ბელადები

როგორ ააშენებინა სტალინმა ქვეყანა პატიმრებს

№33

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.08

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან ეშმაკი, შორსმჭვრეტველი, მკაცრი მმართველი იყო და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ ნებისმიერი სიტუაცია საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ შემოეტრიალებინა საერთაშორისო პოლიტიკაში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „საერთაშორისო პუბლიცისტიკაში სტალინი წარმოჩენილია, როგორც ტირანი, დიქტატორი და მონათმფლობელი. მონათმფლობელობაში კი საბჭოთა ბელადს უთვლიან იმას, რომ მან მიწასთან გასწორებული ქვეყნის აღსადგენად ტყვეები გამოიყენა. ეს მართლაც ასე იყო. ფაშისტი ტყვეები სტალინმა სხვადასხვა აღმშენებლობითი საქმიანობისთვის გამოიყენა და ამას არც თავად სტალინი მალავდა. მეტიც, 1947 წელს, როდესაც სტალინს კრემლში შეხვედრაზე მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენმა მაკარტმა უთხრა, ხმები დადის, რომ თქვენ გერმანელ ტყვეებს ქალაქებსა და სხვადასხვა საწარმოების აღსადგენად იყენებთო, საბჭოთა ბელადმა უპასუხა: ეს ხმები კი არა, სინამდვილეა. ჩვენ მართლაც ვაშენებინებთ ჩვენს ქალაქებსა და საწარმოებს იმ ადამიანებს, ვინც ისინი დაანგრია და გაანადგურაო. მაკარტს ამის შესახებ სიტყვა აღარ დაუძრავს, რადგან ასეთ პასუხს არ მოელოდა, ფიქრობდა, რომ სტალინი ამ ფაქტს დამალავდა. კონგრესმენი კი ბელადს ტყუილში გამოიჭერდა და მასზე ზეწოლას განახორციელებდა. თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „1945 წელს, ანუ ომის დამთავრებისთანავე ჩვენს ტყვეობაში 3 მილიონ 500 ათასი ფაშისტი იმყოფებოდა. ბერლინი 30 აპრილს დაეცა. იმ დღეს, როდესაც ჰიტლერმა თავი მოიკლა, რაიხსტაგზე კი მელიტონ ქანთარიამ წითელი დროშა აღმართა. თუმცა, ფაშისტურმა გერმანიამ მხოლოდ 9 მაისს მოაწერა ხელი კაპიტულაციას. ეს პროცესი სტალინმა დააჩქარებინა მოკავშირეებს. საქმე ის იყო, რომ ოფიციალურ კაპიტულაციამდე ფაშისტებს შეეძლოთ, ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ საოკუპაციო ზონებს ჩაბარებოდნენ. მათ არ სურდათ ჩვენ ჩაგვბარებოდნენ, იმიტომ რომ შურისძიების ეშინოდათ. რადგან ეს ნაძირალები (ფაშისტები) ომის დასაწყისში და ოკუპაციის პერიოდში საშინელებებს სჩადიოდნენ ჩვენს მიწა-წყალზე. ხოლო, როცა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი, მათ ეს უფლება გაუუქმდათ. როდესაც სტალინი ამ საკითხს განიხილავდა, ყოვლად დაუფარავად უთხრა ბერიას: იზრუნეთ იმაზე, რომ იაფი სამუშაო ძალის გადინება აღიკვეთოსო. სტალინი ფაშისტ ტყვეებს გულისხმობდა და ასეც მოხდა. შემდგომ ფაშისტი ტყვეების მეშვეობით მრავალი ქალაქი, დაბა და საწარმოები აღდგა და სულაც არ იყო ეს მონების გამოყენება, არამედ საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილება“.

არსენ მარტიროსიანი: „დაახლოებით, სამ მილიონ-ნახევარი ფაშისტი ტყვე გვყავდა, მათ შორის 90 პროცენტი ინჟინერი, კვალიფიციური მუშა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტი იყო. სტალინი კი პრაქტიკულად მიუდგა ამ საკითხს. მათივე დანგრეული ქვეყანა მათვე ააშენებინა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი გერმანიაში გაუშვა. რა იყო ამაში გასაკვირი ან აღმაშფოთებელი? დასავლეთმა ეს ფაქტი, უბრალოდ, სტალინის ანტიფიარისთვის გამოიყენა. ისე, როგორც მათ ეს სჩვევიათ. ყველაფერი გააბუქეს. მრავალი ტყუილით გააჯერეს, რომ მოსახლეობას ეს ერწმუნა და ხშირ შემთხვევაში მიზანსაც მიაღწიეს. თუმცა ისეთ ეფექტი მაინც ვერ მიიღეს, როგორსაც გეგმავდნენ.“

იაკობ კედმი: „პრინციპში, თავად სტალინიც არ მალავდა იმას, რომ სახელმწიფო აღმშენებლობისთვის ქვეყნის მტრების გამოყენება, მით უმეტეს, ტყვე მეომრების, მართალი საქმე იყო. საბჭოთა ბელადი ძალიან პრაქტიკული ადამიანი იყო. მას მტრების სასიკეთოდ გამოყენების უნიკალური უნარი ჰქონდა და ტყუილად როდი განახორციელებინა ინდუსტრიალიზაციის 70 პროცენტი პოლიტიკურ პატიმრებს, იგივე ტროცკისტებს, იმათ, ვისაც შეცდომად მიაჩნდა სტალინის კონცეფცია – სოციალიზმის აშენება ცალკეულად აღებულ ქვეყანაში. ანუ, ყოველგვარი მსოფლიო რევოლუციის გარეშე. სხვათა შორის, შემდგომ, უკვე 30-იანი წლების მიწურულს, ამ ადამიანების უმრავლესობა აღიარებდა, რომ სტალინი მართალი იყო და რომ საბჭოთა ბელადი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, რომ გზასაცდენილ ადამიანებს მიაღებინა მონაწილეობა ისეთი ძლევამოსილი ქვეყნის აშენებაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო“.

არსენ მარტიროსიანი: „მავანნი სტალინს ჰიტლერს უთანაბრებდნენ ბოროტმოქმედების მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სისულელეა. უფრო სწორად, არნახული ცილისწამება. ჰიტლერი ადამიანისგან საპონს ხარშავდა. ებრაელებს ცოცხლად აძრობდა ტყავს და არც სხვა ერებს ინდობდა. სტალინი კი ქვეყნის შინაურ თუ გარეულ მტერს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს აშენებინებდა. თანაც, ისინი საკმაოდ კარგ პირობებში ჰყავდა. შეიძლება, თამამად ითქვას ისიც, რომ სტალინისეულმა დასჯის (პენიტენციალურმა) სისტემამ ასეულ ათასი ადამიანი დააყენა სწორ გზაზე. პროფესია შესძინა მათ, ჩამოუყალიბა გამართული სახელმწიფოებრივი აზროვნება და დიდი ქვეყანა ააშენებინა. აი, ეს რომ აქვთ გააზრებული მწვავე ანტისტალინისტ დასავლელებს, სწორედ ამიტომ აძაგებენ საბჭოთა ბელადს და რა არის ამაში გასაკვირი? ნიშანდობლივია ის, რომ სტალინმა უამრავ ყოფილ პატიმარს მისცა გზა შესანიშნავი კარიერული წინსვლისკენ. აგრეთვე, უამრავი პატიმარი გახდა ომის გმირი და მათ შორის არა ერთი რეციდივისტიც კი.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა