ბელადები

რის სანაცვლოდ უბრუნებდა სტალინი კურილიის კუნძულებს იაპონიას

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.09

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი შორსმჭვრეტელი, გენიალური პოლიტიკოსი იყო. ის ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და არასდროს ღალატობდა პრინციპებს.

ბორის სოკოლოვი: „სტალინი ის ადამიანი, ის მმართველი იყო, რომელიც მუდმივად ზრუნავდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. განა მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში სხვა ისეთი ქვეყნის მეთაური, რომელმაც შეძლო და კატასტროფის წინაშე მყოფი ქვეყანა ჯერ განადგურებას გადაარჩინა, შემდგომ კი ისე ააშენა და ააღორძინა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ გადააქცია. რაც არ უნდა მიიწერონ საკუთარ თავზე სხვა ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, ჰიტლერი და ჰიტლერიზმი საბჭოთა ხალხმა დაამარცხა, სტალინის მეთაურობით და არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ახლა ეს სახელმწიფოები წარმოაჩენენ. ამერიკის დახმარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. „ლენდ ლიზი“ რომც არ ყოფილიყო, ამ ომში მაინც საბჭოთა კავშირი გაიმარჯვებდა.“

იაკობ კედმი: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდად იხეირა მეორე მსოფლიო ომში. ამ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან გაიზარდა. ეს სახელმწიფო, ფაქტობრივად, მსოფლიო ჰეგემონიც კი გახდებოდა, რომ არა სტალინი და სწორედ საბჭოთა ბელადმა შეუშალა ხელი მათ ამაში, სტალინი არც ამერიკის ეკონომიკურმა წინსვლამ შეაშინა და არც სამხედრო ძლიერებამ და საერთაშორისო ასპარეზზე თავდაუზოგავი ბრძოლის პარალელურად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის ტოტალურ აღდგენას. იმავდროულად კი, ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდა, რაც კოლოსალურ თანხებს მოითხოვდა და სტალინმა მაინც შეძლო ამ ყველაფრის დაძლევა. როგორც კი დასავლეთის ბლოკმა „ცივი ომი“ დაიწყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერა საბჭოთა კავშირზე. გარდა იმისა, რომ შეერთებული შტატები ცდილობდა, ყველა დასავლური ბლოკის ქვეყნის საკუთარ კოლონიად გადაქცევას და მას ეს გამოუვიდა კიდეც, სწორედ ამ ქვეყნების მთავრობების წაქეზებით უნდოდა საკუთარი პოლიტიკის გატარება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ნახევრად გამონაკლისს მხოლოდ საფრანგეთი წარმოადგენდა. ამ ქვეყანას, დასალეთ გერმანიის, იტალიის, ავსტრიისა და სხვა იდეოლოგიურად ახლო ქვეყნებისგან განსხვავებით, ნებაც ჰქონდა და პოტენციალიც, რომ ბოლომდე არ დამონებოდა შეერთებულ შტატებს. გარდა საფრანგეთისა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა ყველგან გახსნა თავისი სამხედრო ბაზა. ამ ბაზებზე მნიშვნელოვანი ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავდა განლაგებული. ასეთი ბაზა და ცოცხალი ძალა ჰყავდა. ამერიკას იაპონიაშიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნებში დღემდე აქვთ სამხედრო ბაზები (გარდა საფრანგეთისა) და რომელ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ ისინი, ანუ ეს ქვეყნები? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ 1946 წლის მიწურულიდან ამერიკის მიერ ატომურად ბომბარდირებულმა იაპონიამ საბჭოთა კავშირს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და ოკუპირებული კურილიის კუნძულების დაბრუნება მოითხოვა. იაპონია, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების წაქეზებით მოქმედებდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ წაგებულმა ქვეყანამ საკმაოდ უხეში ულტიმატუმით მოითხოვა კურილიის ოკუპირებული კუნძულების დაბრუნება.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „იაპონელთა ნოტა ჩვენმა უწყებამ მიიღო და რომ გავეცანი, გულიანად გამეცინა. რა თქმა უნდა, აშკარა იყო, რომ იაპონელების უკან ამერიკელი წამქეზებლები იდგნენ. სხვა შემთხვევაში ისინი ასეთ თავხედობას ვერ გაბედავდნენ. ნოტა სტალინს მივუტანე. გაეცნო, გაეღიმა და მითხრა:

– ამერიკელები ახლა შორეული აღმოსავლეთიდან გვიტევენ. კარგი, გასაგებია. მოწვევა გაუგზავნე ჩვენს იაპონელ კოლეგებს, რომ მათთვის ხელსაყრელ დროს მოსკოვში ჩამობრძანდნენ და მოლაპარაკება დავიწყოთ ოკუპირებული კურილიის კუნძულების თაობაზე.

თავდაპირველად სტალინის სიტყვები ხუმრობა მეგონა და გამეღიმა. მან კი დაამატა:

– არ ვხუმრობ. ჩამოვიდნენ და თუკი შევთანხმდებით, კუნძულების დაბრუნება პრობლემა არ იქნება.

მართლაც, იაპონიის მთავრობის დელეგაცია მოსკოვში ჩამოვიდა. მათ ჩვენ შევპირდით, რომ კურილიის ოკუპირებულ კუნძულებს უპირობოდ დავუბრუნებდით, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ამერიკული სამხედრო ბაზები იაპონიას დატოვებდნენ. წინასწარი შეთანხმება მიღწეულ იქნა და იაპონიის სამთავრობო დელეგაცია კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში. სტალინს რომ მოვახსენე ამ შეხვედრის შესახებ, მას ირონიით ჩაეცინა და თქვა – კიდევ ერთი კუნძულის ოკუპაცია უნდა მოვახდინოთ, რომ ამერიკულ ბაზებს გავუთანაბრდეთ. ამერიკელები იაპონიიდან ფეხს არ მოიცვლიან და სამხედრო ავანტიურაში რომ არ ჩაგვაბან, ამიტომო... სტალინი, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა. მეორე დღეს იაპონიამ უმკაცრესი ულტიმატური ფორმით გვითხრა უარი ჩვენს მოთხოვნაზე და კუნძულების დაბრუნების საკითხი უფრო მკაცრად დაგვისვა... ერთი საათიც არ იყო გასული ამ მოთხოვნიდან, რომ ჩვენმა საზღვაო ძალებმა კიდევ ერთი კუნძული დაიკავეს კურილიებზე და იაპონელთა „რისხვას“ ასეთი პასუხი გაეცა.“

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინის გარდაცვალებამდე, მსოფლიო რამდენიმეჯერ იდგა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. ყველა შემთხვევაში ამის უკან ამერიკა ფიგურირებდა. მაგრამ სტალინის შეუპოვრობამ და პრინციპულობამ ყოველთვის უკუაგდო ეს საფრთხე და მსოფლიოს თავიდან ააცილა კატასტროფა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა