ბელადები

როგორ ჩაშალა ბერიამ ოპერაცია „ირმის ნახტომი“

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.01

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას დაზვერვის კორიფეს უწოდებდნენ და ეს ეპითეტი სულაც არაა გადაჭარბებული. ამ ადამიანმა უშიშროების სისტემაში მანამდე არნახული მეთოდები დანერგა და ეს საბჭოთა სახელმწიფო სტრუქტურა ერთიორად გააძლიერა.

იაკობ კედმი: „ჯაშუშური საქმიანობა, სხვადასხვა ხალხში, ალბათ, ჯერ კიდევ სახელმწიფოების ჩამოყალიბებამდე ხორციელდებოდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდებოდა და სისტემად ყალიბდებოდა. ლავრენტი ბერიას კი ამ საქმის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს ადამიანი თავის ყველა საქმეს არაორდინარულად, ნოვატორულად უდგებოდა და რაც ერთი შეხედვით უცნაური და შეუსრულებელი ჩანდა, ბერიას წყალობით, ის ნორმა ხდებოდა. ამის მაგალითად თეირანის კონფერენცია გამოდგება, სადაც „დიდ სამეულზე“ ტერორისტული თავდასხმა მზადდებოდა და სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი სიკვდილისგან სწორედ ბერიას პროფესიონალიზმმა და არაორდინარულმა გადაწყვეტილებამ იხსნა“.

1943 წლის თეირანის კონფერენცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ფაშისტური დაზვერვისთვისაც გახდა ცნობილი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფაშისტები ამ შანსის გამოყენებას შეეცდებოდნენ და „დიდ სამეულზე“ თავდასხმის მოწყობას დაგეგმავდნენ. ამიტომ, როგორც ერთი მხარე ემზადებოდა საამისოდ, ასევე მეორე მხარეც. ბერიას განსაკუთრებული მითითებით, ფეხზე დააყენეს მთელი საგარეო დაზვერვა და საქმეში ღრმად კონსპირირებული აგენტები ჩართეს. ცენტრში გამოგზავნილი ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ იფილტრებოდა, უტარდებოდა კომპლექსური ანალიზი და ყველა დასკვნა ბერიასთან მიდიოდა. პარალელურად, კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე თეირანში იგზავნებოდნენ მზვერავთა ჯგუფები. მათ კონტრლზე უნდა აეყვანათ ირანის დედაქალაქის ყველა ქუჩა თუ შენობა და მზად ყოფილიყვნენ ნებისმიერი მოულოდნელობისთვის. მოქმედების საერთო გეგმა ეტაპებად იყო დაყოფილი. თითოეულ ეტაპს თავისი კურატორი ჰყავდა. ბერია კი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ გრანდიოზულ ოპერაციას.

გენერალი პავლე ფიტინი: „ბერიას ყოველდღიურად დაწვრილებით ინფორმაციას ვაწვდიდით თეირანში მიმდინარე პროცესების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ირანის დედაქალაქში, ფაქტობრივად, იდეალური უსაფრთხოების სისტემა ჩამოვაყალიბეთ, ბერიას მაინც პატარ-პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი შესწორებები შეჰქონდა. კონფერენციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბერია პირადად გაემგზავრა თეირანში, რათა ყველაფერს ადგილზე გასცნობოდა. იქ მას ჩვენი მზვერავები, ვართანიანი და აღაიანცი დახვდნენ. ბერიას ყველაფერი დაწვრილებით გააცნეს და სქემატურად აუხსნეს ყველა ნიუანსი. გააანალიზა რა ბერიამ წარმოდგენილი დოკუმენტი, უკვე ქალაქში მოაწყო „ვოიაჟი“ და ადგილებზე გაეცნო ყველაფერს. სწორედ ამ დროს მიაქცია მან ყურადღება სომეხი ეროვნების ემიგრანტთა 11-13 წლის ბავშვებს, გამოელაპარაკა მათ და ვართანიანსა და აღაიანცს უთხრა, რომ დასახმარებლად ბავშვების ეს ჯგუფი მიეზიდათ. თავდაპირველად ვართანიანი და აღაიანცი ვერ ჩასწვდნენ ბერიას სიტყვების არსს და ხუმრობაც კი ეგონათ. ბერიამ კი განუმარტა – ეს ბავშვები კარგად იცნობენ თეირანის ყველა კუთხე-კუნჭულს და გასაძრომ-გამოსაძრომს. თანაც, მათ არავინ მიაქცევს ყურადღებას. უნდა დაავალოთ, რომ ყოველი უცხო ადამიანის გამოჩყენის შესახებ ინფორმაციები მოგიტანონო, თან, დააინტერესოთ, რომ ამაში ისინი ანაზღაურებას მიიღებენ. და მართლაც აღაიანცმა და ვართანიანმა იოლად გამონახეს საერთო ენა თავიანთ პატარა თანამემამულეებთან. შეჰპირდნენ, რომ თითოეულ ინფორმაციაში თანხას გადაუხდიდნენ და მართლაც, პატარა სომეხი ბიჭუნები მთელ თეირანს მოედვნენ და არაერთი სიტყვიერი პორტრეტი „დაუდეს წინ“ თავიანთ უფროს თანამემამულეებს. თან, თითოეული უცნობის საცხოვრებელ მისამართებს ურთავდნენ. შემდგომ კი საეჭვო ადამიანები უკვე კვალიფიციურ მზვერავებს აჰყავდათ კონტროლზე და ამოწმებდნენ. ერთ-ერთმა პატარა ბიჭმა, ვინმე აშოტ სიმონიანმა კი უცნობების პორტრეტები მიუტანა მზვერავებს. სიმონიანს ხატვის ნიჭი ჰქონდა და თითოეულ საეჭვო პირს ის ფანქრით ძალიან სწრაფად ხატავდა. მან 25 ასეთი ჩანახატი გააკეთა. სწორედ ამ პორტრეტებში აღმოჩნდნენ ის ორი ტერორისტი, რომლებსაც იერიში უნდა მიეტანათ „დიდ სამეულზე“, ერთს ჟურნალისტის სტატუსით, მეორეს კი თეირანის წყალგაყვანილობის სისტემიდან. სხვათა შორის, მეორე ტერორისტის მარშრუტიც ბავშვებმა გაშიფრეს. ორმა მათგანმა კუდში სდია ერთ-ერთ საეჭვო პიროვნებას. შემდგომ ეს მზვერავებს აცნობეს, რომლებმაც ის მოხერხებულად გაანეიტრალეს. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სომეხი ეროვნების ბავშვების ჯგუფმა „დიდი სამეულის“ წევრები სიკვდილისგან იხსნეს.“

სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის უსაფრთხოებაში მართლაც დიდი როლი შეასრულეს პატარა ბავშვებმა და მათ ამისთვის ჯილდოები ერგოთ. მომავალში რამდენიმე მათგანი უკვე კადრის ოფიცერიც გახდა. მაგრამ, იდეა ბერიასი იყო და იმ პერიოდისთვის ასეთი რამ, შეიძლება ითქვას, სასაცილოც კი ჩანდა. თუმცა, ბერიამ ეს „სასაცილო ამბავი“ სერიოზულ პრეცედენტად გადააქცია და შედეგიც სახეზე იყო. ფაშისტების მიერ დაგეგმილი ტერორისტული ოპერაცია „ირმის ნახტომი“ ჩაფლავდა – „დიდი სამეულის“ მეთაურები ცოცხლები და უვნებლები გადარჩნენ. ვინ იცის, როგორი შედეგით დასრულდებოდა მეორე მსოფლიო ომი, სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი რომ მოეკლათ. ბერიამ და ბავშვებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული