რატომ ვერ აჯობეს სტალინს გლობალურმა მსოფლიო პოლიტიკოსებმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.12
იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და მისი ეს თვისება ყველაფერში გამოიხატებოდა. მას, არა მხოლოდ მართვა შეეძლო, არამედ მოვლენების განჭვრეტა და მათზე გავლენის მოხდენა...
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ანალიზის შესაშური უნარი ჰქონდა და არასოდეს ცდებოდა ამ საქმეში. ამასთანავე, იმის უდიდესი უნარიც ჰქონდა, რომ მომავალ ცუდ მოვლენას ღირსეულად დახვედროდა და გამკლავებოდა. მაგალითად, სტალინმა ყოვლად უშეცდომოდ გათვალა ტროცკისა და მისი მომხრეების მომავალი სვლები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და თუ რა შედეგით დასრულდა ეს ამბავი, საიდუმლო არავისთვისაა. მომავალი ბელადი ისე მომზადებული, შემართული იყო ამ ბრძოლისთვის, რომ ერთი წამგებიანი პოზიციაც კი არ ჰქონია. სტალინი ჭადრაკის გროსმაისტერივით მართავდა ყველაფერს და ამავე ენით რომ ვთქვათ: ბრწყინვალე სტილით გაიმარჯვა კიდეც... სტალინის მიღწევების უმაღლესი მწვერვალი, რა თქმა უნდა, ომში გამარჯვება და ჰიტლერის დამარცხება იყო. მანამდე კი სტალინმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინმა დიდი ხნით ადრე ამოხსნა ის მრავალუცნობიანი ამოცანა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკური ელიტა ამზადებდა და დიდი გამოცდის წინაშე დააყენა პლანეტა...
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიაჩესლავ მოლოტოვმა ცენტრალურ ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. სტალინის უახლოესი თანამებრძოლი თითქმის ყველაფერზე საუბრობდა. თუმცა, ეს ინტერვიუ არა მხოლოდ დამონტაჟებული, შეკვეცილი და ცენზურაგავლილი სახით აჩვენეს, არამედ სრული ტაბუ დაადეს და საიდუმლო არქივში შეინახეს. ეს აკრძალვა პირადად „პერესტროიკის“ „მამისგან“, მიხეილ გორბაჩოვისგან მომდინარეობდა, ხოლო გორბაჩოვს კი ეს მისმა ზემდგომებმა, გლობალური პოლიტიკის „მამებმა“ უბრძანეს... თუმცა ამ ინტერვიუს ასლი შენახულია და მისი ფრაგმენტები დროდადრო ნახულობს დღის სინათლეს... მოლოტოვი ყვება: „ლენინი ახალი დასაფლავებული გვყავდა და სტალინს ჯერ კიდევ ძალიან მცირე ძალაუფლება გააჩნდა. მე მაშინ მისი თანაშემწე ვიყავი და 24 საათის განმავლობაში 8–10 საათს ერთად ვატარებდით. მრავალ რაღაცაზე ვსაუბრობდით და ქვეყნის აღმშენებლობის გეგმაზე ვმუშაობდით. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო პროცესის დროს, მსჯელობამ ადგილობრივ მასშტაბებს გაგვაცილა, მსოფლიო პოლიტიკაში „გავიჭერით“ და სტალინმა მითხრა:
– გინდა გითხრა, თუ რა მოხდება წლების მერე?
– თქვი, კობა, – ვუთხარი მე.
– ეს ხალხი გერმანიასთან დაგვაჯახებს და შეეცდება, აქედან ყოველმხრივი სარგებელი მიიღოს.
– პროგნოზი უმადური საქმეა, – ხელი ჩავიქნიე და ცნობილი ფრაზა წარმოვთქვი.
სტალინს ჩაეცინა და მიპასუხა:
– ეს მკითხავის წინასწარმეტყველება ნუ გგონია. სულ მალე რეალურად დაინახავ ყველაფერს.
– რას ამბობ, კობა, საიდან მოიტანე? გერმანია სულს ღაფავს, რეპარაციებშია ყელამდე და შეიძლება ითქვას, რომ უფსკრულში იჩეხება.
– იჩეხება, მაგრამ არ გადაჩეხავენ. მეტიც, მას ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ გახდიან. და იცი ვინ გააკეთებს ამას? – თქვა სტალინმა.
– ვინ? – ვკითხე.
– ადოლფ ჰიტლერი, — ცალსახად მიპასუხა სტალინმა, არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ 1928 წელია და გერმანია კოლოსალურ კრიზისშია.
– ეს „მუხუდოს მასხარა“? – გამეცინა მე.
– კი, სწორედ ეგ. დააკვირდი, თუ როგორ ბაძავენ მას ამერიკელები. მერწმუნე, რომ სულ მალე ჰიტლერი და მისი პარტია გერმანიის სათავეში მოვლენ და თუ რას დაატრიალებენ, მერე ნახავ. – თქვა სტალინმა.
– მალე, მაინც როდის? — ვიკითხე მე.
– მაქსიმუმ 5 წელიწადში — მიპასუხა სტალინმა.
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ეს ამიხდა...“
სტალინის ეს პროგნოზი ისტორიულ გამოცდილებასა და მსოფლიო პოლიტიკის ცოდნით იყო განპირობებული. მან იცოდა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ფარული ძალები შეეცდებოდნენ, რუსეთისა და გერმანიის ერთმანეთთან შეტაკებას. არც ის იყო რთული მისახვედრი, რომ ამ საქმეში „ახალგამოჩეკილ“ ჰიტლერს გამოიყენებდნენ და დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო...
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



