ბელადები

როგორ აღმოაჩინა და დააწინაურა ბერიამ უნიჭიერესი ქართველები

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.01

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა კავშირის ძლიერების უმთავრესი ბურჯი იყო და რომ არა ეს ადამიანი, საბჭოეთი ჯერ კიდევ 40-50-იანი წლების მიჯნაზე ბანქოს სახლივით დაიშლებოდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „უცნაური რამაა საბჭოთა და რუსეთის ისტორია – ფრანგული ან სხვა ქვეყნების ისტორიებისგან განსხვავებით, ის არაერთხელაა გადაწერილი. ანუ სტალინის შემდგომ პერიოდში ყველა მმართველმა (ძირითადად, ხრუშჩოვმა, ნაწილობრივ – ბრეჟნევმა) ეს ისტორია საკუთარ თავზე მოირგეს და შესაბამისად, უამრავი ფალსიფიცირებაა მასში. ამ მხრივ, რეკორდსმენია ნიკიტა ხრუშჩოვი, იმიტომ, რომ 1950-1960-იანი წლებისა და შემდგომი პერიოდისაც, დიდი საბჭოთა მიღწევები მათი დამსახურება სულ არ ყოფილა და საფუძველი მათ სტალინის მმართველობის პერიოდში ჩაეყარა. მთავარი შემსრულებელი და ორგანიზატორი ლავრენტი ბერია იყო. მეოცე საკუნის 60-70-იანი წლები საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო-ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროში „დიდი ნახტომის“ წლები იყო და თუნდაც ის რად ღირს, რომ საბჭოთა კავშირმა პირველმა გაუშვა ადამიანი კოსმოსში – კოსმონავტი იური გაგარინი. ხრუშჩოვმა ეს მოვლენა საკუთარი თავის პიარისთვის გამოიყენა. მაგრამ ფაქტია (რომელსაც ათწლეულების განმავლობაში მალავდნენ), რომ ხრუშჩოვს ამაში იოტისოდენა წვლილიც არ მიუძღვის. ეს იყო საბჭოთა სარაკეტო პროგრამა (შემდგომში ის კოსმოსურ პროგრამად გადააკეთეს), რომელსაც საფუძველი ჩაუყარა და კურირებდა ლავრენტი ბერია. ხრუშჩოვმა კი პირიქით, ლამის დაღუპა ეს პროგრამა, რადგან მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ადამიანი კოსმოსში დაჩქარებულად გაეშვათ. მთავარი კონსტრუქტორი, სერგეი კოროლიოვი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან ჯერ კიდევ საჭირო იყო კოსმოსური ხომალდის რამდენიმე დეტალის კორექტირება. ამას კი ერთი თვე დასჭირდებოდა. ერთი სიტყვით, კოსმოსში გაგარინი დიდი რისკის ქვეშ გაფრინდა და ძალიან გაუმართლა, რომ დედამიწაზე დაბრუნდა. მთელი ამ სარაკეტო (კოსმოსური) პროგრამის შემოქმედი, კურატორი და ორგანიზატორი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, იყო ლავრენტი პავლეს ძე ბერია და არა ვინმე სხვა. გენერალურ კონსტრუქტორ სერგეი კოროლიოვს საბჭოთა კოსმონავტიკის მამას უწოდებენ და ეს ტერმინი მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე, კოროლიოვის გარდაცვალების შემდეგ დამკვიდრდა. მანამდე კოროლიოვი გასაიდუმლოებული იყო. ხოლო სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სწორედ კოსმონავტებმა უწოდეს მას კოსმონავტიკის მამა, რასაც გენერალური კონსტრუქტორი კატეგორიულად არ დაეთანხმა. მფრინავი-კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი ალექსეი ლეონოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ზვიოზდნიში (კოსმონავტების ქალაქი, რომელიც გასაიდუმოებული იყო და არცერთ საჯარო რუკაზე არ იყო გამოსახული) სერგეი პავლოვიჩი გვესტუმრა. მთელი ჯგუფი შევიკრიბეთ და მის ლექციას ვუსმენდით ახალი ტიპის საფრენი აპარატების შესახებ. ლექცია რომ დასრულდა, იურამ (ლეონოვი იური გაგარინს ყოველთვის იურათი მოიხსენიებდა, რადგან მისი უახლოესი მეგობარი იყო, თანაც მიაჩნდა, რომ გვარის ხსენება ზედმეტი იყო მასთან მიმართებაში, გაგარინის მსოფლიო პოპულარობიდან გამომდინარე) კოროლიოვს უთხრა:

– სერგეი პავლოვიჩ, თქვენ კოსმონავტიკის მამა ხართ, როგორც ამას ამერიკელები იტყვიან და გასაიდუმლოებული რომ არ იყოთ, ამას აუცილებლად დაწერდნენ გაზეთებსა და უჩვენებდნენ ტელევიზიით.

კოროლიოვს გაეცინა. მიიხედ-მოიხედა და ხმადაბლა უპასუხა:

– იუროჩკა, კოსმონავტიკის მამა ბერიაა. და რომ არა ის, ჩვენ კოსმოსს თვალით ვერ ვიხილავდით.

ეს იყო 1962 წელი. ბერიას სახელის ხსენებას ტაბუ ედო და დანაშაულად მიიჩნეოდა. ამიტომ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კოროლიოვმა ყველას თვალი მოგვავლო და დაამატა:

– რაც გითხარით, საშინელი საიდუმლოა („სტრაშნაია ტაინა“) და მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის („დლია სლუჟებნოგო პოლზოვანია“), მაგრამ სრული სიმართლეა.

ალექსეი ლეონოვის ეს მონაყოლი ყველაფერს ნათელს ჰფენს და ბერიას პორტრეტს საკმაოდ მკვეთრ შტრიხებს მატებს. მეოცე საკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე, როცა ბერია „ენკავედეს“ ხელმძღვანელად დაინიშნა, სუფთა „ჩეკისტური“ მიმართულების პარალელურად, ის საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობის სამხედრო-სტრატეგიული კუთხითაც მუშაობდა. ბერია უსაფრთხოების სისტემას ერთობლიობაში, კომპლექსურად განიხილავდა. მართალია, სამხედრო ტექნიკა და სტრატეგია თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყო, მაგრამ ბერია უფრო ფართოდ ხედავდა ამ საკითხს და სტალინს ჯერ კიდევ 1939 წლის მიწურულს წარუდგინა გეგმა სარაკეტო-რეაქტიული ტექნიკის პერსპექტიულობის თაობაზე. სწორედ ბერიას დამსახურება იყო სარგეი კოროლიოვის დაწინაურება. შემდგომ კი მისთვის საკონსტრუქტორო ბიუროს შექმნა და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დიდი ფინანსების გამოყოფა. ბერია, როგორც ყოველთვის, მასშტაბურად აზროვნებდა და ისეთ საფუძვლებს უყრიდა მრავალ სტრატეგიულ სფეროს, რომლებიც შედეგს 10-15-20 წლის შემდეგ იძლეოდა. ასე იყო სარაკეტო (კოსმოსური) პროგრამასთან დაკავშირებითაც. სწორედ ლავრენტი ბერიამ დაიწყო კოსმონავტების ქალაქ „ზვიოზდნის“ მშენებლობა. ბერიას საიდუმლო ბრძანებით შეიქმნა მომავალი კოსმონავტებისთვის ხელსაყრელი ბაზა და ჯერ კიდევ 1950 წელს შემუშავდა ის კრიტერიუმები, რაც მომავალი კოსმონავტების შერჩევა-გადამზადებას დაედო საფუძვლად.

ბერიამ აღმოაჩინა და დანიშნა ახალგაზრდა, 25-26 წლის უნიჭიერესი ადამიანები საპასუხისმგებლო, ზესაიდუმლო თანამდებობებზე, – ალექსანდრე ნადირაძე და არჩილ გელოვანი. პირველი საბჭოთა საკონტინენტათაშორისო ბალისტიკური რაკეტების შემქმნელი იყო და „სს-20“ და მათი შემდგომი მოდიფიკაციები დღემდე რუსეთის არმიის შეიარაღებაშია. ალექსანდრე ნადირაძე ორჯერ გახდა სოციალისტური შრომის გმირი. მეორე კი – არჩილ გელოვანი, საბჭოთა სარაკეტო-კოსმოსურ ინფრასტრუქტურას აშენებდა და მომავალში მას მარშლის წოდება მიანიჭეს. ასე რომ, ლავრენტი ბერიას წვლილი აუწონელია და ეს ადამიანი ნამდვილი დედაბოძი იყო (სტალინთან ერთად) საბჭოთა კავშირისა, რომელიც ბერიას მკვლელობის შემდეგ 40 წელი ინერციით მიდიოდა წინ, სანამ ეს ქვეყანა მოღალატეებმა არ დაანგრიეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა