ბელადები

როგორ აღმოაჩინა და დამოძღვრა ბერიამ გერმანიის დაზვერვის მომავალი უფროსი

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 02.09

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას ადამიანების შეცნობის უნიკალური უნარი ჰქონდა. მას არაერთი ძვირფასი კადრი შეურჩევია, თავის გავლენის ქვეშ მოუქცევია და დაუწინაურებია. ბერიას მიერ შერჩეულ-დაწინაურებულთაგან უცხოელებიც იყვნენ, რომლებმაც სადაზვერვო საქმიანობაში დიდი კვალი დატოვეს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე „კაშკაშა ვარსკვლავი“ მარკუს ვოლფი იყო.

იაკობ კედმი: „მარკუს ვოლფი თითქმის სამი ათეული წელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის უფროსი იყო. დასავლეთში მას მეტსახელიც კი შეარქვეს – ადამიანი სახის გარეშე. ასე იმიტომ, რომ ამ კაცის არც ვინაობა იცოდნენ და არც მისი სურათი გააჩნდათ. ვოლფი წარმოშობით ებრაელი იყო და თავის ისტორიულ ქვეყანას საკმაოდ დიდი სამსახურიც გაუწია.“

მარკუს ვოლფი 1923 წელს იყო დაბადებული. ბერიამ ის ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე „აღმოაჩინა“, 1945 წელს კი 22 წლის ახალგაზრდა „პირად აღრიცხვაზე“ აიყვანა. შემდგომ, ბერიასვე ბრძანებით, ვოლფმა სპეცსკოლაში „ენკავედეს“ სპეციალური საიდუმლო პროგრამა გაიარა. ჟურნალისტის სტატუსით სხვადასხვა საქმიანობას ახორციელებდა. იყო მივლინებული ნიურნბერგის პროცესზეც. 1949 წელს კი, როდესაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, ვოლფმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებაში. 1952 წელს კი მარკუს ვოლფი, ბერიას ხელშეწყობით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაზვერვის შეფი გახდა და მძლავრი სამსახური შექმნა. ეს ადამიანი სადაზვერვო სამსახურს 34 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქედან 27 წლის განმავლობაში არავინ იცოდა არც მისი ვინაობა და არც მისი ჰაბიტუსი. დასავლეთის სპეცსამსახურები ყველა ხერხს მიმართავდნენ ამის გასაგებად, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ.

იაკობ კედმი: „ბერიას მიერ დაწინაურებული ვოლფი ძალიან მოხერხებული ადამიანი იყო. გარდა იმისა, რომ მძლავრი სადაზვერვო სტრუქტურა ჩამოაყალიბა და მსოფლიო პოლიტიკაში საუცხოოდ ერკვეოდა, ის თავისი ერის (ებრაელების) პატრიოტი იყო და ცდილობდა, ყოველმხრივ დახმარებოდა მათ. სხვათა შორის, ეგრეთ წოდებულ, „ექვსდღიან ომში“ რომ ისრაელის არმიამ წარმატებას მიაღწია, ამ საქმეში მარკუს ვოლფს უდიდესი წვლილი მიუძღვის.“

მარკუს ვოლფი რომ ბერიამ „დაავერბოვკა“, მოამზადა და „გაქაჩა“, როგორც პავლე სუდოპლატოვი ამბობს, ბერიას უთქვამს: გამორიცხული არ არის, შენი ისტორიული სამშობლოსკენ გაგიწიოს გულმა, – და ბოლოს დაუმატებია, – დაზვერვაში სხვების დახმარება შესაძლებელი რამაა, მაგრამ გახსოვდეს: არასოდეს იმოქმედო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგო. ვოლფს პრინციპში არც დაურღვევია ეს დარიგება. მან (მარკუსმა) გამოიყენა თავისი ახლონაცნობობა იასირ არაფატთან და ისრაელის დაზვერვას, „მოსადს“ გადასცა უძვირფასესი ინფორმაცია ეგვიპტის საჰაერო ძალებზე. ამის შედეგად ისრაელის ავიაციამ 1967 წლის 5 ივნისს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ეგვიპტეს, მისსავე ტერიტორიაზე. გაუნადგურა მთელი საჰაერო ფლოტი, რაც ისრაელის გამარჯვების საწინდარი გახდა.“

ზოგიერთ დასავლელი პუბლიცისტი მარკუს ვოლფს სამმაგ აგენტად მოიხსენიებს – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, „მოსადის“ (ისრაელი) და „კაგებესი“. ეს კი სისულელეა. „მოსადის“ აგენტობაზე საუბარი სასაცილოა. ვოლფი არც „კაგებეს“ აგენტი ყოფილა. უბრალოდ, ეს უჭკვიანესი კაცი მშვენივრად ერკვეოდა მსოფლიო პოლიტიკაში და ისე მოქმედებდა, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ მსოფლიო მშვიდობისთვის. როგორც გენერალი სუდოპლატოვი ვარაუდობს, ბერიამ ვოლფის დამოძღვრისას შემთხვევით არ ახსენა სხვებთან ურთიერთობის საკითხი. სავარაუდოდ, ბერიამ მიმართულება მისცა მას და ჩააგონა, რომ დაზვერვა გლობალურ მიზნებს უნდა ემსახურებოდესო და ვოლფმაც ამ პრინციპით იხელმძღვანელა.

ბორის სოკოლოვი: „ბერიას შეეძლო, ყველაზე ძლიერი გონებისა და ნებისყოფის ადამიანებისთვისაც კი წლებით ადრე მიეცა მიმართულება, რომელსაც ისინი შეასრულებდნენ და მარკუს ვოლფის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. სხვათა შორის, ვოლფს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩანერგილ აგენტთა მძლავრი ქსელი ჰქონდა. ყველაზე ფასეული აგენტი კი კანცლერ ვილი ბრანტერის თანაშემწე გიუნტერ გიიომი იყო. ფლობდა ყველა საიდუმლო ინფორმაციას, რომლებიც პირადად ვოლფის ხელში ხვდებოდა. თუმცა, ვოლფი ამ ინფორმაციებს მსოფლიოში მშვიდობის სასიკეთოდ იყენებდა და არა იმისთვის, რომ თუნდაც კაპიტალისტური ბლოკისთვის კატასტროფულად ევნო. სხვათა შორის, თავის დროზე თვითონ ბერიაც ასე იქცეოდა, მის ხელში მოხვედრილ ინფორმაციას არასდროს უმუშავია მსოფლიო კრიზისის გამოსაწვევად. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ბერიას მიერ დამოძღვრილი ვოლფი ზუსტად ისე აკეთებდა, როგორც ბერიამ დაარიგა.“

ისტორიულ ჭრილში ვაანალიზებთ რა მარკუს ვოლფის ქმედებებს, თავისი მაღალჩინოსნური მოღვაწეობის ხანგრძლივ პერიოდში, აშკარად იკვეთება ლავრენტი ბერიას კრედო. ნიშანდობლივია, რომ ბერია არა მარტო თავად მოქმედებდა გლობალური მშვიდობისმყოფელის პრინციპით, არამედ თავისსვე აღმოჩენილ, დამოძღვრილ და „გაქაჩულ“ ადამიანებსაც ამგვარად ამუშავებდა. მსგავსი პიროვნებები ბერიას ათეულობით ჰყავდა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღვწოდნენ და საკმაოდ წარმატებითაც. მარკუს ვოლფი კი ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა კი იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...