ბელადები

როგორ აღიქვა სტალინმა ფინეთთან ომის შედეგები

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.04

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო და წყობიდან იშვიათად გამოდიოდა. თუმცა, მას ჰქონია უკიდურესი გაბრაზების მომენტები და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ფინეთთან ომის დროს მოხდა.

ფინელი ისტორიკოსი ოხტო მანინენი: „სტალინს უნდოდა ფინეთის ჯერ განიარაღება, შემდგომ კი მისი ანექსირება და სოვეტიზაცია. ანუ, საბჭოთა მეთაურს ეშინოდა, რომ მომავალ ომში ჰიტლერი ფინეთის ტერიტორიას თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენებდა. ამიტომ სტალინმა ფინეთის მთავრობას ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა. თუმცა უარი მიიღო. ამიტომ 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს. ეს ომი 1940 წლის 13 მარტამდე გაგრძელდა და მოსკოვის „მშვიდობის ხელშეკრულების“ ხელმოწერით დასრულდა. ფინეთში კი, კუუსინენის მეთაურობით, მოღალატეობრივი მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელიც ტერიტორიის თითქმის ნახევარს აკონტროლებდა...“

ფინეთთან ომმა აჩვენა, რომ „წითელი არმია“ ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც ამას საბჭოთა პროპაგანდა ტირაჟირებდა. ჰიტლერი კი სიცილს ვერ იკავებდა და საბჭოთა ჯარს „თიხის ფეხებზე მდგომ კოლოსს“ უწოდებდა. თითქმის სამთვენახევრიანი სამხედრო კამპანიის შედეგად საბჭოთა მთავრობის პრეტენზიები დაკმაყოფილდა და ფინეთმა ტერიტორიის ნაწილი დათმო. ომში ფინეთმა 50 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, საბჭოეთმა კი – სამჯერ მეტი. სწორედ ამის გამო სტალინმა თავისი ერთგული ვოროშილოვი თანამდებობიდან გადააყენა და ლამის დახვრიტა...

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მიუხედავად იმისა, რომ ფინეთთან ომი მოგებულად გამოცხადდა, სტალინი წყობიდან იყო გამოსული და უკიდურესად გაბრაზებული მის წინ მდგომ, დამნაშავე ბავშვივით თავჩაღუნულ კლიმენტ ვოროშილოვს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა. რისხვა არც საგარეო საქმეთა მინისტრს, მოლოტოვს დაჰკლებია. ერთი სიტყვით, სტალინი ფინეთის ომის შედეგებმა უკიდურესად გააბრაზა და კიდევ უფრო დააჩქარა არმიის მოდერნიზაციის პროცესი...“

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ყოველთვის ყველაფერს პირადად ამოწმებდა და სიტყვაზე არავის ენდობოდა, საბჭოთა ბელადი ვოროშილოვმა მაინც შეიყვანა შეცდომაში და ქვეყნის მეთაურს არ ეგონა თუ „წითელ არმიას“ ასე ძლიერ გაუჭირდებოდა ფინელებთან ომი.

ცნობილ ტაბუირებულ ინტერვიუში ვიაჩესლავ მოლოტოვი ჰყვებოდა: „სტალინი იშვიათად მინახავს ისეთი მრისხანე, როგორც ის ფინეთთან ომის შემდეგ იყო. მშვიდობიან ხელშეკრულებას რომ მოვაწერეთ ხელი და ფინელები წავიდნენ, ყველანი სტალინს ვეახელით. მან არნახული რისხვა დაგვატეხა თავს. ვოროშილოვი მიწასთან გაასწორა, დაბალი ხმით უთხრა – შენმა ჯარისკაცებმა ომი არ იციან და ფინელებისგან აიღეთ მაგალითი. სამ თვეზე მეტ ხანს გვიწევდნენ წინააღმდეგობას და ჩვენზე სამჯერ ნაკლები დანაკარგი აქვთო, ბოლოს კი ფაქტობრივად, კაბინეტიდან გააგდო. პირადად მე კი დამავალა – მთელი მსოფლიო დაგვცინის და ყველაფერი იღონე მდგომარეობის გამოსასწორებლადო...“

ფინურ სამხედრო კამპანიას სტალინი დიდ მარცხად მიიჩნევდა და ამბობდა: ფინელები თავისუფლებისმოყვარე ხალხია. ტერიტორიების ნაწილი დაგვითმეს, თავისუფლება კი არაო... სტალინს არც მოღალატე კუუსინენი ეხატებოდა გულზე, ამბობდა, საკუთარი ერის მოღალატე სხვასაც უღალატებსო. თუმცა, საბჭოთა ბელადს კუუსინენი პოლიტიკური გეგმებისთვის სჭირდებოდა და მას დაუპყრობელი ფინური მთავრობის წინააღმდეგ იყენებდა. სტალინი ამბობდა – კუუსინენი მათი მხოლოდ საპირისპიროა და არა საპირწონე. მოღალატეები პატრიოტების საპირწონენი ვერასოდეს იქნებიანო.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ომს კი ორი პლუსი მაინც ჰქონდა. პირველი – დაიწყო არმიის სწრაფი მოდერნიზება. მეორე – შეუდგნენ იმ ხარვეზების გამოსწორებას, რამაც „წითელ არმიას“ ფინელების წინააღმდეგ საზამთრო კამპანიის წარმოებაში შეუშალა ხელი. ანუ, დაიწყო მუშაობა, ეგრეთ წოდებული, ზამთრის ომის წარმოების ტაქტიკაზე. ამან კი დიდი შედეგი მოიტანა მოსკოვთან ფაშისტების შეჩერებაში“.

სტალინს შეფასების უზადო უნარი ჰქონდა და ფინელების გმირული თავდადება ამიტომ აღნიშნა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არ გამოუთქვამს და მხოლოდ ვიწრო წრეში თქვა.

ოხტო მანინენი: „ფინეთის ტერიტორიის ნაწილის მიტაცებით სტალინმა გამძვინვარებული მეზობელი მიიღო, რომელიც მზად იყო, ნებისმიერის გვერდით დამდგარიყო, ვინც სტალინის წინააღმდეგ გაილაშქრებდა და ფაშისტების მხარდაჭერაც აქედან გამომდინარეობდა...“

ასე იყო თუ ისე, ფინეთის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობით სტალინმა მძლავრი ზურგი გაიკეთა, რაც ჰიტლერთან ომში წაადგა კიდეც...

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი