ბელადები

როგორ აიძულა სტალინმა მაო ძედუნი, კორეის ომში ჩართულიყო

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.02, 2023 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი, ეგრეთ წოდებული, „რეალ პოლიტიკის“ ფუძემდებლადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს ადამიანი ყოველთვის იმ რეალობის გათვალისწინებით მოქმედებდა, რომელიც არა მარტო მოცემულ მომენტში იყო, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა შეიქმნებოდა უახლოეს პოლიტიკურ მომავალშიც.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი თითქმის ყოველთვის „დასწრებაზე თამაშობდა“... ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარდაუვალი პოლიტიკური მოვლენებისთვის ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო და სტალინი ყოველთვის ახერხებდა ამას. ავიღოთ, თუნდაც, კორეის ომი. იმ პერიოდში აშკარა გახდა, რომ მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კორეაში ომი გარდაუვალი იყო. ჩვენ საამისოდ მომზადებული ვიყავით და ერთი შეხედვით, ჩინეთის სახით საიმედო მოკავშირე გაგვიჩნდა. სტალინი და მაო შეთანხმებული იყვნენ, რომ როგორც კი საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ჩინეთი დიდი ძალებით ჩაებმებოდა მასში, ხოლო საბჭოთა კავშირი კი შეიარაღებითა და სხვა საშუალებებით დაეხმარებოდა. და მართლაც, ჩინეთი ჩაება ამ ომში, მაგრამ მაომ მშვიდობის მტრედის მანტიის მორგება სცადა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დროზე ადრე დაიწყო საჯარო რიტორიკა. სტალინს ეს არ მოეწონა და მაოს ჭკუაზე მოყვანა დამავალა. პეკინში გამგზავნა და გამგზავრების წინ მითხრა:

– ხომ გახსოვს, მაოზე რას გეუბნებოდი ადრე?

მე გამეცინა და ვკითხე:

– ბოლოკს გულისხმობ? (სტალინმა ერთხელ მითხრა: მაო ბოლოკივითაა, გარედან წითელია, შიგნიდან კი თეთრი და ამას მანამდე ვერ იხილავ, სანამ არ გათლიო);

– ჰო. ბოლოკს. კორეის მოვლენებმა მაო გათალა და მისი სითეთრე გამოაჩინა. ამიტომ მას უთხარი: შენი ოპოზიცია კორეაში ბრძოლის მომხრეა და სტალინს უკვირს მათი სწორი პოზიცია და შენი – არასწორიო...

სიმართლე რომ გითხრათ, მაოსთვის ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ სტალინმა მიბრძანა და რა უნდა მექნა? ვუთხარი და ამან მაგიურად იმოქმედა. მაოს „მშვიდობიანი“ რიტორიკა მაშინვე შეწყდა. ხოლო კორეაში მობილიზებულმა ჩინურმა ძალებმა ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და მართალია, სტალინი კმაყოფილი იყო ამით, თუმცა მაოსადმი ნდობა აღარ აღუდგენია და სიცოცხლის ბოლომდე მას ბოლოკს უწოდებდა.“

მართალია, ბურჟუაზიული ისტორიკოსები და პოლიტოლოგები კორეის ომის გამჩაღებლად სტალინს ასახელებენ, მაგრამ ეს სიცრუეა. სტალინს ეს ომი არაფერში სჭირდებოდა, თუკი, რა თქმა უნდა, კორეის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდების სურვილზე უარს იტყოდა შეერთებული შტატები და კორეელებს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კორეაში პროვოკაციები დაიწყეს და ომიც გაჩაღდა. როგორც უკვე აღინიშნა, სტალინი ამ ომისთვის საფუძვლიანად იყო მომზადებული და ვარიანტებიც გათვლილი ჰქონდა. საბჭოთა ბელადმა წინასწარ იცოდა, რომ კორეა, ისევე როგორც გერმანია, ორად გაიყოფოდა და ესეც კი გათვალისწინებული ჰქონდა..

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს კორეის ომი არაფერში წაადგებოდა, თუნდაც, ეკონომიკური კუთხით, რომ არაფერი ვთქვათ სუფთა გეოპლიტიკურ ასპექტებზე და ის, მართლაც რომ, ჩაითრიეს ამ ბატალიებში. ამასთანავე, სტალინს არც მთლიანი კორეის გაწითლება სჭირდებოდა, არც ეკონომიკური კუთხით და არც ისტორიულ-გეოპოლიტიკურად. ასეთ შემთხვევაში სტალინი ბევრად წაგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა და სწორედ ამიტომაც უბრძანა (უბრძანა, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ) მაოს, რომ მთელი კორეა არ დაეპყროთ. ამ ბრძანების შესახებ, რა თქმა უნდა, ამერიკელებმაც იცოდნენ და თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში ტრუმენს უთქვამს (სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო): სტალინმა უკვე მერამდენედ მომატყუა, ახლა უკვე სიკვდილის მერეცო. მოტყუებაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმას გულისხმობდა, რომ „წითლებმა“ მთელი კორეა არ დაიპყრეს და გეოპოლიტიკის მძიმე ტვირთი დიდი ხნის განმავლობაში შეერთებულ შტატებსაც აჰკიდეს. არადა, კორეა რომ მძიმე გეოპოლიტიკური ტვირთია როგორც საბჭოეთისთვის, ასევე ამერიკისთვის, დადასტურებული ფაქტია. ასე რომ, ამ მძიმე ტვირთით მომზადებული შეხვდა სტალინი წამოწყებულ ომს და რომ იტყვიან, ბოლომდე მიჰყვა თამაშს და „ეს საკენკი არ ჭამა“.

დღესდღეობით გეოპოლიტიკური ვითარება ამ რეგიონში სულ სხვაა და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ იდეოლოგიურადაც მოიგო და გეოპოლიტიკურადაც. კომუნისტური კორეა „მთლად“ სტალინურად ვერ განვითარდა. ჩინეთმაც სხვა პოზიცია დაიკავა, მაგრამ იმდროინდელ რეალობაში, იმ მსოფლიო გეოპოლიტიკაში და გლობალური მოწყობის სქემაში სტალინი გამარჯვებული გამოვიდა და ამას თვით ანტისტალინისტებიც კი არ უარყოფენ.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი