ბელადები

როგორ ჩართო სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.08

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მკაცრი მმართველი იყო, საჭიროებისამებრ – სასტიკიც. ეს კი გამოწვეული იყო იმ პერიოდში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც სტალინს უხდებოდა ბრძოლა და მოღვაწეობა.

აბდურახმან ავტორხანოვი: „სტალინის მოტრფიალე რომ არ ვარ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საბჭოთა კავშირიდან წავედი და სწორედ სტალინის რეპრესიებს გავექეცი. მის გასამართლებლად (თუკი ასეთი რამ შესაძლებელია) შემიძლია, ის სასტიკი პერიოდი გავიხსენო, როდესაც სტალინს უწევდა პოლიტიკური მოღვაწეობა. მეტიც – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ლენინი რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში ან სტალინის სავარძელში ტროცკი აღმოჩენილიყო, ეს ორი ადამიანი ბევრად უფრო მეტ სისხლს დაღვრიდა, ვიდრე ეს სტალინმა გააკეთა. თანაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ტროცკი ან, თუნდაც, თავად ლენინი ბოლომდე შეინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. სტალინმა კი ეს მოახერხა. მოახერხა იმ განსაკუთრებული თვისებების გამო, რაც არც ლენინს, მით უმეტეს, არც ტროცკის არ გააჩნდათ. მათ კი მხოლოდ ის აერთიანებთ (სტალინს, ლენინს, ტროცკის), რომ შეეძლოთ ყოველგვარი სინანულის გარეშე გაეღოთ მსხვერპლი – ადამიანების სიცოცხლე გამარჯვების მისაღწევად. თუმცა, ლენინი და ტროცკი ასეთ რამეზე ყოველგვარი საჭიროების გარეშეც კი დაუფიქრებლად მიდიოდნენ. სტალინს კი ასეთ შემთხვევაში „ცივი ანგარიში“ ამოძრავებდა და დაუფიქრებლად არავის სწირავდა, მათ შორის, არც სხვა ქვეყნების მოსახლეობას.

სტალინის პოლიტიკური გაანგარიშება ბევრად უფრო ზუსტი და მოგებიანი იყო, ვიდრე ლენინისა და ტროცკის ერთად აღებული. სტალინი თავის გათვლებში ყოველთვის ითვალისწინებდა გლობალურ ვითარებას. ლენინი და განსაკუთრებით კი, ტროცკი გლობალური, კეთილშობილური მიზნებით ნიღბავდნენ თავიანთ ლოკალურ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. აქედან გამომდინარე კი, ლენინი და ტროცკი ლოკალური მასშტაბის პოლიტიკოსები იყვნენ, სტალინი კი – გლობალური, პლანეტარული მასშტაბისა“.

ავტორხანოვს შესაძლოა, ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ. თუმცა, სტალინის „გლობალურობაში“ ის ასპროცენტიანია.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო. მას ნებისმიერი სიტუაციის, იქნებოდა ეს ლოკალური თუ გლობალური მასშტაბების, უტყუარი შეფასება შეეძლო. ამის მერე კი ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, რაც სიტუაციას მისი ქვეყნის სასარგებლოდ შემოატრიალებდა. ამ საქმეში მას ხელს უწყობდა ჩვენი უწყება, საბჭოთა უშიშროების სამსახური და „ჩეკისტთა“ კოჰორტის ბრწყინვალე წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში მე „დიდ სამამულო ომსა“ და ჩემს კოლეგას – რიჰარდ ზორგეს ვგულისხმობ. სწორედ ზორგემ შეასრულა უმაღლეს დონეზე სტალინის მითითება და ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო.

ცოტა შორიდან დავიწყოთ: რიჰარდ ზორგე იყო საბჭოთა დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც იაპონიაში მოღვაწეობდა. ამომავალი მზის ქვეყანაში (იაპონია) ზორგე გერმანული (ფაშისტური) ჟურნალისტის სტატუსით იმყოფებოდა. მართალია, ბაქოში იყო დაბადებული, მაგრამ ზორგე ეროვნებით გერმანელი იყო. შესანიშნავად ფლობდა რამდენიმე ენას. ჰქონდა დიდი ინტელექტი და ადამიანებთან კომუნიკაციისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის უნიკალური უნარი. რიჰარდ ზორგე ძალიან დაახლოებული იყო იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოსთან. ეს კაცი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი და მთავარსარდალი იყო. მის სიტყვას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და უპირობოდ სრულდებოდა. სწორედ ხიროხიტოს ბრძანება იყო, რომ დაერტყათ შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტზე, რომელიც პერლ-ჰარბორზე იყო ბაზირებული. ეს ბრძანება 1941 წლის 7 დეკემბერს განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა ამ რეგიონში თითქმის ასპროცენტიანი ზარალი მიიღო. მთავარი კი ის იყო, რომ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. ამით კი საბჭოთა კავშირმა იაპონიის თავდასხმა აიცილა. ეს რჩევა იმპერატორს ზორგემ მისცა, ზორგეს კი სტალინმა დაავალა“...

გენერალი პავლე ფიტინი: „სწორედ ზორგე იყო ის ადამიანი, ვინც ომის დაწყების ზუსტი თარიღი გვაცნობა. ეს კი ზორგემ ხიროხიტოსგან გაიგო, რომელიც ჰიტლერის მოკავშირე იყო. როდესაც სტალინმა სიღრმისეულად გააცნობიერა ზორგეს მნიშვნელობა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს კაცი მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საბჭოთა პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში და ამიტომაც დაავალა მას ამ მისიის შესრულება. არა და იაპონია სწორედ რომ, საბჭოეთზე აპირებდა თავდასხმას. ჰიტლერიც ამისკენ მოუწოდებდა მათ. 1941 წლის მიწურულისთვის ჩვენ ფრონტებზე სავალალო მდგომარეობა გვქონდა. იაპონიის თავდასხმა კი ნამდვილად წელში გაგვტეხდა. მართალია, ამერიკა გვეხმარებოდა, მაგრამ ოფიციალურად ომში არ იყო ჩართული. პერლ-ჰარბორმა კი ამერიკა ომში ჩართო. ოფიციალურად გახდა ჩვენი მოკავშირე და დახმარება გაათმაგდა“.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესში მოსმენა გაიმართა პერლ-ჰარბორის კატასტროფის თაობაზე. მანამდე კი ამ ტრაგედიის გამოძიება ჩატარდა. მოპოვებული დოკუმენტების გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ პერლ-ჰარბორის ტრაგედიაში ლომის წილი მიუძღოდა ზორგეს – როგორც წამქეზებელს და სტალინს – როგორც ასეთი ოპერაციის (ზორგესთვის დავალების მიცემა) ჩატარების ბრძანების გამცემს. რა თქმა უნდა, ასეთმა კომბინაციამ დიდი მსხვერპლი მოიტანა, მაგრამ სტალინს რომ ასე არ ემოქმედა, საბჭოთა ადამიანების მსხვერპლი ათასჯერ მეტი იქნებოდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...