ბელადები

როგორ აღმოჩნდა ანასტას მიქოიანი ბერიას მტერთა ბანაკში

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.07, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მიზანდასახული ადამიანი იყო, მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს იყენებდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავის ნიჭს, გონებასა და განათლებას. თუმცა, როცა დაინახავდა, რომ სხვა გზა არ იყო, არც „ჩეკისტურ“ მეთოდებს ერიდებოდა.

იური სოკოლოვი (მწერალი): „ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა და მას, რა თქმა უნდა, არ ავიწყდებოდა საქართველო. ბერიას გულწრფელად უყვარდა თავისი სამშობლო და ცდილობდა, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, მეტი სარგებელი მოეტანა მისთვის. სწორედ ბერიამ გადააქცია რუსეთის იმპერიის ეს პერიფერიული კუთხე მოწინავედ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს ევროპაში. ბერია, ძირითადად, პატიოსანი მეთოდებით მოქმედებდა, საყოველთაოდ ანუ მიღებულ კაცობრიულ თუ კანონმდებლურ ნორმებს არ არღვევდა. თუმცა, თუკი მისი ჩანაფიქრის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა, მაშინ ბერია „ჩეკისტურ“ მეთოდებზე გადადიოდა. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავს მეთოდებს ბერია მაშინ იყენებდა, როცა მის წინააღმდეგ აშკარად მტრულად იქცეოდნენ. სწორედ ასეთი დაპირისპირება მოუვიდა ბერიას მიქოიანთან 1934 წელს. იმ პერიოდში სტალინმა ანასტას ივანოვიჩი (მიქოიანი) კვების მრეწველობის სახალხო კომისრად დანიშნა და ამ დარგის განვითარება დაავალა. მიქოიანი ენერგიულად შეუდგა საქმიანობას და ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. მისი ინიციატივა იყო, ეგრეთ წოდებული, კატეგორიების მინიჭება რესპუბლიკებისთვის, ანუ დადგინდა 4 კატეგორია. ეს კატეგორიები რესპუბლიკებს საჭიროებისა და მნიშვნელობის მიხედვით ენიჭებოდათ. პირველი კატეგორიის რესპუბლიკები პროდუქტის სრული კომპლექტით მარაგდებოდნენ, მეორე – ნაკლებად და ასე შემდეგ – მეოთხემდე. იმ პერიოდში ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიის „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და ყველაფერზე აგებდა პასუხს. ისე მოხდა, რომ მიქოიანმა სომხეთი მეორე კატეგორიაში ჩასვა, საქართველო – მესამეში და აზერბაიჯანი კი – მეოთხეში. ასეთმა შეფასებამ ბერია უკიდურესად აღაშფოთა, რადგან ასეთ დაყოფაში უსამართლობა დაინახა. საქართველო და აზერბაიჯანი სომხეთზე მოწინავე რესპუბლიკები იყვნენ. მართალია, ისინი ამიერკავკასიის გაერთიანებაში შედიოდნენ, მაგრამ ცალკეული მონაცემით ასე იყო. ბერია მოსკოვში ჩავიდა და მიქოიანს უთხრა, რომ კატეგორიები ცალკეული რესპუბლიკებისთვის კი არა, მთელი ამიერკავკასიისთვის უნდა მიენიჭებინა და შემდგომ განხორციელდებოდა მიღებული პროდუქციის შესაბამისად გაყოფა. მიქოიანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. თავისი განკარგულება არ შეცვალა და ბერიას უთხრა: ეს საკითხი სტალინთანაა შეთანხმებული და წყალი არ გაუვაო. მართალია, ბერია ამიერკავკასიის მმართველი იყო, მაგრამ როდესაც დადგენილება არსებობდა, მიღებული ნორმის შეცვლა (პროდუქტების თანაბრად გადანაწილება) თვით ბერიასაც კი არ შეეძლო, რადგან გადანაწილების პროცესს მოსკოვიდან მივლინებული რევიზორები აკონტროლებდნენ. ამიტომ ბერია პირდაპირ მიქოიანს დაეკონტაქტა, მეორეჯერ შეხვდა მას მოსკოვში და თავისი დადგენილების გადასინჯვა უკვე „ჩეკისტური“ მეთოდებით მოსთხოვა და განახორციელა კიდეც. ანუ საქართველო და აზერბაიჯანი მეორე კატეგორიაში გაიყვანა, სომხეთი კი – მესამეში. თუმცა, „ცენტრიდან“ მიღებული პროდუქტები სამივე რესპუბლიკაზე თანაბრად ნაწილდებოდა“:

ბერიამ მიქოიანს ეს პირობითი დაყოფა იმიტომ გააკეთებინა, რომ საკუთარი ძალა ეჩვენებინა. სინამდვილეში კი სამართლიანად მოიქცა და ყველა რესპუბლიკას თანაბარი წილი შეახვედრა.

ბორის სოკოლოვი: „ანასტას მიქოიანის „ბესპრეძელის“ შემდეგ ბერია მაშინვე მოსკოვში ჩაფრინდა და საკავშირო პროფკავშირების კონფერენციას დაესწრო, რომელშიც მიქოიანიც მონაწილეობდა. შესვენების დროს ბერიამ მიქოიანი დაიმარტოხელა და უთხრა:

– ანასტას, უსამართლოდ იქცევი, როდესაც სომხეთს ასეთ პრივილეგიას აძლევ. კარგად იცი, რომ სამივე რესპუბლიკა თანაბრად უნდა მომარაგდეს.

– ლავრენტი პავლოვიჩ, – მიუგო მიქოიანმა, – ხომ იცი, რომ სტალინთან შეუთანხმებლად არაფერს ვაკეთებ, ეს საკითხი თავად კობას მოწონებულია. ასე რომ, მე არაფერი შემიძლია.

ბერიამ კარგად იცოდა, თუ საიდან „უბერავდა ქარი“ და მიქოიანის გაბითურების კომბინაცია დაიწყო:

– ანასტას, ინგლისში რომ გულბეტიანს (სომხური წარმოშობის ბრიტანელი მილიონერი, ნავთობის მაგნატი) შეხვდი, ვიცი, სტალინმა გაგგზავნა იქ. მაგრამ ყველაფერს სტალინს რატომ მიაწერ?

– სტალინი ჩვენი ბელადია. წინამძღოლი, – უპასუხა ბერიას მიქოიანმა. მის გარეშე მე ნაბიჯსაც არ ვდგამ, – თქვა მიქოიანმა. ბერიასაც ეს უნდოდა და მიქოიანს უთხრა:

– ანასტას ივანოვიჩ, სხდომა რომ დასრულდება, ჩემთან, სასტუმროში მოდი. „ოქტიაბრსკში“ ვცხოვრობ და ძალიან საინტერესო რაღაცას მოგასმენინებ, ოღონდ ქუჩაში, რადგან ნომერში შეიძლება, მოგვისმინონ.

და მართლაც, მიქოიანს სასტუმრო „ოქტიაბრსკის“ აივანზე ბერიამ მოასმენინა ჩანაწერი, რომელშიც მიქოიანი კამენევს ეუბნება, რომ სტალინის დავალებით გაწირა ბაქოელი კომისრები და ისინი იმიტომ დაიღუპნენო. ერთი სიტყვით, გამოდიოდა ორი რამ: პირველი, რომ 26 ბაქოელი კომისრის სიკვლდილით დასჯის მოწყობას სტალინს აბრალებდა და მეორე, რომ მიქოიანი ტროცკისტებთან თანამშრომლობდა. ეს ორი სასიკვდილო ბრალდება იყო. ამიტომ მიქოიანი ბერიას ნებას დაჰყვა.

ბერიას, რომ იტყვიან, მიქოიანი „გამოჭერილი“ ჰყავდა. თუმცა, საბოლოოდ, თავად ბერია მოექცა ხაფანგში, რომლის ერთ-ერთი დამგები მიქოიანიც იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი