ბელადები

რის შესახებ გააფრთხილა სტალინმა ტრუმენი

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.11

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც ყველა სიტუაციას აკონტროლებდა და ყოველთვის შეეძლო ღირსეული პასუხის გაცემა ნებისმიერი სიძლიერის ოპონენტისთვის.

იაკობ კედმი: „მეორე მსოფლიო ომიდან მხოლოდ ორი სახელმწიფო გამოვიდა ძლევამოსილად – საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ყველფრის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს საკუთარი თავი სტალინზე ძლიერად წარმოედგინა. არა იმიტომ, რომ ის (ტრუმენი) სტალინზე ძლიერი პიროვნება იყო, არამედ იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს ატომური ბომბი ჰქონდა და ეს მართლაც ძალიან დიდი ძალა იყო. ტრუმენი კი ამას პოლიტიკური შანტაჟისთვის იყენებდა“. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „პოტსდამში ვიმყოფებოდით, როდესაც ამერიკელებმა ატომური ბომბი გამოსცადეს. სანამ ამას სტალინს ტრუმენი შეატყობინებდა, ეს ინფორმაცია ბელადმა საბჭოთა დაზვერვისგან შეიტყო და ამისთვის მზად იყო. ხოლო, როცა ეს ინფორმაცია ტრუმენმა სტალინს მიაწოდა, საბჭოთა ბელადს რეაქცია არ ჰქონია და ტრუმენმა ისიც კი იფიქრა, სტალინი ვერ ჩასწვდა ჩემი სიტყვების არსსო. როცა ჩვენ რეზიდენციაში დავბრუნდით, მითხრა: ამერიკელები ამ იარაღს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ და ახლა სწორედ ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდანო. სტალინს, რა თქმა უნდა, კარგად ესმოდა, თუ რა უპირატესობა ჰქონდათ ამერიკელებს, მაგრამ პანიკაში არ ჩავარდნილა. საბჭოთა ბელადმა ასპროცენტიანი სიზუსტით ივარაუდა, რომ ამერიკა ამ საშინელ იარაღს იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ამას კი დიდი ტრაგედია მოჰყვებოდა. ამიტომ სცადა, არ დაეშვა ეს უბედურება.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა იაპონიაში 2-3 ბობმს ჩააგდებდა და ერთი მხრივ, უკვე ცოცხალ ადამიანებზე გამოცდიდა მას, მეორე მხრივ კი, საბჭოთა კავშირის დაშინებას შეეცდებოდა. ამიტომ, სტალინმა ჰარი ტრუმენს პირდაპირ უთხრა, რომ იაპონიას ბომბის გარეშეც დავამარცხებდით. ბომბის ჩამოგდება კი დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა და თავი შეეკავებინა ამისგან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამერიკას ამით ჩვენი დაშინება აქვს განზრახული და გარწმუნებთ, ეს არ გამოგივათო. მიუხედავად ასეთი პირდაპირი ნათქვამისა, ტრუმენმა იაპონიაში მაინც დიდი ტრაგედია დაატრიალა. ეს ქმედება კი პერლ-ჰარბორის საპირწონედ მონათლა, რაც სიცრუე იყო. ამერიკელები თავადაც გაოცებული იყვნენ მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბებით. სტალინმა კი ტრუმენს მეორე შეტყობინება გაუგზავნა, რაც სიტყვასიტყვით ასე ჟღერდა – ატომური შანტაჟი ჩვენზე არ იმოქმედებს და თუკი ქმედებაზე გადახვალთ, მაშინ ოთხი მილიონი წითელარმიელი ევროპაში შეიჭრება და დასავლურ ცივილიზაციას გაანადგურებსო. ამის შემდეგ ტრუმენს დასავლეთის ლიდერებმა, მათ შორის, უინსტონ ჩერჩილმაც, მიმართეს და ხელი ააღებინეს გეგმისგან, რომელიც საბჭოთა კავშირის ატომურ ბომბანდირებას ისახავდა მიზნად. ეს იყო ძალიან დაძაბული პერიოდი მსოფლიო პოლიტიკაში. სტალინმა ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა. იმავდროულად, მას ჯანმრთელობა ძალიან შეერყა და რომ არა რკინისებური ნებისყოფა, შეიძლება, ვერც კი დამდგარიყო ფეხზე. თუმცა, გაუძლო, გადაიტანა და ქვეყნის მმართველობის სადავეები წამითაც კი არ გაუშვია ხელიდან.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ომის დამთავრებიდან 1949 წლის შემოდგომამდე, ანუ იმ დრომდე, როცა საბჭოეთმა ატომური ბომბი გააკეთა, სტალინისთვის იმაზე მძიმე წლებიც კი იყო, ვიდრე მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. ჩვენი ქვეყანა გამოცხადებულ „ცივ ომში“ იყო ჩაბმული. ამერიკა მუდმივად ცდილობდა ატომურ შანტაჟს და არავინ იცოდა, თუ როგორ იმოქმედებდა ჩვენი გუშინდელი მოკავშირე. უკიდურესი დაძაბულობისა და უძილობის გამო ამ წლების განმავლობაში სტალინს ორჯერ დაემართა ინსულტი. თუმცა საბჭოთა ბელადმა ღირსეულად გაუძლო ამ დარტყმებს და მხოლოდ 2-3-დღიანი სტაციონარი დასჭირდა. თანაც ისე, რომ სახელმწიფოს ჩვეული ენერგიით მართავდა, ისე რომ წუთითაც არ დაუკარგავს პოლიტიკური ალღო და დაკვირვებულობა. მართალია, სტალინი ძირითად დროს შავი ზღვისპირეთის კურორტებზე ატარებდა და იქიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამით მისი ძალა და ეფექტურობა წამითაც კი არ შესუსტებულა. ხოლო, როდესაც ბერიამ სტალინს ტელეფონით აცნობა ატომური ბომბის წარმატებული გამოცდის ამბავი, ბელადმა შვებით ამოისუნთქა და ის უდიდესი სტრესიც მოეხსნა, რომელიც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა. ნიკოლაი ვლასიკი იხსენებდა: „როცა ჩვენი ბომბის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, სტალინმა ირონიით თქვა, ჩვენ ახლა უფრო დიდი კომბალი გვაქვს ამერიკელებისთვისო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა