ბელადები

როგორ ჩაიშალა, ბერიას ძალისხმევით, ამერიკის შეერთებული შტატების შესვლა „ღერძის კავშირში“

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 02.07, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას მიერ შექმნილი სტრატეგიული დაზვერვა მსოფლიოში საუკეთესო იყო და ლომის წილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის პოლიტიკის წარმატებაში გლობალურ ფრონტზე.

იაკობ კედმი: „ბერია ნატურით მზვერავი იყო, ანუ, რომ იტყვიან, მზვერავად დაბადებული. ამ ადამიანმა დაზვერვაში როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად ისეთი მეთოდები დანერგა, რამაც უდიდესი ბიძგი მისცა ამ დარგის განვითარებას. მეტიც, სწორედ ბერიამ დაყო პირველად დაზვერა ორ ძირითად დარგად – ჩვეულებრივ და სტრატეგიულ დაზვერვად. მანვე შემოიღო დაზვერვაში, ეგრეთ წოდებული, მიკროტექნოლოგიები, რაც საშუალებას იძლეოდა ფართომასშტაბიანი და საფუძვლიანი თვალთვალით ინფორმაციის მოპოვებას.“

ბერიამ პირველმა დაინახა მიკროელექტრონიკის ძირეული როლი დაზვერვაში. ამ დარგის განვითარებას შეუწყო ხელი და ამ საქმეში საკუთარი ვაჟიც ჩართო. ჯერ კიდევ 30-იანი წლების მიწურულს გაჩნდა „ენკავედეს“, ეგრეთ წოდებული, „ჭკვიანი ნივთები“ (ფოტოკამერიანი სათვალეები და საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმლის ატრიბუტიკა – ღილები... და ასე შემდეგ) და ეს დეტალები ძალიან დიდ უპირატესობას უქმნიდა საბჭოთა სტრატეგიულ მზვერავებს თავიანთი საქმიანობის წარმატებით შესრულებაში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მავანს ბერია შესაძლოა, მხოლოდ ტექნოკრატად მიაჩნდეს და ამბობდეს, სხვას არაფერს წარმოადგენდაო, თუმცა, ეს მცდარი მოსაზრებაა და ამ ადამიანის ღირსებებს აკნინებს. ბერია ძლიერი ანალიტიკოსი და პოლიტიკაში ღრმად განსწავლული ადამიანი იყო. ის სტალინის არაოფიციალური მრჩეველი იყო და საბჭოთა ბელადს პოლიტიკის „კეთებაში“ დიდად ეხმარებოდა. ამას კი „ენკავედეში“ შემოსული ინფორმაციის სწორი გაშიფვრისა და ანალიზის შედეგად აკეთებდა, რაც მას მთელი მსოფლიოდან მოსდიოდა. აი, მაგალითად: 1939 წლის ივლისში, ბერიას ერთ-ერთი სტრატეგიული აგენტისგან მიუვიდა ოთხსაათიანი კონფიდენციალური შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი. შეხვედრა იტალიის დედაქალაქ რომში მუსოლინისა და ჰიტლერს შორის გაიმართა. მას, აგრეთვე, ესწრებოდნენ უმაღლესი სამხედრო მაღალჩინიანები და საგარეო საქმეთა მინისტრები ორივე მხრიდან. ამ შეხვედრაზე წყდებოდა მომავალი „ღერძის სახელმწიფოთა“ კავშირის ჩამოყალიბების საკითხი (1940 წლის 27 სექტემბერს ეს კავშირი ოფიციალურად გაფორმდა იაპონიას, იტალიასა და გერმანიას შორის და იაპონია აღიარებდა გერმანიისა და იტალიის ლიდერობას ახალი წესრიგის დამყარების საკითხში). იმ შეხვედრაზე კი ორი ფაშისტური სახელმწიფოს ლიდერი ბჭობდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ კავშირში შეერთებული შტატების შეყვანა თუ არა, მათგან ოფიციალური დახმარების მიღება მაინც. დახმარების საკითხი კი, ფაქტობრივად, მიღწეული იყო პრეზიდენტ რუზველტთან. ეს კი უდიდესი დარტყმა უნდა ყოფილიყო საბჭოეთისთვის. ამ საუბრის დროს მუსოლინიმ რუზველტის დაცინვა დაიწყო და ასეთი ფრაზა თქვა: ამერიკას კი არა, მსოფლიოს არ ჰყოლია ისეთი დავრდომილი მმართველი, რომელიც საკუთარი ფეხით ვერ შედის ტუალეტშიო. იყო სხვა ფრაზებიც, როგორც რუზველტის, ასევე ამერიკელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ბერიამ რამდენიმეჯერ გულდასმით მოისმინა ეს ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთ დამსწრეს, სინამდვილეში სტრატეგიული აგენტის, სამხედრო მუნდირში ოსტატურად ჩამონტაჟებულმა მინიატურულმა დიქტოფონმა ჩაიწერა. შემდეგ ბერიამ იმ პერიოდისთვის შესაბამისი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ანალიზი გააკეთა. ყველაფერი პირადად გადაბეჭდა და დასკვნითურთ, სტალინს მაგიდაზე დაუდო. სტალინს კი გონების დიდი დაძაბვაც არ დასჭირვებია, ისე უბრძანა ბერიას – ისე მოაწვეთ, რომ ეს ჩანაწერი „თეთრ სახლში“ რუზველტს ჩაუვარდეს ხელშიო. ასეც მოხდა და როგორც შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეობის მემუარებიდან გაირკვა, რუზველტი უკიდურესად აღშფოთდა და ფაშისტურ სახელმწიფოებთან ყოველგვარ საქმიანობას სასტიკი ვეტო დაადო.“

ამ ისტორიაში საგულისხმო ისაა, რომ ბერიამ „ათიანში მოარტყა“ და ერთი მხრივ, ზეწოლა სუფთა პიროვნულ ფაქტორზე განახორციელა (რუზველტის ინვალიდობა), მეორე მხრივ კი, ფაქტობრივად, თვალი აუხილა მერყევ ამერიკელ პოლიტიკოსებს და უჩვენა ფაშისტი ლიდერების ჭეშმარიტი სახე. დაანახვა ის, რომ მათი არანაირი ნდობა არ შეიძლებოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინმა ბერიას აბსოლუტური ანალიზის გაცნობის შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ფაშისტურ სახელმწიფოებს შორის მომენტალურად გაფუჭდა ურთიერთობები, ჰიტლერთან და მუსოლინისთან დაახლოების გზები გამონახა, რითაც დრო მოიგო. ამაში კი ბერიას ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.“

ბრძენის ნათქვამია, ყველაფერი დეტალებში წყდებაო და სწორედ რომ, აქედან გამომდინარეობს ბერიას მთელი სპეცსამსახურული მოღვაწეობა. ბერიას რომ სხვებზე ადრე არ „მოეტვინა“ ტექნიკის, კონკრეტულად მიკროელექტრონიკის, პრიორიტეტული როლი დაზვერაში, მაშინ მთელი ეს ზემოთ აღნიშნული ისტორია შესაძლოა, ისე სასარგებლოდ არ წარმართულიყო საბჭოეთისთვის, როგორც წარიმართა. სხვათა შორის, ბერიამ ის შეცდომა არ დაუშვა, რაც ნაპოლეონმა. როდესაც მან (ბონაპარტმა) ვერ გაიგო ორთქლისძრავიანი გემის უპირატესობა იალქნიანთან შედარებით, არ დააფინანსა ასეთი გემების აგება და ტრაფალგარის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა, რამაც საბოლოო წერტილი დაუსვა მის კარიერას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი