ბელადები

რისი საშუალება არ მისცა სტალინმა გერინგის ადვოკატს

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.09, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე არაერთი ცილისწამება იწერება, ეს ადამიანი კაცობრიობის ისტორიის უთვალსაჩინოესი პიროვნებაა და მავანთა ინსინუაციები ვერაფერს დააკლებს. პროფესორი ივანე როიტმანი: 

„სტალინი, ისევე როგორც ძველი გვარდიის ყველა ბოლშევიკი, ძალიან იდეური ადამიანი იყო და მიზნის მისაღწევად შეეძლო საკუთარი სიცოცხლეც კი დაეყენებინა რისკის ქვეშ, რაც არაერთხელ გაუკეთებია. სტალინი მეტად საზრიანი და ენამახვილი ადამიანი იყო, რეაქციაც სწრაფი ჰქონდა და მისი პასუხები თუ ქმედებები შემომტევისაზე ბევრად უფრო მახვილი და არგუმენტირებული იყო. მაგალითად, ნიურნბერგის პროცესის მსვლელობისას ერთ-ერთ სხდომაზე გერმან გერინგის ადვოკატმა, დოქტორმა შტიმერმა თქვა: აქ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და მის კოლეგებს იმ ქვეყნისა და ადამიანების წარმომადგენლები ასამართლებენ, სადაც საშინელი დანაშაულები ისეთი სისასტიკით ხდება, რაც ადოლფ ჰიტლერს არც კი დაესიზმრებოდაო. იურისპრუდენციის დოქტორი შტიმერი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირსა და იოსებ სტალინს გულისხმობდა. ამ სიტყვებით გერინგის ადვოკატს უნდოდა, ერთმანეთთან გაეთანაბრებინა საბჭოთა კავშირი და ჰიტლერული გერმანია, ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი და ამგვარი ადვოკატური ხრიკის გამოყენებით სასურველ რელსებზე გადაეყვანა პროცესი, რათა ფაშისტი ბოროტმოქმედები სიკვდილით არ დაესაჯათ. შტიმერის სიტყვები, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, რომლებიც საბჭოელებთან ერთად ასამართლებდნენ ფაშისტებს. ასეთი სვლა საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურებოდა, რადგან ომამდე შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, სწორედ, ასეთი აზრი ბატონობდა და გერმანიასა და საბჭოთა კავშირს ერთნაირად დანაშაულებრივ სახელმწიფოებად, ჰიტლერსა და სტალინს კი პირსისხლიან დიქტატორებად სახავდნენ. გერინგის ადვოკატის ეს სიტყვები სტალინმა მათი წარმოთქმიდან უკვე 20 წუთში იცოდა. მას ეს მიხეილ კვესელავამ ტელეფონით შეატყობინა, რომელიც ამ პროცესზე თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა, თან სტალინისგან პირადი დავალება ჰქონდა მიღებული, რომ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ მისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინათ (სტალინის მითითებით ნიურნბერგი მოსკოვთან სატელეფონო ხაზით დააკავშირეს). კვესელავამ დოქტორ შტიმერის სიტყვები მნიშვნელოვნად მიიჩნია და ამიტომაც დაურეკა სტალინს. როი მედვედევი: „სტალინს დიდი გონებრივი ძალისხმევა არ დასჭირვებია იმის მისახვედრად, თუ სად უმიზნებდა დოქტორი შტიმერი და რომ ამის უგულებელყოფა და პასუხის გაუცემლობა უარყოფითად აისახებოდა როგორც საბჭოეთზე, ასევე პირადად მასზე. სტალინმა ისიც იცოდა, რომ დასავლური პრესა არ გამოტოვებდა შტიმერის ამ ფრაზას და ძალიან ბევრი და მწვავე ანტისაბჭოთა პუბლიკაცია დაიბეჭდებოდა. ამიტომ მან „დასწრებაზე ითამაშა“, იმავე საღამოს მოსკოვში აკრედიტებული ყველა უცხოელი ჟურნალისტი კრემლში მიიწვია. რა თქმა უნდა, საბჭოთა ჟურნალისტებიც იქ იმყოფებოდნენ და დიდი პრესკონფერენცია გამართა. ეს შეხვედრა პირდაპირი რადიოეთერითაც გადაიცემოდა როგორც ევროპაში, ასევე ოკეანის გაღმა და ის თითქმის 5 საათი გაგრძელდა (დაიწყო საღამოს 8 საათზე და ღამის 12 საათსა და 50 წუთზე დასრულდა). შესავალ სიტყვაში სტალინმა თქვა: ბოროტმოქმედი სამხედრო დამნაშავეების ადვოკატები ბინძური ინსინუაციების მეშვეობით ცდილობენ მათ გადარჩენას, რაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ გამოუვათ და პატივცემული საერთაშორისო სასამართლო ჭეშმარიტ სამართალს აღასრულებსო... ამ პრესკონფერენციის მთავარი მიზანი კი მთავარი ბრალდების განეიტრალება იყო, რაც შტიმერის ფრაზაში იკითხებოდა. ამიტომ, სტალინი მთავარ კითხვას ელოდებოდა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტმა ელიოზ ბრაუნმა მას ჰკითხა:

– ბატონო სტალინ, დოქტორი შტიმერი, ალბათ, ეგრეთ წოდებულ, რეპრესიულ პერიოდს გულისხმობდა, როდესაც საბჭოეთსა და მის წარმომადგენლებს დანაშაულებრივ ქვეყანასა და დამნაშავეებს უწოდებდა და რას უპასუხებთ მას?

სტალინის სიტყვები: ადვოკატ შტიმერს ვურჩევ, უკეთესად გაეცნოს საბჭოთა ისტორიას. არ უარვყოფ, რომ საბჭოთა სტრუქტურებში იყვნენ ანტიხალხური ძალები, რომლებიც უდანაშაულო ხალხს ცილს სწამებდნენ და ხოცავდნენ, მაგრამ ეს სისხლისმსმელი მავნებლები ჩვენ ათი წლის წინ გავასამართლეთ და უმკაცრესად დავსაჯეთ. იმედია, იმავეს იზამს პატივცემული ნიურნბერგის ტრიბუნალიცო.

ჩერჩილმა, რომელიც ამ პრესკონფერენციას ლონდონში ისმენდა, მეორე დღეს „ბი ბი სის“ ეთერში თქვა: ბატონმა სტალინმა ღირსეული პასუხი გასცა ერთ-ერთი ფაშისტი მხეცის ენაჭარტალა ადვოკატს და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ საბჭოთა ბელადის გონებამახვილობა და დიპლომატიური ნიჭი ყველა მისი კოლეგისას ორი თავით სჯობსო... მაშინ ის პრემიერი არ იყო, მაგრამ დიდად ავტორიტეტულ პიროვნებად მიიჩნეოდა და მის სიტყვასაც დიდი წონა ჰქონდა. პირად საუბარში კი ჩერჩილმა თავის ადიუტანტს უთხრა: სტალინმა შესანიშნავად მოიგერია ეს ბრალდება, თან ტრიბუნალს საშუალება მოუსპო, რომ სხვა რელსებზე გადაწყობილიყოო...

ნიურნბერგის ტრიბუნალის შექმნა სტალინის იდეა იყო. სტალინს მთავარი საბჭოთა ბრალმდებლისთვის, რომან რუდენკოსთვის ნათქვამი ჰქონდა: „მთავარი დამნაშავეები ხელიდან არ უნდა გაგისხლტნენო (იგულისხმებოდა სიკვდილით დასჯა) და ბელადს ეს სურვილი შეუსრულდა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი