ბელადები

როგორ ათვინიერებდა სტალინი საბჭოთა ხელოვანებს

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.11

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი, მართალია, ერთპიროვნული მმართველი იყო და აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა, მაგრამ ის სხვა ერთპიროვნული მმართველობისგან განსხვავებით, ძალიან ნაკითხი ადამიანით იყო. შესანიშნავად ერკვეოდა ლიტერატურაში და უნიჭო მწერლებსა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებს არ აჭაჭანებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინი ძალიან ნაკითხი ადამიანი იყო და უვიცებს ვერ იტანდა. სტალინი თავად იყო პოეტი, პუბლიცისტი და თან, საკმაოდ მაღალი დონისა. ცნობილი კრიტიკოსები, ლიტერატორები და პუბლიცისტები, რომლებიც კარგად იცნობდნენ სტალინის როგორც პოეზიას, ასევე, პუბლიცისტიკას, აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკოსი სტალინი ძლიერია, მაგრამ პოეტიც ძალიან დიდი იქნებოდაო... ცნობილი ფაქტია, რომ სტალინის ლექსით თვით ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანდა. პატარა სოსელოს დიდი პოეტური მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ მან (სტალინმა) სხვა გზით სიარული აირჩია.

სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა კოჰორტა, რომელიც მართალია, სოციალიზმსა და პირადად სტალინს ასხამდა ხოტბას, მაგრამ ისინი ქმნიდნენ გენიალურ ნაწარმოებებს ხელოვნების ყველა დარგში. განსაკუთრებით კი ლიტერატურაში. მართალია, ბევრი ნაწარმოები თაროზე შემოიდო, მაგრამ სტალინი საგულდაგულოდ ეცნობოდა მათ და აღფრთოვანებული იყო მათი სიღრმით. სტალინს, რაც გასაკვირი არაა, საყვარელი მწერლებიც ჰყავდა, ვისაც განსაკუთრებით სწყალობდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ალექსეი ტოლსტოი, რომელსაც სტალინი „წითელ გრაფს“ უწოდებდა (გრაფ ლევ ტოლსტოის ანალოგით). ალექსეი ტოლსტოი საბჭოთა მწერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისზეც კოლეგები ამბობდნენ, ყველაფერი აქვს ნებადართულიო. სტალინურ სახელმწიფოში არავის ეძლეოდა ყველაფრის ნება. თვით სტალინიც კი არასდროს გადადიოდა „წითელ ზოლებს“. ალექსეი ტოლსტოის ნებადართულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მას წიგნებიდან მილიონიანი შემოსავლები ჰქონდა. მათ ნაწილს მწერალი სხვადასხვა ფონდში რიცხავდა. საკმაოდ დიდი ნაწილით კი ქონებას იძენდა. მათ შორის საზღვარგარეთაც და ამაში მას წინააღმდეგობა არ ხვდებოდა. მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი მწერლის მეუღლის ბრილიანტების უძვირფასესი კოლექციის შესახებ. ალექსეი ტოლსტოის ეს სამკაულები, ძირითადად, საფრანგეთში ჰქონდა შეძენილი. უცხოეთში ალექსეი ტოლსტოის სტალინი დიპლომატიური მისიისთვისაც იყენებდა და მწერალი ბელადის პირად დავალებებსაც ასრულებდა. ტოლსტოი სტალინის დავალებით ხვდებოდა გამოჩენილ ხელოვანებს. მათთან საბჭოთა კავშირისა და სტალინის პროპაგანდას ეწეოდა და დიდი წარმატებითაც. სხვადასხვა ევროპელი ხელოვანები (ძირითადად, მწერლები) ხშირად ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირში. ხვდებოდნენ სტალინს, ეცნობოდნენ ქვეყანას და უკან დაბრუნებულები ხოტბას არ იშურებდნენ ქვეყნისა და სტალინის მიმართ. ანრი ბარბიუსი, ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ თუ სხვები აღფრთოვანებული იყვნენ საბჭოთა ბელადით და ქება-დიდებას არ იშურებდნენ მის მიმართ. ალექსეი ტოლსტოის თითოეული მათგანი წინასწარ ჰყავდა „დამუშავებული და მომზადებული“ და სტალინიც კმაყოფილი იყო ამით.

საბჭოთა ბელადი საკმაოდ გამოცდილი მკითხველი იყო და რომ იტყვიან, სხვებზე უკეთ შეეძლო, წაეკითხა ის, რაც „სტრიქონებს შორის ეწერა“... სტალინს ვერანაირ ალეგორიას ვერ გამოაპარებდი, ის ყველაფერს ზუსტად ამოიცნობდა ხოლმე. საგულისხმო ისტორიაა დაკავშირებული ალექსეი ტოლსტოის საბავშვო მოთხრობა „ბურატინოს თავგადასავალთან“. ამ, ერთი შეხედვით, საბავშვო ზღაპარში სტალინმა საბჭოთა კავშირის ანალოგია დაინახა და ერთ-ერთი შეხვედრის დროს მის ავტორს სიცილით უთხრა:

– ამხანაგო ტოლსტოი, ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ მე ყარაბას-ბარაბასი ვარ და თქვენ კი – მარიონეტები ჩემს ხელში?

ეს სცენა სტალინის სამუშაო კაბინეტში გათამაშდა, სადაც სტალინური პრემიების მინიჭების საკითხები განიხილებოდა და ალექსეი ტოლსტოი კი კომისიის წევრი იყო.

მწერალი მიხეილ შოლოხოვი იხსენებდა: „სტალინმა ეს სიტყვები მისთვის ჩვეული იუმორით წარმოთქვა, მაგრამ ალექსეი ტოლსტოის ცარცისფერი დაედო სახეზე, მოგრძო თმები კი ლამის ყალყზე დაუდგა... მან სტალინს მიუგო:

– არა, რას ბრძანებთ? ამხანაგო სტალინ. ყარაბას-ბარაბასი ბოროტი ადამიანია, რომელიც თოჯინების ექსპლუატაციით ფულს შოულობს. თქვენ კი ჩაგრულთა ქომაგი ბრძანდებით და ბოროტთან მებრძოლი.

სტალინს გაეცინა და მისთვის ჩვეული ქარაგმით თქვა:

– თქვენ არ თქვით ყარაბას-ბარაბასს ებრძვიო და მანდ ასეთი ბურატინოა. ესე იგი, მე ვარ ბურატინო?

ტოლსტოის ენა ჩაუვარდა. სტალინმა კი მას ჭიქით წყალი მიაწოდა და უთხრა:

– რა გჭირთ, ამხანაგო ტოლსტოი. ეს ხომ მხოლოდ ხუმრობა იყო.

აი, ასეთ დღეში ჩაგდება შეეძლო სტალინს, ზოგჯერ თავისი „ლუბიმჩიკებისაც“ კი.“

შოლოხოვისნაირი მონათხრობები სტალინზე სხვა ხელოვანებსაც აქვთ. ამით საბჭოთა ბელადი თავის ადგილზე სვამდა „ლუბიმჩიკებსაც“ კი და მათი მოზღვავებული ენერგია უმალვე იქცეოდა ხოლმე საჭირო ჩარჩოებში. სტალინის ასეთი ხერხი ყველა საბჭოთა, გამოჩენილ მწერალსა თუ ხელოვანს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა