ბელადები

როგორ ააგო სტალინმა უმთავრესი სტრატეგიული მაგისტრალი, რაც დიდი ომის მოგების მთავარი ხელშემწყობი გახდა

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.09, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის გენიალურობა მხოლოდ მის სტრატეგიულ აზროვნებაში არ გამოიხატებოდა, მთავარი ის იყო, რომ ამ ადამიანის გონებაში მომავალი მრავალი წლით ადრე იყო გათვლილი და მიზნები ყოველთვის ზუსტად, ფილიგრანულად ხორციელდებოდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ივანე კოლპაკოვი წერს: „უინსტონ ჩერჩილმა განა ტყუილად თქვა ეს ისტორიული ფრაზა – სტალინმა რუსეთი სახნისიანი ჩაიბარა და თერმობირთვული ბომბით დატოვაო... უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, აქვე უნდა დავძინოთ:

სტალინმა თავისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში რუსეთისთვის იმდენი სიკეთე გააკეთა, რაც ვერ შეძლო რუსეთის ყველა მმართველმა ერთად აღებულმა. ეს არაა ლიტონი სიტყვები, როგორც თანამედროვე ფრაზეოლოგიითაა მიღებული – ფეიკი. არამედ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ამ საკითხში დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ამაში დარწმუნდეს, თუკი თვალს გადაავლებს ისტორიას. ხოლო ჩემი სიტყვები რომ სიცრუედ არავის მოეჩვენოს, მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მომენტი სტალინის მოღვაწეობიდან.

რუსეთის განმტკიცების, გაფართოებისა და გაძლიერების ისტორია რამდენიმე ფუნდამენტურ ეპიზოდს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ესენია: რევოლუციის შემდგომ რუსეთის გაერთიანება, რუსეთისთვის ტერიტორიების შემატება, საბჭოთა კავშირის შექმნა, რუსეთის (სსრკ-ის) ინდუსტრიალიზაცია. მეორე მსოფლიო ომის მოგება, რუსეთის გადაქცევა თერმობირთვულ სახელმწიფოდ. ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებს საფუძვლად უდევს ჰიტლერის დამარცხება. ხოლო სამამულო ომში გამარჯვებას კი დიდი მზადება უძღოდა წინ და ამ მზადების ქვაკუთხედი იყო ტრანსციმბირული მაგისტრალის გამართვა...

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ციმბირი რუსეთის უშრეტი ეკონომიკურ-ენერგეტიკული წყაროა და მსოფლიოში დღემდე არ არსებობს სხვა ტერიტორია, რომელიც თუნდაც ახლოს მივა მასთან. ეს ჯერ კიდევ რომანოვების დინასტიის დასაწყისში იცოდნენ ახალმა მმართველებმა (რომანოვებმა), ისინი იმთავითვე ცდილობდნენ, ამ უშრეტი ტერიტორიის დაკავშირებას ცენტრალურ რაიონებთან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოსდიოდათ. მათ საამისო ტექნოლოგიები არ გააჩნდათ. რკინიგზის გაჩენის შემდეგ საკითხი თითქოს მარტივად უნდა გადაჭრილიყო, თუ ციმბირში რკინიგზას გაიყვანდნენ, თუმცა, როგორც კი ამის მცდელობა დაიწყეს, მათ ხელი შეუშალეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და მოგვიანებით, ძალიან წინ წასულმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ციმბირის უშრეტი რესურსების ამუშავება რუსეთს მსოფლიო ლიდერად გადააქცევდა და ასეთ წინააღმდეგობას იმიტომ უწევდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ, შემდგომ კი ნიკოლოზ მეორემ 30 წელზე მეტი მოანდომეს, ეგრეთ წოდებული, ტრანსციმბირული მაგისტრალის გაყვანას, მაგრამ ძალიან მცირე მონაკვეთზე. თანაც, იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვერ შექმნეს, ტექნოლოგიები ვერ შეიტანეს და ეს უშრეტი საბადო დაკონსერვებული დარჩა. ამ საკითხს უკვე საბჭოთა ბელადი დაუბრუნდა და საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. მასაც იგივე წინააღმდეგობები შეხვდა, მაგრამ უკვე „სტალინურად“ გადაჭრა და ტრანსციმბირული მაგისტრალი არამც თუ განახლდა, არამედ ბოლომდე გაიყვანა და ჩრდილო ყინულოვან ოკეანემდე ჩავიდა. მეტიც, მან რკინიგზა ორხაზოვანი გახადა. ამით კი მისი ეფექტურობა გააორმაგა და ამ ტრასის სტრატეგიულ მონაკვეთებზე საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნა, ხალხი დაასახლა და იქაურობა გააცოცხლა. ყველაფერი ეს კი მან სარეკორდოდ მოკლე დროში, სულ რაღაც 5 წელიწადში განახორციელა. ანუ, ჰიტლერთან ომის წინ საბჭოთა კავშირს უკვე საშუალება ჰქონდა, რომ ამ სტრატეგიული არტერიის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალა და დიდძალი სამხედრო ტექნიკა გადაეადგილებინა. აგრეთვე, ცენტრალური რუსეთისკენ გადმოექაჩა ის უზარმაზარი რესურსები, რაც ციმბირში მოიპოვებოდა, ევროპული ნაწილიდან კი სახიფათო ადგილებიდან გაერიდებინა ასე საჭირო ქარხნები და ფაბრიკები. ამან კი უდიდესი როლი შეასრულა ჰიტლერის დამარცხებასა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკურად გაძლიერებაში...“

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საქვეყნოდ ცნობილი „ბამი“ (ბაიკალ-ამურის მაგისტრალი) სულაც არ იყო რამე ახალი სატრანსპორტო არტერიის მშენებლობა, ის სტალინის მიერ აგებული ტრასის გაფართოებას წარმოადგენდა, ანუ ტრანსციმბირულ მაგისტრალს კიდევ ორ პარალელურ ხაზს ამატებდნენ და მართალია, ამის გაკეთება მოახერხეს, მაგრამ ძალიან რთულად, რის ვაივაგლახით და გაწელილ დროში. თითქმის 25 წელი მოანდომეს იმას, რაც სტალინმა მხოლოდ 5 წელში შეძლო. ხოლო დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაფართოება მაინც არ მოხერხდა და მშენებლობა წამგებიანი გახდა. ამაში საბჭოეთს, რა თქმა უნდა, ისევ დასავლეთის ქვეყნები უშლიდნენ ხელს; ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, რაც სტალინთან არ გაუვიდათ, ბრეჟნევთან და პოსტბრეჟნევულ მთავრობებთან ეს საბოტაჟის პროგრამა წარმატებით სრულდებოდა. გორბაჩოვმა კი, ისევ დასავლეთის ზეწოლის შედეგად, ბამი საერთოდ, არაეფექტურად გამოაცხადა და პროექტი სულაც დახურეს. ის დღემდე დაკონსერვებულია. რუსეთის მთავრობა არაფერს აკეთებს მის ასამოქმედებლად. ისმება კითხვა: ვინაა სახელმწიფოს მტერი, სტალინი – ვისაც ამას აბრალებენ თუ ყველა ის პოსტსტალინური მთავრობები, ვინც ეს გრანდიოზული პროექტი დაახავსა და ქვეყანას ეკონომიკური აღორძინების პერსპექტივა მოუსპო? პასუხი ნათელია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი