ბელადები

რისთვის იყენებდა სტალინი ხელოვნების წარმომადგენლებს

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური მმართველი და დიდი აღმშენებელი იყო. მან ააშენა და განავითარა ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანასწორუფლებიანები იყვნენ და შეეძლოთ, ამაყები ყოფილიყვნენ, იმის შეგნებით, რომ საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეები ერქვათ.

იაკობ კედმი: „სტალინმა ცნება საბჭოთა კავშირის მოქალაქე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გახადა და ტყუილად როდი მიუძღვნა ამ მოვლენას თავისი ლექსი საბჭოთა პასპორტზე ვლადიმერ მაიაკოვსკიმ. ამ ლექსის ისტორიას ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებს: „სტალინი ხელოვნების დიდი მოტრფიალე და მცოდნე იყო. მეტიც, ის თავად იყო ხელოვანი. ახალგაზრდობასა და ბავშვობაში ის მშვენიერ ლექსებს წერდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, სტალინმა გორკი იტალიიდან სამშობლოში ჩაიყვანა და ამ ლეგენდარულმა მწერალმა ბელადის თხოვნითა და დავალებით საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირი შექმნა, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში. გორკის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ საბჭოთა ხელოვანები და რა თქმა უნდა, მწერლები და პოეტები. ასეთ შეკრებებს ხანდახან სტალინიც ესწრებოდა. ზოგჯერ მას მეც თან მივყავდი. ასეთი შეკრებების დროს პოეტები თავიანთ ახალ ლექსებს კითხულობდნენ, პროზაიკოსები – თავიანთი მოთხრობებიდან ეპიზოდებს. სტალინი მათ ყურადღებით უსმენდა. შემდგომ კი თავად კითხულობდა მათივე ლექსებს და ციტირებდა მათი რომანებიდან თუ მოთხრობებიდან. ერთი სიტყვით, სტალინი ყოველი ასეთი შეკრების დროს ახერხებდა ხელოვანების ელიტის გაოცებას. ეჭვი მაქვს, რომ სტალინი იმ პერიოდში შიგადაშიგ კვლავაც ახერხებდა ლექსების წერას. სამწუხაროდ, სტალინის იმ პერიოდის შემოქმედება სადღაც გაქრა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ სტალინს მთელი ცხოვრება არ შეუწყვეტია ლექსების წერა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელზეც მეც ვიმყოფებოდი, მაიაკოვსკი მოვიდა. ის ნასვამი იყო, თვალები გაფართოებოდა, ანთებოდა და იქ მყოფებს გვათვალიერებდა. სტალინი რომ დაინახა, პერანგი გაისწორა, თვალებზე ხელი ჩამოისვა და ბელადს მიესალმა. სტალინმა მას გაუღიმა, წამოდგა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– როგორ ხართ, ამხანაგო მაიაკოვსკი?

– გმადლობთ, ამხანაგო სტალინ! არა მიშავს. თქვენ როგორ გიკითხოთ? – მიუგო მაიაკოვსკიმ.

– უფრო კარგად ვიქნებოდი, თქვენი ნიჭით რომ გვეხმარებოდეთ. აი, ისე, როგორც ეს ძვირფასი ამხანაგები, – სტალინმა შეკრებილ საზოგადოებისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა, – შემოგვიერთდით!

მაიაკოვსკი ჩვენ შორის დაჯდა. შეკრებილებმა კი განაგრძეს თავიანთი შემოქმედების დეკლარირება. სტალინი თითოეულ მათგანს მოკლედ განიხილავდა.

უცებ მაიაკოვსკი წამოდგა, თითქოს ჩაფიქრებული და ადგილიდან არ იძროდა. ყველანი მას მივაჩერდით. ირგვლივ ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. უცებ მან ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ამოისუნთქა და მისთვის ჩვეული პათოსით დასჭექა ლექსი, რომელსაც შემდეგ ეწოდა „ლექსი საბჭოთა პასპორტზე“. სტალინი ყურადღებით უსმენდა. ლექსის წარმოთქმა რომ დაასრულა, მაიაკოვსიმ სტალინს გაუღიმა და ჰკითხა:

– ამხანაგო სტალინ, როგორი იყო ეს ლექსი?

– მშვენიერი, ისეთი, რომელიც ეპოქის სულისკვეთებას პასუხობს. განსაკუთრებულ სიმძაფრეს მატებს ამ ლექსს სტროფი: „ვიღებ ფართო შარვლიდან...“ შესანიშნავია. და რატომ გვიმალავდით ამ შედევრს, ამხანაგო პოეტო?

– არ გიმალავდით, ამხანაგო სტალინ, ლექსი ახლახან დავწერე. მას მერე, თქვენ რომ მისაყვედურეთ, ნიჭს არ გვახმარო.

პოეტის სიტყვებზე სტალინს სახეზე გაოცება აღებეჭდა და მაიაკოვსკის ქართულად ჰკითხა:

– ხუმრობ?

მაიაკოვსკიმ ქართულადვე უპასუხა:

– არა, ამხანაგო სტალინ. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, რომ ეს ლექსი აქვე დავწერე.

ჩვენ ქართული ენის არმცოდნეები უხმოდ ვუყურებდით სტალინსა და მაიაკოვსკის და ყველანი მივხვდით, თუ რას შეეხებოდა საუბარი. სტალინმა თავი გააქნია, გაიღიმა, ჩვენკენ მოტრიალდა და გვითხრა:

– მეგობრებო, მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი ამხანაგ მაიაკოვსკის ტალანტში. ახლა კი ვაღიარებ, რომ ჩვენ წინ დგას გენიოსი, დიდი საბჭოთა პოეტი. ტაშით დავაჯილდოვოთ ის.

და სტალინმა ტაში შემოჰკრა. დანარჩენებიც ავყევით. მაიაკოვსკი კი დაბნეულად იღიმებოდა და მადლობის ნიშნად, თავს გვიკრავდა“.

იოსებ სტალინს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ხელოვნების მუშაკებისადმი. ბელადს არასდროს ეშლებოდა ნამდვილი ნაწარმოების გარჩევა „ხალტურისგან“ და მიუხედავად იმისა, რომ სტალინური ცენზურა საკმაოდ დაძაბულად მუშაობდა და არ ეპარებოდა შეფარული ანტიკომუნისტური ფრაზებიც კი ამა თუ იმ ნაწარმოებებში, აგრეთვე, კარგად ამოიცნობდა ხოლმე უნიჭო, მლიქვნელურ ნაჯღაბნებსაც და მსგავს მაკულატურას არასდროს უბეჭდავდა მათ ავტორებს. „ლექსი საბჭოთა პასპორტზე“ კი მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა. სტალინისვე მითითებით გამოიცა მაიაკოვსკის ნაწარმოებების კრებული. თავად პოეტი კი სტალინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა, სადაც მაიაკოვსკი შეხვედრებს აწყობდა ადგილობრივ ხელოვანებთან, კომუნისტებთან, უბრალო ადამიანებთან და კომუნისტური იდეოლოგიისა და საბჭოთა წყობილების პროპაგანდას ახორციელებდა. სამშობლოში დაბრუნებული პოეტი სტალინმა მიიღო და დადებითად შეაფასა მისი ვოიაჟი ოკეანის გაღმა.

საგულისხმო ფაქტია ის, რომ სტალინს თავის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ჰქონდა განყოფილება, სადაც ინახებოდა თითო ეგზემპლარად, პირადად სტალინისთვის დაბეჭდილი, აკრძალული ლიტერატურა. ეს იყო წიგნები, რომლებსაც პირადად სტალინმა დაადო ტაბუ და არ დააბეჭდინა. ნიშანდობლივია, რომ ეს წიგნები ბელადს ათასგზის ჰქონდა წაკითხული. მოსწონდა ისინი, მაგრამ ფართო საზოგადოებას არ აცნობდა და ამბობდა: ჯერ ადრეა, ხალხი მზად არ არის ეს რომ წაიკითხონო. ამ ავტორებს შორის იყვნენ ბულგაკოვი, ზოშჩენკო და არაერთი გამოჩენილი მწერალი და პოეტი. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ აკრძალული წიგნების დროც დადგებოდა და მისი სიტყვები გამართლდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი