ბელადები

რატომ შეცვალა სტალინმა ატომურ პროექტში მოლოტოვი ბერიათი

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 13.11, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

საყოველთაოდაა ცნობილი, თუ რა უდიდესი წვლილი მიუძღვის ლავრენტი ბერიას საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში. მაგრამ ამ პროცესის მიმდინარეობის უამრავი დეტალი დღემდე „ცხრაკლიტულშია“ გამოკეტილი და ტაბუ ადევს. თუმცა, ინფორმაციები ზოგიერთი მათგანის შესახებ დროდადრო მაინც გამოდის ხოლმე, რაც ბევრ რამეს ჰფენს ნათელს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „თავდაპირველად საბჭოთა ატომურ პროექტს მე ვკურირებდი. საქმეში მთელი არსებით ვიყავი ჩართული, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი, გრანდიოზული საქმის განხორციელებისთვის სულ სხვა წყობის ადამიანი იყო საჭირო. დაუფიქრებლადაც ნათელი იყო, რომ ასეთი ადამიანი ლავრენტი ბერია იყო. ამიტომ სტალინთან მივედი და ჩემი მოსაზრება გავუზიარე. მან დაუყოვნებლივ მომცა თანხმობა. მაშინვე გამოიძახა ბერია და უთხრა, ატომური პროექტი ჩაიბარეო“.

მოლოტოვის სიტყვებიდან გამომდინარე, მან თავად თქვა უარი ასეთი საქმის კურატორობაზე და საკმაოდ არგუმენტირებულადაც ამტკიცებს ამას, თუმცა, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. თავად სტალინს არ მოეწონა მოლოტოვის საქმიანობა. ბელადთან გამოძახებულ მოლოტოვს ბერია კაბინეტში დახვდა. სტალინმა სწორედ მისი თანდასწრებით უთხრა ბერიას, ატომური პროექტი ჩაიბარეო.

ეგორ კურჩავტოვი: „მე ატომური პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიყავი, მოლოტოვი კი – საერთო კურატორი. მას ევალებოდა ჩვენი ყოველმხრივი უზრუნველყოფა. სიმართლე უნდა ითქვას, ის ყველანაირად ცდილობდა ამას, მაგრამ კარგად არ გამოსდიოდა. და, რადგან სტალინს ყოველდღიური ინფორმაციები მისდიოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ, ბელადი ამით უკმაყოფილო იყო. ერთ დღეს თავად სტალინმა დამირეკა და მეორე დღის დილას კრემლში დამიბარა. ცოტა არ იყოს, შევშინდი კიდეც. რომ ჩავფრინდი და გამოვცხადდი, მან დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი და ბოლოს მკითხა:

– მოლოტოვზე რა აზრის ხართო?

– ყველაფერს ცდილობს, რომ დაგვეხმაროს-მეთქი, – ვუპასუხე.

– ეს საკმარისი არაა, – ცივად თქვა სტალინმა და დაამატა, – ზეგიდან ახალი კურატორი გეყოლებათ და შეგიძლიათ, ნებისმიერი რამ მოსთხოვოთ, ის გაუჩინარს გაგიჩენთო.

აბა, როგორ გავუბედავდი ბელადს, ახალი კურატორის ვინაობაზე მეკითხა. მას თავად უნდა ეთქვა, მაგრამ არ თქვა. ამიტომ სტალინს გამოვემშვიდობე და ურალში დავბრუნდი. გზაში მარჩიელობა არ დამიწყია, ვის გამოგზავნიდა სტალინი. უფრო მოლოტოვზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ მას თუ არ დახვრეტდნენ, ციხეში მაინც ჩასვამდნენ. თუმცა შევცდი. მოლოტოვი ბერიამ ჩაანაცვლა. მას კარგად არ ვიცნობდი, თუმცა, როდესაც ახალი კურატორის ვინაობა შევიტყვე, დიდად არ გამიკვირვებია. ბერიამ ჩამოფრენისთანავე თათბირზე შეგვკრიბა და გამოგვიცხადა: მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს, ვფიქრობ, რომ თქვენს საქმიანობაში მზვერავები უნდა დაგეხმარონ. უკვე დავიწყე კიდეც შესაბამისი მოქმედება და ჩვენი მზვერავები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ატომური ბომბის საიდუმლო ტექნოლოგიები მოგვაწოდონო. და, მართლაც, უკვე ერთი კვირის მერე დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოწოდება, რამაც საბჭოთა ბირთვული იარაღის შექმნა ძალიან გაგვიადვილა“.

მოგვიანებით, კურჩატოვს სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, რომ საბჭოთა ფიზიკოსები ამერიკული ბომბის ბაზაზე ახორციელებდნენ თავიანთ სამუშაოებს და საბჭოთა დაზვერვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს შიფრავდნენ. ბერიაზე ლაპარაკი კი კატეგორიულად იყო აკრძალული. აკადემიკოსს არც ის უხსენებია, თუ რა უარყოფით როლს თამაშობდა მარშალი ჟუკოვი, რომელიც ურალის სამხედრო ოლქის მეთაური იყო და ცხვირს ყოფდა ისეთ საქმეებში, რაც მას არც ეხებოდა და არც ესმოდა. კურჩატოვსა და ჟუკოვს ერთმანეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ნათელია: რომ არა ბერია, საბჭოთა ატომური პროექტი საკმაოდ დიდი ხნით გაიწელებოდა. არადა, დრო არ ითმენდა.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „რომ არა მამაჩემი, სათუოა, შექმნიდა თუ არა საბჭოთა კავშირი ამ მოკლე დროში ბირთვულ იარაღს. როგორც იმ პროექტის მონაწილეთა მონათხრობიდან ვიცი, მარშალი ჟუკოვი სალდაფონურად ექცეოდა ფიზიკოსებს. მიდიოდა ხოლმე მათთან და ისეთ აბსურდულ შენიშვნებს აძლევდა, რომ ისინი გაოგნებული რჩებოდნენ. მაგალითად, ჟუკოვი მათგან მოითხოვდა, რომ სამხედრო ფორმით ემუშავათ და ამას იმით ასაბუთებდა, რომ ეს იყო სამხედრო პროექტი და სამხედრო წესები უნდა დაეცვათ, რადგან თითოეულ მათგანს ესა თუ ის სამხედრო წოდება ჰქონოდათ. ჟუკოვმა რამდენიმე ახალგაზრდა მეცნიერი ჰაუპტვახტშიც კი ჩასვა იმის გამო, რომ მუშაობის დროს სამხედრო წესებს ზუსტად არ იცავდნენ. კურჩატოვმა მამას მიმართა დახმარებისთვის. მამამ პირველად რბილად გააფრთხილა მარშალი, ხოლო, როდესაც ჟუკოვმა თავისი არ მოიშალა, მამამ მას უყვირა და დაემუქრა, უსიამოვნებები შეგხვდებაო. და, მართლაც, სულ მალე ჟუკოვი სტალინმა ურალს მოაშორა და ფიზიკოსებმაც შვებით ამოისუნთქეს“.

როგორც საიდუმლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ბერიამ სტალინს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა: ატომურ იარაღს რომ დავამზადებთ, ბომბი უკვე ჟუკოვის განკარგულებაში გადავა და ვშიშობ, „ბონაპარტისტული მისწრაფებები“ (ძალაუფლების მიტაცება სამხედრო ძალის გამოყენებით) არ გაუძლიერდესო. სტალინმა ორი დღის შემდეგ მოაშორა ჟუკოვი იქაურობას და მოსკოვში დააბრუნა.“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი