როგორ არჩევდა სტალინი კადრებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.05

იოსებ სტალინს ეკუთვნის ფრაზა „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ და ეს ფრთიანი გამონათქვამი საბჭოთა ბელადმა სრულად განახორციელა პრაქტიკაში.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინს კადრების შერჩევის უნიკალური უნარი ჰქონდა. ის, რომ იტყვიან, რენტგენივით აშუქებდა ადამიანის სულსა და გონებას და იქ შეცდომა გამორიცხული იყო. თუკი იტყოდა, ეს კადრი გამოგვადგებაო, აუცილებლად გამართლდებოდა, მის მიერ დანიშნული კადრი კი ასი პროცენტით შეასრულებდა მინდობილ საქმეს. რაღა შორს წავიდეთ და სტალინმა ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში დაადგა თვალი ბერიას. პირადად მე მითხრა: ეს კაცი უძვირფასესი კადრია, დიდ საქმეებს გააკეთებსო და ასეც მოხდა. ეს, რაც შეეხება „შიდა სამზარეულოს“. ხოლო საგარეო ასპარეზზე სტალინი კადრებს კომინტერნში (კომუნისტური ინტერნაციონალი) არჩევდა და სწორედ იქ აღმოაჩინა გიორგი დიმიტროვი, იოზიპ ბროს ტიტო, ენვერ ხოჯა და სხვა მრავალი მომავალი ლიდერი. შემდგომ კი, ასევე, სტალინის ხელშეწყობით, ეს ადამიანები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე და ზოგიერთის გამოკლებით, ერთგულება ბოლომდე შეინარჩუნეს. დიდი საქმეები აკეთეს და თვალსაჩინო მოღვაწეები გახდნენ.“
დიმიტრი ლიხაჩოვი (აკადემიკოსი): „სტალინი არა მარტო პოლიტიკური და სამეურნეო კადრების შერჩევაში იყო მარჯვე, არამედ სხვა სფეროებშიც, მაგალითად, ხელოვნებაში. საბჭოთა ბელადს შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა. მხატვარზე თუ იტყოდა, დიდი მხატვარიაო, ეს ასეც იყო. იგივე ითქმის მწერლებზე, პოეტებსა და პუბლიცისტებზე. მართალია, სტალინი სოციალისტური რეალიზმის მიმდევარი იყო და ხელოვნების მუშაკებს ერთგვარად შეზღუდულიც კი ჰქონდათ თავისუფლება და სოცრეალიზმის ჩარჩოებში უნდა ჩატეულიყვნენ, მაგრამ ნებისმიერი სტალინისტური პერიოდის ხელოვნების ნიმუშები, მხატვრობა იქნება ეს ქანდაკება თუ პოეტურ-ლიტერატურული ნაწარმოები, უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის იყო. გახსენებისთვის ზოშჩენკო და ბულგაკოვიც კმარა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე... ანდა, ვერა მუხინას ქანდაკება რითია ნებისმიერ სხვაზე ნაკლები? ვგულისხმობ შედევრს – მუშისა და კოლმეურნე ქალის ქანდაკებას. იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთი ხელოვანი სოცრეალიზმის ჩარჩოებს სცილდებოდა, მაგრამ თუ ის კარგი ნაწარმოები იყო, სტალინი მათზე ამბობდა – ჯერ ადრეა ხალხისთვის ჩვენებაო და თაროზე შემოდებდა ხოლმე. ამ კუთხით ისევ ბულგაკოვი და ზოშჩენკო გავიხსენოთ. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ თავად სტალინი იყო როგორც კარგი პოეტი, ასევე პროზაიკოსი. მარტო მისი ლექსი „დილა“ რად ღირს? სხვათა შორის უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბევრი კრიტიკოსი ამბობდა: სტალინი რომ რევოლუციონერი არ გამხდარიყო, დიდი პოეტი იქნებოდაო და ეს აზრი პირველად ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა, რაშიც მე სრულიად ვეთანხმები დიდ ქართველ მოაზროვნეს.“
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი ასი პროცენტით ხარჯავდა ენერგიას ნებისმიერ საქმეზე და ანალოგიურს მოითხოვდა და თუკი შეამჩნევდა, რომ ვინმე თავს ზოგავდა, უმკაცრესად სჯიდა. საქმე შეიძლება, ციხემდე და უმაღლეს სასჯელამდეც კი მისულიყო. თუ ეს სისასტიკე და დაუნდობლობაა, მაშინ საბჭოთა ბელადი სასტიკი და დაუნდობელი იყო. თუმცა, ეს ასე არაა და სტალინის დაუნდობლობა დიდ საქმეს აკეთებდა. სტალინი ვერ იტანდა ტყუილსა და თვალთმაქცობას. უმალვე გაშიფრავდა ხოლმე ასეთ ადამიანს და ვაი, მისი ბრალი. ხოლო თუკი მატყუარა ისეთი ადამიანი აღმოჩნდებოდა, ვისი დასჯაც კანონით არ შეიძლებოდა, სტალინი მას გააზრებული სვლით უპასუხებდა... ჩერჩილი, მაგალითად, ყოველთვის ცდილობდა, სტალინის გაცურებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თავად რჩებოდა სტალინისგან გაცურებული. სხვათა შორის, თავად ჩერჩილმა აღიარა ეს ფაქტი თავის მემუარებში. ბრიტანელი პრემიერი წერდა: „სტალინის მოტყუება, მისთვის ტვინის არევა გამორიცხული იყო. თავად სტალინი კი ნებისმიერს აურევდა ტვინს, გააცურებდა მას და ეს მე საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიე...“ ჩერჩილი ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე ცდილობდა სტალინის გაცურებას, შემდგომ – ყირიმის კონფერენციაზეც. მაგრამ, სტალინმა ბრიტანელ ლომს არაფერი დაუთმო და საბოლოო ჯამში, თავისი გაიტანა. სტალინს განსაკუთრებული საზრიანობა ახასიათებდა. რომ იტყვიან, „სიტყვისთვის ჯიბეში არასდროს ძვრებოდა“. ენამახვილ ოპონენტს ასმაგი ენამახვილობით პასუხობდა და ჟარგონით რომ ვთქვათ, „მოაკეტინებდა“ ხოლმე...
ამგვარად, სტალინი პოლიტიკური მოღვაწის იდეალი იყო. ის ადამიანი, ვინც იატაკქვეშელობით დაიწყო მოღვაწეობა, იდეისთვის იბრძოდა და ბოლოს უზარმაზარი ქვეყნის ლიდერი გახდა, რომელიც თავად ააშენა. განა ბევრი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ლიდერი? ისინი სულ თითზე ჩამოსათვლელნი არიან და იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უპირველესია მათ შორის. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სტალინს სემინარიული განათლება ჰქონდა. მომავალმა ბელადმა ქრისტიანული კულტურა კარგად შეითვისა და სოციალისტური დოქტრინის ლოზუნგით, ის უზარმაზარ ქვეყანაში დაამკვიდრა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან