ბელადები

რატომ უწოდა ჩერჩილმა სტალინს თვითნაბადი გენიოსი

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.06

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო და ადრეული ბავშვობიდანვე განაცვიფრებდა ადამიანებს როგორც ინტელექტით, ასევე რკინისებური ნებისყოფით. სწორედ ამ ორი აშკარად გამოკვეთილი უნარის წყალობით გახდა ეს ადამიანი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი რუსეთის იმპერიის მიყრუებულ, ეკონომიკურად ჩამორჩენილ პერიფერიაში დაიბადა. ამასთან, ნიშანდობლივი ისაა, რომ ეს ადამიანი სოციალურად ყველაზე დაბალი ფენის ოჯახში იშვა. თუმცა, თავისი გენეტიკური, ეროვნული კოდის წყალობით, უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია და მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მმართველი გახდა. სტალინის გამორჩეულად მწვავე მეტოქე (ჰიტლერის შემდეგ) ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლორდი უინსტონ ჩერჩილი აღფრთოვანებას ვერ მალავდა სტალინის პიროვნებით. ჩერჩილს თავდაპირველად არც კი სჯეროდა, რომ სტალინი უმდაბლესი სოციალური ფენის ოჯახში იყო დაბადებული და გაზრდილი და ფიქრობდა, რომ მას უმაღლესი დონის ევროპული, საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა მიღებული. ხოლო როდესაც ჩერჩილი დარწმუნდა, რომ სტალინს დაუმთავრებელი სემინარიული განათლება ჰქონდა, უფრო მეტად გაოცდა და მას თვითნაბადი გენიოსი უწოდა. ჩერჩილის შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო, რადგან ჯერ პატარა სოსელო, შემდგომ „კობა“ და ბოლოს სტალინი წამითაც არ ანელებდა თვითგანათლების ტემპს. ძალიან ბევრ ლიტერატურას ეცნობოდა და რაც მთავარია, ღრმად, ბოლომდე სწვდებოდა წაკითხულის აზრს. ამაში კი საბჭოთა ბელადს ხალასი გონება და ფენომენალური მეხსიერება უწყობდა ხელს. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა ზეპირად, უშეცდომოდ იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, არა მარტო რუსთაველის, ანუ ქართულ ენაზე, არამედ რუსულადაც. მას განსაკუთრებულად მოსწონდა ამ უკვდავი, გენიალური პოემის შალვა ნუცუბიძისეული რუსული თარგმანი და ერთი მთლიანი თავი თავადაც თარგმნა. ნუცუბიძემ კი ეს ვარიანტი ჩასვა, თუმცა არავისთვის გაუმხელია, რომელი თავი იყო სტალინის მიერ ნათარგმნი და დიდმა მეცნიერმა ეს საიდუმლო სამარეში ჩაიტანა. 1936 წლის კონსტიტუციას რომ იხილავდნენ, სტალინი ყველა სხდომას ესწრებოდა და თავმჯდომარეობდა, რადგან კონსტიტუციური კომისიის თავმჯდომარე იყო. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, ანდრე ვიშინსკი იხსენებდა: „სტალინი ყოველთვის მაგიდის თავში იჯდა. ჩვენ, კომისიის წევრები კი, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ ვიყავით განლაგებული. თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციის პროექტის თითო ეგზემპლარი გვედო წინ, რომლებიც წიგნის ფორმატით იყო დაბეჭდილი და მასში შესწორებები შეგვქონდა, როდესაც ამა თუ იმ საკითხს გავივლიდით. ამიტომ ეს წიგნები გადაშლილი იყო და მათში ხშირად ვიხედებოდით. ასეთი წიგნი სტალინსაც ედო წინ. თუმცა, ყოველთვის დახურული ჰქონდა. საქმე კი ის იყო, რომ სტალინმა ზეპირად იცოდა ამ სქელტანიანი პოლიტიკური დოკუმენტის შინაარსი და ჩვენდა გასაკვირად, ყოველ შეტანილ ცვლილებასაც იოლად იმახსოვრებდა და ადვილად შეეძლო როგორც ძველი, ასევე შესწორებული ტექსტის ზუსტად გამეორება და განმარტება. ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ნამდვილად შეუძლებელი რამ იყო, მაგრამ არა სტალინისთვის, რადგან სტალინი, მართლაც არაჩვეულებრივი, ყველასგან გამორჩეული ადამიანი, განსაცვიფრებელ ინტელექტუალურ უნარებს ამჟღავნებდა...“

დაახლოებით იმავეს (მეტი თუ არა) ჰყვება გამოჩენილი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე იაკოვლევი: „ყველა ახალი თვითმფრინავის პროექტს სტალინთან განვიხილავდით და მას დაწვრილებით ვუხსნიდით ყველა პლუს-მინუსს. სტალინმა ამ თვითმფრინავების ყველა უმნიშვნელო დეტალიც კი კარგად იცოდა, ახსოვდა მათი დასახელებები და ყოფილა შემთხვევა, რომ პროექტის წარდგენისას რომელიმე ჩემ მიერ შექმნილი დეტალის სახელი თავიდან ამომვარდნია და სტალინს შეუხსენებია ჩემთვის. ასეთი რამ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო და იოტისოდენითაც არ ვაჭარბებ...“ ერთი სიტყვით, სტალინი, ალბათ, იმიტომ სარგებლობდა განსაკუთრებული პატივისცემითა და აღიარებით, როგორც სამეცნიერო, ისე კულტურულ წრეებში, რომ ამ ადამიანებს, ამ კორიფეებს, ტოლ-სწორი კოლეგასავით ელაპარაკებოდა ყველა იმ თემაზე, რასაც მათი სფეროები მოიცავდა და ხშირ შემთხვევაში მათი სტალინთან შეხვედრების სამეცნიერო და ლიტერატურულ დისპუტებს უფრო ჰგავდა, ვიდრე უმაღლესი თანამდებობის პირთან შეხვედრებს. აქედან გამომდინარე, რომ არა რევოლუციონერობა და შემდგომში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, სტალინს თავისუფლად შეეძლო მსოფლიო დონის მეცნიერი ან ხელოვანი გამხდარიყო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა