როგორ აანთო თავისუფლების ცეცხლი აფრიკაში სტალინმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.10

იოსებ სტალინი თავისი პოლიტიკის თანამიმდევრული, მკაცრი და ზოგჯერ სასტიკი გამტარებელი იყო. განსაკუთრებით გაამკაცრა მან თავისი პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თანაც პროსაბჭოთა ბლოკის ქვეყნების მიმართ.
იაკობ კედმი: „თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე გაყოფილი მსოფლიოს შემდეგ სიტუაცია დაძაბული რჩებოდა. საჭირო იყო მიღებული „ნაჭრების“ არა მარტო შენარჩუნება, არამედ მათი სტატუსების გამყარება. თუკი დასავლური ბლოკი ამ ტერიტორიების, ქვეყნების სტატუსს კაპიტალისტური პრინციპებით ამყარებდნენ და ყველგან „დოლარი ბრწყინავდა“, სოციალისტური სტატუსის შენარჩუნება და გამყარება ბევრად უფრო მკაცრი, უხეში, ძალისმიერი ფორმით ხორციელდებოდა. სტალინი ამის გამოცდილი დიდოსტატი იყო და მისთვის (სტალინისთვის) ჩვეული თანმიმდევრულობით და სიმკაცრით შეუდგა ამის განხორციელებას“.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის დამარცხებიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ, აშკარა იყო, რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდებოდა. მეტიც – დაიძაბებოდა და „ცივმა ომმაც“ არ დააყოვნა. სტალინი ჭკვიანი კაცი იყო და მშვენივრად ესმოდა, რომ „დოლარის ბრწყინვალების“ დაძლევა იოლი არ იქნებოდა. ამიტომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ერთი მხრივ, რომ პროსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებს დახმარებას უწევდა, მან ამ ქვეყნებში ინტენსიური სოვეტიზაცია დაიწყო. საბჭოთა ბელადის მკაცრი მითითებით, სოციალისტური ბლოკის ყველა ქვეყანაში აუცილებლად უნდა მდგარიყო საბჭოთა გამათავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლი და მონუმენტური კომპლექსი, ლენინის ძეგლი და ბიუსტი, ასევე, მათ საშუალო სკოლებში აუცილებელი სასწავლო დისციპლინა რუსული ენა და ლიტერატურა უნდა ყოფილიყო. ხოლო მსოფლიო ისტორიის სწავლებისას დიდი ადგილი უნდა დათმობოდა საბჭოთა კავშირის ისტორიასა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ეპიზოდებს. სტალინის ეს მითითება სწრაფად სრულდებოდა ყველა, ეგრეთ წოდებულ, სოციალისტურ ქვეყანაში. მხოლოდ იუგოსლავიამ თქვა უარი ამაზე და ტიტო (იუგოსლავიის მმართველი), რომ იტყვიან, „აუხტა“ საბჭოთა ბელადს. ამან კი ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ამ საკითხს სხვა კუთხით აფასებდა, ის ამბობდა: „ჯერ ერთი, სიტყვა „სოვეტიზაცია“ სულაც არ შეეფერება იმ პროცესს, რაც პროსაბჭოთა სახელმწიფოებში ხორციელდებოდა. ჯერ ერთი, რომ ამ სახელმწიფოებს არავინ არ ართმევდა არც სუვერენიტეტს, არც კულტურას, არც ენას. ხოლო, რაც შეეხება ძეგლებსა და მონუმენტებს, ვითომ რატომ არ უნდა მდგარიყო იქ ისინი? განა საბჭოთა მეომარმა არ გაათავისუფლა მთელი ევროპა ჰიტლერისგან და ერთი ძეგლი და მონუმენტი რა სათქმელია? რაც შეეხება რუსული ენის სწავლებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ჯერ ერთი, რომ რუსული მათთვის არავის დაუძალებია. სტალინმა მათ, უბრალოდ, ამის რეკომენდაცია მისცა და მიიღეს კიდეც. ან რა არის ცუდი ამაში? ჩვენი მოძმე ქვეყნების მოქალაქეები, ხომ, ძირითადად, საბჭოთა კავშირში იღებდნენ უმაღლეს განათლებას და რუსული რატომ არ უნდა სცოდნოდათ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მათ ეკონომიკურად ვეხმარებოდით, უანგაროდ. ჩვენი ჯარი იცავდა მათ უსაფრთხოებას. ერთი სიტყვით, ეს არანაირი სოვეტიზაცია არაა და ეს ბრალდება თითიდანაა გამოწოვილი“.
მოლოტოვი ჭკვიანი კაცი იყო. არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ ყოველივე ეს ტოტალური სოვეტიზაცია იყო. თუმცა, ისიც ამ საქმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და თავის თავს ხომ არ გაამტყუნებდა ამ ამბავში?
იაკობ კედმი: „სტალინის მითითება, რა თქმა უნდა, სოვეტიზაცია იყო, მაგრამ, იმ პერიოდში საბჭოური ბლოკის გასამყარებლად და შესანარჩუნებლად სხვა გზა არ არსებობდა. პროსაბჭოური ბლოკი რომ მაშინ დაშლილიყო, ეჭვი არ შეგეპაროთ, ევროპაში ატომური ბომბის ცვენა დაიწყებოდა და ამერიკას პასუხს ვერავინ გასცემდა, რადგან ატომური ბომბი საბჭოეთს ფიზიკურად ჯერ არ ჰქონდა. მსოფლიო ერთპოლუსიანი გახდებოდა და ეს კი კარგს არაფერს მოუტანდა სამყაროს. სტალინმა ეს ყველაფერი სხვებზე კარგად უწყოდა. ყველა ზომას მიმართავდა ამის არდასაშვებად და ერთ-ერთი ზომა, ეგრეთ წოდებული, სოვეტიზაცია იყო, რამაც გარკვეულწილად გაამართლა კიდეც.“
პრინციპში, დღესაც იგივე ხდება, თუმცა, ახლა უკვე არა მარტო ყოფილი პოსტსაბჭოთა და საბჭოთა რესპუბლიკების, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოს ამერიკანიზაცია მიმდინარეობს. ეს კი იქითკენაა მიმართული, რომ მსოფლიო საბოლოოდ ერთპოლუსიანი გახდეს.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა წარმატებით შეასრულა „სოციალისტური ბლოკის“ (ვარშავის ხელშეკრულების) ქვეყნების შედუღაბების პროცესი. მართალია, იუგოსლავია თითქმის განუდგა, ხოლო რუმინეთი – ნაწილობრივ (იქ საბჭოთა ჯარი არ იდგა), მაგრამ ამ ბლოკმა თავისი მისია მაინც შეასრულა, თუნდაც იმით, რომ დასავლეთისა და სოციალისტური ბლოკების დაპირისპირებამ საშუალება მისცა, ეგრეთ წოდებულ, მესამე ქვეყნებს, რომ გათავისუფლებულიყვნენ კაპიტალისტური ზეწოლისგან და დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. თავისუფლების ცეცხლი აინთო აფრიკის კონტინენტზე. ბრიტანეთს ჩამოშორდა ინდოეთი. თავისი პოტენციალი გამოავლინა და ამის ნათელი დასტური ისაა, რომ ეს ქვეყანა ბირთვული სახელმწიფო გახდა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ამ საქმეში სტალინის წვლილი მნიშვნელოვანია“.
სტალინი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ჰქონდა გეგმაში აფრიკის კონტინენტის გააქტიურება. ამის თაობაზე მოლოტოვთან და ბერიასთან ერთად საუბრობდა და როგორც მოლოტოვის ხაზით (დიპლომატია), ასევე, ბერიას ხაზით (სპეცსამსახურები) ამ თემას თანდათან ააქტიურებდა. მართალია, თავად ვერ მოესწრო ამას, მაგრამ შემდგომი პოლიტიკური მოვლენები იქ სწორედ სტალინური პოლიტიკის შედეგია. საბჭოთა ბელადმა წარმატებულად შეასუსტა საბჭოეთზე დასავლეთის ზეწოლა, მესამე ქვეყნების გააქტიურებით. მას, უბრალოდ, სიცოცხლე არ ეყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური პროცესები ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდებოდა.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან