ეს მეცნიერული პოტენციალის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ, რომ იტყვიან, ბერიამ ეს ხაზი განავითარა. მან ერთდროულად რამდენიმე მეცნიერების მიმართულებას ჩაუყარა ფუნდამენტი, რაც სულ მალე საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის შექმნით დასრულდა და ამან ეს პატარა ქვეყანა ნამდვილად მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა. ამის ერთ-ერთი ფუძემდებლური მოვლენა იყო 1932 წელს აბასთუმნის ობსერვატორიის დაარსება. თავისი უნიკალური მდებარეობით, ამ ობსერვატორიაში შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევები. და, მართლაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები ჩამოდიოდნენ საქართველოში და მუშაობდნენ. ხოლო, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, პატარა საქართველოს დიდ რეკლამას უკეთებდნენ. თანამედროვე ენით რომ გამოვხატოთ, ლავრენტი ბერია დიდი „პიარშჩიკიც“ იყო. მსოფლიოში ცნობილი ქართველი ასტრონომი, აკადემიკოსი ევგენი ხარაძე (ის 1932–1992 წლებში აბასთუმნის ობსერვატორიის უცვლელი ხელმძღვანელი იყო) ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: „შეიძლება ითქვას, რომ სრულიად „ნორჩი“ (25 წლის) ვიყავი, როდესაც აბასთუმნის ობსერვატორია ჩავიბარე. ამაში უმთავრესი წვლილი ბერიას ეკუთვნოდა. ის ძალიან აქტიურობდა, რომ ობსერვატორია გახსნილიყო. მან სახსრები საკავშირო ბიუჯეტიდან მოიძია და საუკეთესო სატელესკოპო მოწყობილობები საზღვარგარეთიდან ვალუტით შემოიტანა. ასეთი რამ კი იმ წლებში ძალიან რთულად განსახორციელებელი იყო. მაშინ, მთელი ვალუტა ინდუსტრიალიზაციას ხმარდებოდა. მის (ვალუტის) მოპოვებას პირადად სტალინის ნებართვა სჭირდებოდა და ბერიამ ეს მოახერხა. ამ ობსერვატორიის ამუშავების პროცესს ერთი სახალისო ისტორიაც დაერთო თან. ობსერვატორიის ფუნქციონირებას სჭირდებოდა ინფრასტრუქტურა, ანუ საცხოვრებელი კოტეჯები თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის. გეგმით გათვალისწინებული იყო ხის კოტეჯების აგება ნაძვის მასალით. ნაძვები იმ მიდამოში ბლომად იყო და აპირებდნენ ამით ესარგებლათ. ბერიამ კი მათ ამის ნება არ მისცა – ტყე არ გააჩეხინა. სამაგიეროდ, ციმბირის ერთ-ერთ სატყეო საწარმოსთან დადო ხელშეკრულება, რომ ისინი ხე-ტყეს გამოგზავნიდნენ საქართველოში, სამაგიეროდ კი მათი თანამშრომლები შეღავათიან ფასებში დაისვენებდნენ კურორტ აბასთუმანში. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ არ არსებობდა კურორტი აბასთუმანი. ციმბირელებმა თანხმობა განაცხადეს და საქართველოში გამოგზავნეს დიდი რაოდენობით სატყეო მასალა. მშენებლებმა კი ობსერვატორიის ინფრასტრუქტურა მოაწყვეს და საკურორტო კოტეჯებიც წამოჭიმეს. ამასთან, აბასთუმანში ერთი ხეც არ მოჭრილა...“
პატივცემული აკადემიკოსის მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბერიას ლავირების დიდი უნარი ჰქონდა და ფაქტობრივად, უდანაკარგოდ მუშაობდა. ბერია ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი თანხები მიეღო საკავშირო ბიუჯეტიდან, რასაც წარმატებით ახერხებდა კიდეც. შემდგომ კი ამ თანხებს ძალიან ეფექტურად იყენებდა საქართველოში. და, მერეც, როდესაც სტალინმა ის მოსკოვში გადაიყვანა, იქიდან კურირებდა თავისი სამშობლოს საქმეებს და უდიდესი წარმატებითაც. ამიტომ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მართალია, ბერიას მიმართ ბევრს პრეტენზიებიც შეიძლება აქვს, მაგრამ უდავოა, რომ დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან