ბელადები

როგორ ჩაისახა მიკროელექტრონიკა ბერიას წყალობით

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 20.10

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა კავშირის მთავარი და ძლიერი ბურჯი იყო. მისი ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების წყალობით, სახელმწიფომ უდიდეს წარმატებებს მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც...

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერია საბჭოთა უშიშროების სამსახურის რეფორმატორი, შემოქმედი და დიდებული ხელმძღვანელი იყო. ბერიამ იმდენი მოახერხა, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს ანალოგიურ სისტემებს შორის და ამან ახალგაზრდა სახელმწიფო, ანუ საბჭოთა კავშირი, განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანა. ხატოვნად რომ ვთქვა, ბერიას მიერ დანერგილმა იდეებმა არნახული პროგრესი გამოიწვია და „ენკავედეში“ განხორციელებული ინოვაციები შემდგომ სხვა დარგებსაც დაედო საფუძვლად. მარტო მიკროელექტონიკა რად ღირს?! თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა მიკროელექტრონიკას ფუძემდებელი იყო.“

სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ვაჟი იხსენებდა: „მამაჩემი ძალიან ცნობისმოყარე ადამიანი იყო და მავანმა შეიძლება, თქვას, რომ ეს მისი პროფესიიდან გამომდინარეობდა. მამა ხომ მრავალი წლის განმავლობაში უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბჭოთა უშიშროების სისტემას, სიცოცხლის ბოლომდე კი მისი კურატორი იყო. თუმცა ერთია, იყო ცნობისმოყვარე და მეორეა ამ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე ღრმად სწვდებოდე ამა თუ იმ საჭირო საკითხს. სწორედ ამ თვისებით იყო დაჯილდოებული მამაჩემი. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა მამა საქართველოს „ჩეკას“ ხელმძღვანელობდა, მან გენერალ სერგო გოგლიძეს დაავალა, რომ მას (გოგლიძეს) საგანგებო შეკრებაზე ელექტრონიკის სპეციალისტები მოეწვია და როდესაც ასეთი შეკრება შედგა, მამამ მათ შესთავაზა, შეექმნათ მიკროელექტრონული მოწყობილობები, „ჩეკას“ საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე. თავდაპირველად მეცნიერები ვერაფერს მიხვდნენ და მამამ დააკონკრეტა:

– ამხანაგებო, მე მჭირდება ასანთის კოლოფისოდენა ხმის მიმღები მოწყობილობა და შესაძლებელია, ასეთი რამის გაკეთება?

პროფესორი ანტონ ჯაში ამდგარა და უთქვამს:

– სავსებით შესაძლებელია, ამხანაგო ბერია. მაგრამ იმ პირობით, თუკი უკვე არსებული მოწყობილობის დეტალებს ოცჯერ-ოცდახუთჯერ შევამცირებთო.

ჯაშის ნათქვამი ირონიით იყო გაჯერებული. მამამ კი ეს არ შეიმჩნია და პროფესორს უთხრა:

– ესე იგი, მიკროელექტრონული ნაწილებია საჭიროა და მიდით, იმუშავეთ ამ საკითხზე. ჩვენ კი ყოველმხრივ ხელს შეგიწყობთო...

ეს ისტორია პირადად მამამ მოგვიყვა მე და დედას, თან ასეთი კომენტარი გააკეთა: ჯაშს ბამბის ფერი დაედო და ალბათ, იფიქრა, ჩემი საქმე წასულია და დამაპატიმრებენო... მე კი გავუღიმე და დავაყოლე:

– ამხანაგო პროფესორო, შექმენით შესაბამისი ლაბორატორია და სია წარმომიდგინეთ, რამდენი რა გჭირდებათ და ერთ კვირაში გელოდებით-მეთქი. და მართლაც, ერთი კვირის შემდეგ პროფესორმა იმ ყველაფრის სრული სია მომიტანა, რაც სჭირდებოდა და კიდევ ერთი კვირის შემდეგ უკვე მუშაობა გაჩაღდა.

ასე დაედო საფუძველი მიკროელექტრონიკას და ამ სფეროში მეც ვმოღვაწეობდი უკვე მას მერე, რაც უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დავამთავრე.“

სერგო ბერიამ არ დააკონკრეტა, რომ ლაბორატორიაში, მიკროელექტრონიკის გამოყენებით, პირველად, ეგრეთ წოდებული, „ჟუკი“ შექმნა, ანუ, ფარული მოსმენის მოწყობილობა. თავად სერგო ბერიაც ქმნიდა ასეთ მოწყობილობებს, უკვე მოსკოვში და ნიშანდობლივია, რომ იალტის კონფერენციის დროს ასეთი „ჟუკები“ ჩერჩილისა და რუზველტის ოთახებში იყო დამონტაჟებული. დაახლოებით, ორმოციანი წლების მიწურულს დაიწყეს, ეგრეთ წოდებული, მიკროჩიპების შექმნა. მაშინ ეს ჩიპები სიგარეტის კოლოფის ზომის იყო და სარაკეტო მოწყობილობაში გამოიყენებოდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „სწორედ ლავრენტი ბერიას იდეა იყო, რომ მიკროლექტრონული მოწყობილობები სარაკეტო ტექნიკაში გამოეყენებინათ და ეს იდეა ბერიამ სერგეი კოროლიოვს მიაწოდა. ამ უკანასკნელმა კი ეს ყოველივე უკვე კომოსურ წარმოებაში გადაიტანა და დიდი წარმატებით გამოიყენა. მიკროელექტრონიკაზე იყო დამყარებული როგორც სპეციალური უშიშროების სამსახურისთვის გამიზნული „გაჯეტები“, ანუ მიკროჯაშუშური მოწყობილობილობები, ასევე დიდი სიზუსტის სამხედრო იარაღები... სხვათა შორის, ბერიას წყალობით, მეოცე საუკუნის სამოციანი წლების შუა პერიოდამდე ამ ყოველივეს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა და ამ კუთხით მყარად ვლიდერობდით“.

როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე პოსტ-სტალინური პერიოდის საბჭოთა კავშირში, ბერიას მიერ დანერგილი ყველა ინოვაცია თუ ტექნიკური სიახლე მისმა, ეგრეთ წოდებულმა, მემკვიდრეებმა გაანიავეს. მიკროელექტრონიკამ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ანუ ბერიას მიერ დანერგილმა გენიალურმა სიახლემ, დასავლეთს დიდი პროგრესის საშუალება მისცა. საბჭოეთში კი, ბერიას სიკვდილის შემდეგ, მას სათანადო ყურადღება არ მიექციეს, ამიტომ მისი განვითარება საგრძნობლად შენელდა, ნაწილობრივ შეწყდა კიდეც.. შესაბამისი დასავლური ორგანოები კი, ამ კუთხით, „კაგებეს“ გაუთანაბრდნენ, ხოლო სამხედრო კუთხით გაასწრეს კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა