ბელადები

რით აოცებდა ბერია სტალინს

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.09

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია არაორდინარული ადამიანი იყო და მისი პიროვნების შეფასებისას მრავალი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი. ბერია უსაზღვრო ენერგიით გამოირჩეოდა და ეს ცალსახაა. მას ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეეძლო და ასრულებდა კიდეც, რაც სტალინსაც კი აოცებდა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერიას მრავალმხრივობა, პირველ რიგში, იმაში გამოიხატებოდა, რომ მას, მაგალითად, დილით შეეძლო სოფლის მეურნეობის მუშაკთა დიდი შეკრება ჩაეტარებინა, დაწვრილებით მოესმინა თითოეული გამომსვლელისთვის და სტრატეგიული ამოცანები გადაეწყვიტა; შუადღეს რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ანგარიში მოესმინა და დაწვრილებით ჩასწვდომოდა, თუნდაც, ნაკლებ მნიშვნელოვანი ოპერაციის დეტალებს; საღამოს კი მოსკოვში გაფრენილიყო. შეხვედროდა სტალინს და ბელადისთვის თანამიმდევრული, დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოზე და მისგან დასტური მიეღო იმ გეგმების განხორციელებაზე, რაც თავის სამშობლოს წაადგებოდა; ღამით კვლავ თბილისში გამოფრენილიყო და დილით უკვე თავის სამუშაო ადგილზე ყოფილიყო. ბერია მხოლოდ თვითმფრინავში თუ ახერხებდა წათვლემას. ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლოვიჩი წუთითაც არ ჩერდებოდა, როგორც გონებრივად, ასევე, ფიზიკურადაც. ასეთი იყო ბერიას, როგორც რესპუბლიკის მეთაურის, დაძაბული დღის წესრიგი. მოსკოვში გადაბარგებამაც არ მოუტანა ბერიას ის სტაბილური დღის წესრიგი, რაც თანამდებობის პირებს აქვთ ხოლმე გაწერილი. მართალია, ბერია, თავდაპირველად ლუბიანკის კაბინეტში მუშაობდა და შედარებით ნაკლები მოძრაობა უწევდა, მაგრამ უფრო ნაკლები ეძინა. ის „ენკავედეს“ რეფორმას ახორციელებდა და ზოგჯერ 3-4 დღეც კი, გადაბმულად, თავის კაბინეტში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან ერთად უამრავ საკითხს წყვეტდა. ომის დროს კი ბერიას ზოგჯერ 2-3 დღე არ ეძინა. ჩათვლემასაც ვერ ახერხებდა და მუდმივ მოძრაობაში იმყოფებოდა. მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება, იფიქროს, რომ „ენკავედეს“ შეფი ბერია მხოლოდ საბუთებთან მუშაობითა და თანამშრომლებისთვის დავალებების გაცემით იყო დაკავებული. ეს კი სიმართლეს არ შეეფერება. არც თუ ისე იშვიათად, ლავრენტი პავლეს ძე პირადად მონაწილეობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სპეცოპერაციებში. მაგალითად, როდესაც ტროცკის ლიკვიდაციის გეგმა ხორციელდებოდა, ლავრენტი პავლეს ძე ბერია პირადად, ინკოგნიტოდ, ჩავიდა მადრიდში და ტროცკის ლიკვიდატორ რამონ მერკადერის დამოძღვრის პროცესსა და მისი მექსიკაში გადასროლის ოპერაციას კურირებდა. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციაში ძალიან გამოცდილი, სანდო და პროფესიონალი ადამიანები მონაწილეობდნენ, მაგრამ ბერიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ პირადად მიეღო მონაწილეობა მასში და ეს ოპერაციაც წარმატებით დასრულდა. ბერიას საქმე არასდროს მოჰკლებია. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ბერიას მოვალეობები და მოქმედების გეოგრაფია ფართოვდებოდა. ფაქტობრივად, ის მთელი უზარმაზარი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა და ამიტომ მას სპეციალური, სწრაფმავალი თვითმფრინავი დაუმზადეს ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში. ამ თვითმფრინავით ბერია მთელ ქვეყანაში დაფრინავდა და დილით რომ თბილისში იყო, შუადღეს მოსკოვში დაბრუნებულიყო, ღამით კი ვლადივოსტოკში ჩაფრენილიყო უმნიშვნელოვანესი საქმის მოსაგვარებლად და ისევ მოსკოვისკენ აეღო გეზი. ერთხელ ბერიას ბერლინში მოუწია სასწრაფოდ გაფრენა, რომ თავისი სანდო ადამიანი გერმანიის საგარეო დაზვერვის უფროსად დაენიშნა. ეს ადამიანი იყო მარკუს ვოლფი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბერიამ პირადად გამოზარდა. როდესაც ბერლინში იმყოფებოდა, ბერიას საგანგებო ხაზით სვერდლოვსკიდან ჟუკოვმა დაურეკა და ატომურ პროექტთან დაკავშირებით აპირებდა ინფორმაციის მიწოდებას. იმ პერიოდში ჟუკოვი ურალის სამხედრო ოლქის სარდალი იყო. ბერიამ მარშალს დასაწყისშივე უთხრა, რომ არაფერი ეთქვა, რადგან ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება იყო და ჟუკოვი გააჩუმა. რაოდენ გაოცდა ჟუკოვი, როდესაც, რამდენიმე საათის შემდეგ ბერია სვერდლოვსკში თავზე დაადგა ჟუკოვს და არა ტელეფონით, არამედ პირადად მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. შემდგომ ჟუკოვს მარშალ კონევისთვის უთქვამს: ბერიაში დემონური ენერგიაა ჩასახული და რა დროს და როგორ გამოგეცხადება, არ იციო. შემდგომ კი სვერდლოვსკში მისი სწრაფად ჩასვლის ამბავიც მოაყოლა. სტალინს კი ერთხელ ბერიასთვის უთქვამს: ლავრენტი, რაღა შენ და რაღა მფრინავი ჰოლანდიელი. შენზე ამბობენ დემონებთან მეგობრობო და ამაზე რას იტყვიო? ბერიას კი უპასუხია: ამხანაგო სტალინ, თქვენი ნებართვით, მე დემონებს ვანადგურებ. ამას კი დემონურზე არანაკლები ენერგია და მოხერხება სჭირდებაო.

ბერია მართალია, საკმაოდ ფრთხილი ადამიანი იყო, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად რისკზე წასვლაც კი უწევდა და საფრთხეში იგდებდა თავს. ჰიტლერის საბჭოთა კავშირში შემოჭრიდან ერთი თვე იყო გასული და ბერია, სტალინის დავალებით, ტიტოს უნდა შეხვედროდა, რომელიც ტყეებში მეთაურობდა პარტიზანთა რაზმს. ტიტო მოსკოვში ვერ ჩამოდიოდა. ამიტომ ბერიას მოუწია იქ გამგზავრება. ტიტოს შეხვდა და ინკოგნიტოდ ბრუნდებოდა უკან. მას ოკუპირებული საბერძნეთი უნდა გაევლო და გემზე ასვლის წინ ის პატრულმა შეაყოფნა. აკვირდებოდა და რომ არა ბერიას, გერმანულის სანიმუშო ფლობა, მას დააპატიმრებდნენ. თუმცა, ბერიამ წარმატებით დაიძვრინა თავი და მოსკოვში დაბრუნდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა