როგორ ჩაფლავდა ანტისტალინური შეთქმულების გეგმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.12
იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც რუსეთისთვის აუწონავი სიკეთე მოიტანა და იმდენი კარგი გაუკეთა, რაც ამ ქვეყნის ერთად აღებულ ყველა მმართველს არ გაუკეთებია.
ედვარდ რაძინსკი (მწერალი): „არ ვიცი, მართლა თქვა თუ არა უინსტონ ჩერჩილმა სტალინზე – სახნისიანი ქვეყანა ჩაიბარა და თერმობირთვული სახელმწიფო დატოვაო, მაგრამ სწორედ ეს ფრაზა ასახავს სტალინის, როგორც სახელმწიფოს დიდი მმართველის ღვაწლს ქვეყნის მშენებლობაში. წინა ფრაზისგან განსხვავებით, ჩერჩილმა ნამდვილად თქვა, უფრო სწორად კი, თავის მემუარებში დაწერა: იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ღვაწლმოსილი, ძლევმოსილი მმართველია და მიუხედავად ჩვენ შორის რადიკალური განსხვავებებისა, მე მას უდიდეს პატივს ვცემო... ჩერჩილის ზემოთ თქმული სიტყვებისა არ იყოს, სტალინთან რადიკალური უთანხმოებისა და განსხვავების პრობლემა არა მხოლოდ მის საზღვარგარეთელ კოლეგა-ოპონენტებს, არამედ მის ხელქვეითებსაც ჰქონდათ. ოციანი წლების პოლიტიკურ ბატალიებში გამარჯვების შემდეგ წარმატებული ინდუსტრიალიზაციის განხორციელებამ მისი ძალაუფლება გააძლიერა. თუმცა პოლიტიკური მტრები არ მოჰკლებია და 30-იანი წლების შუა პერიოდში სტალინის განადგურებას სამხედრო ოპოზიცია ცდილობდა, მარშალ ტუხაჩევსკის მეთაურობით.“
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ტუხაჩევსკი და მისი ბანდა პროტროცკისტული წარმონაქმნი იყო. ისინი ამბიციური, ბონაპარტისტული სულისკვეთებით მოქმედებდნენ და სტალინს იმის გამო ვერ იტანდნენ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებდა და ქვეყნის მოდერნიზაციას ახორციელებდა. 30-იან წლებში სტალინმა საერთო-სახალხო სიყვარული დაიმსახურა და ძალაუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა. ეს კი სამხედროებს მოსვენებას არ აძლევდა. ტუხაჩევსკიმ და მიისმა ბანდამ სასწრაფო მოქმედება გადაწყვიტეს და სტალინის განეიტრალების გეგმა შეიმუშავეს, რაც საბოლოოდ ჩაუფლავდათ.“
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი (სპეცსამსახურების ექსპერტი, ისტორიკოსი): „სტალინის ერთგული ჩეკისტების წყალობით (ეჟოვი მათ შორის არ იყო – ის შეთქმულთა მხარეს მოქმედებდა), სტალინი ყველაფრის საქმის კურსში იმყოფებოდა და შეთქმულების გეგმებს დაწვრილებით იცნობდა. სამხედროების გეგმა კი ასეთი იყო: 1937 წლის 1 მაისს, საზეიმო დემონსტრაციისა და სამხედრო პარადის დროს მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი სტალინი უნდა აეფეთქებინათ. ამის განსახორციელებლად კი მავზოლეუმი დანაღმეს, თან აფეთქება ისეთი ძალის იქნებოდა, რომ 400 მეტრის რადიუსში ყველაფერს დაანგრევდა, დაიღუპებოდა 8-10 ათასი ადამიანი, ორჯერ მეტი კი მძიმედ დაიჭრებოდა. არსებობდა დაზღვევაც – იმ შემთხვევაში, თუკი აფეთქება ჩაიშლებოდა, ახლომდებარე შენობების სახურავებზე ორი სნაიპერი იყო ჩასაფრებული და სტალინი მათ უნდა მოეკლათ. დანაღმული იყო, ასევე, გზა კრემლიდან კუნცევოს აგარაკამდე და თუკი ორი ვარიანტი არ გაამართლებდა, მესამეს უნდა ემუშავა. ერთი სიტყვით, ამ გეგმის მიხედვით, საბჭოთა ბელადი განწირული იყო და მის ლიკვიდაციას ვერაფერი დაუდგებოდა წინ. შეთქმულებს წინასწარ ჰქონდათ თავი დაზღვეული – 1 მაისისთვის ყველა შეთქმული ქალაქიდან გასული უნდა ყოფილიყო, ზოგი – მივლინებაში, ზოგი – სამხედრო სწავლებაზე და ზოგიც – შვებულებაში ან ბიულეტენზე. სტალინმა ეს ყველაფერი უკვე 24 აპრილს იცოდა, გეგმის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე და შესაბამისი ზომებიც მიიღო. განნაღმეს მავზოლეუმი და გზატკეცილი. ორი სნაიპერი კი პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მათი განეიტრალება მაშინვე უნდა მომხდარიყო, როგორც კი სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე ავიდოდა: 30 აპრილს კი სტალინმა ყველა მივლინებული და ამა თუ იმ მიზეზით გარიდებული შეთქმული კრემლში გამოიძახა და პარადზე დასწრება დაავალა. არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის გარეშე სამხედრო პარადი ბრწყინვალებას დაკარგავსო. ასე რომ, ყველა შეთქმული ადგილზე იყო და ისინი სტალინთან ერთად მავზოლეუმის ტრიბუნაზე ავიდნენ. პარადის დასრულების შემდეგ კი მშვიდობიანად წავიდ-წამოვიდნენ. თუმცა, მალევე მათ „ენკავედემ“ მიაკითხა. ისინი დააპატიმრეს, ერთმა მათგანმა კი მოასწრო და თავი მოიკლა. მათ უდავო ფაქტები დაუდეს წინ, არანაირი ძალადობა არ ყოფილა საჭირო, ყველა შეთქმულმა დანაშაული აღიარა. ისინი დახვრიტეს და სტალინმა ამით მეხუთე კოლონა მეტად საჭირო დროს – დიდი სამამულო ომის წინ – გაანადგურა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




