ბელადები

რატომ მოუვიდა სტალინს მცირე კონფლიქტი ლენინთან

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.12, 2020 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მავანნი ბოლშევიკების მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულში სდებენ ბრალს, ისტორიული სიმართლე სულ სხვა რამეზე მეტყველებს... 

ისტორიკოსი, პოლკოვნიკი ნაუმ კუზმიჩოვი წერს:

„სტალინი, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ ყოფილა, ისევე, როგორც ბოლშევიკები ან სხვა რევოლუციური პარტიების წევრები, თუმცა, საბჭოთა ბელადი არც ისეთი შავ-ბნელი პიროვნება იყო, როგორსაც მას ხატავენ. თუმცა ხშირად სიმკაცრესაც იჩენდა და ზოგჯერ ზედმეტ სისასტიკესაც. მაგრამ, მასზე ბევრად სასტიკი, შეიძლება ითქვას, სისხლისმსმელები ლენინი, ტროცკი და სვერდლოვი იყვნენ. სტალინის სისასტიკისა და სისხლისმსმელობის მაგალითად მის მაძაგებლებს, ეგრეთ წოდებული, „თბილისური ექსპროპრიაცია“ მოჰყავთ. ანუ, 1907 წლის 13 ივნისს თბილისის ცენტრში, ერევნის მოედანზე განხორციელებული თავდასხმა სახაზინო ეტლზე. ამ ტერორისტულ-კრიმინალური აქციის შედეგად 350 ათასი მანეთი გაიტაცეს. თანხის მცირე ნაწილი ოქროს ფული იყო, დანარჩენი კი – მსხვილნომინალიანი მანეთის კუპიურები. ყველაზე საყურადღებო კი ამ აქციაში ის იყო, რომ თავდასხმას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები...“

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს:

„იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გამოჩენილი, ცნობილი რევოლუციონერი იყო და სწორედ ამიტომაც დევნიდა მას „ოხრანკა“.

რა თქმა უნდა, სტალინი ექსპროპრიაციებსაც ახორციელებდა და ნაწილობრივ ამგვარადაც ავსებდა პარტიულ სალაროს, რომელიც მას ებარა. მაგრამ, სტალინის „ექსები“ (ექსპროპრიაციები) ყოველთვის უსისხლო ხასიათის იყო. „კობა“ (მაშინ სტალინს ასეთი პარტიული ფსევდონიმი ჰქონდა), ძირითადად, ბაქოში მოღვაწეობდა და თანამედროვე ჟარგონით რომ ვთქვათ, პარტიისთვის საჭირო თანხებს სუფთად „აწერდა“ ფულიანებს. მაშინდელ ბაქოში კი ფულიანები უმსხვილესი ნავთობმაგნატები – როტშილდები, ნობელები და რამდენიმე ადგილობრივი წარმოშობის ნავთობმეწარმეები იყვნენ. „კობას“ ისეთი მდგომარეობა ეკავა ბაქოში, რომ მის სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა. რასაც იტყოდა, ის სრულდებოდა, თან ისე დააყენა საქმე, რომ კმაყოფილები იყვნენ როგორც მეწარმეები, ასევე მათი მუშა-მოსამსახურეები და რა თქმა უნდა, ბოლშევიკ-არალეგალები.

მაშინ სტალინის მარჯვენა ხელი „კამო“ იყო, იგივე, სიმონ ტერ-პეტროსიანი. სწორედ, „კამო“ კრეფდა ფულს – სტალინის დავალებით ის აკითხავდა მაგნატების ოფისებს და „შეწერილი“ თანხები „კობასთან“ მიჰქონდა, რომელიც შემდგომ ამ ფულს შვეიცარიაში მცხოვრებ ლენინს უგზავნიდა. ლენინი კი თანხებს ანაწილებდა. თითოეული „ფულიანისგან“ ყოველთვიური გადასახადი 10 ათასი ოქროს მანეთი იყო, რაც იმ დროს ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა. ამგვარად, ყოველთვიურად სტალინი ლენინს 50-60 ათას მანეთს აწვდიდა... 1907 წელს კი ბოლშევიკებს მოულოდნელად ხუთჯერ იმაზე მეტი თანხა დასჭირდათ, რასაც სტალინი ყოველთვიურად მოიპოვებდა. სწორედ, ამ საჭიროებას მოჰყვა, ეგრეთ წოდებული „თბილისური ექსპროპრიაცია“.

საგულისხმო ფაქტია, რომ დღიდან ამ აქციისა, ყველას ჰგონია, რომ მისი სულისჩამდგმელი სტალინი იყო და ბევრს ეს დღემდე სჯერა. არადა, სწორედ, სტალინი იყო მისი ერთადერთი მოწინააღმდეგე, თუმცა ის მაინც განხორციელდა...

საგულისხმო ფაქტია ის, თუ რატომ დასჭირდათ ბოლშევიკებს ასე მოულოდნელად იმაზე ხუთჯერ მეტი თანხა, რასაც ისინი ყოველთვიურად იღებდნენ. აქ ლაპარაკია ემიგრანტ-ბოლშევიკებზე ლენინის მეთაურობით, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და საკმაოდ უზრუნველყოფილადაც. საქმე ის იყო, რომ მათ კარგი ცხოვრების გამო 280 ათასი მანეთის ვალი დაედოთ და ერთი მხრივ, ქუჩაში დარჩენა დაემუქრათ, მეორე მხრივ კი – ციხე ან რუსეთში დეპორტაცია, სადაც მათ გაციმბირება ელოდათ. სწორედ, ამ ვალის დასაფარავად გახდა საჭირო ეს ფული და რბილად რომ ვთქვათ, ემოციებში მყოფმა ლენინმა ამ ფულის შოვნის სასწრაფო საჭიროების საკითხი დააყენა და შვეიცარიაში საიდუმლო თათბირი მოიწვია.

არც თუ დიდი ხნის წინ, მე საშუალება მომეცა, რომ ლეონიდ კრასინის დღიურებს გავცნობოდი, რომელიც 1926 წელს ლონდონში გარდაიცვალა. ეს დღიურები კი „ჩეკას“ მიერ იყო კონფისკირებული და 90 წლის განმავლობაში საიდუმლო საცავში იყო მოთავსებული. კრასინი გვამცნობს, რომ ამ საიდუმლო თათბირზე იყვნენ თავად კრასინი, ალექსანდრე ბოგდანოვი, მაქსიმ ლიტვინოვი, „კამო“ და სტალინი („კობა“). ლენინი კატეგორიულად მოითხოვდა ფულს. „კამომ“ თქვა, რომ ამ ფულის შოვნა თბილისში შეიძლებოდა და თვალნათლივ დახატა ამ „ექსის“ სურათი, ანუ შეიარაღებული თავდასხმა, რომელსაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ყველამ, ლენინის მეთაურობით, მოიწონა ეს იდეა და მხოლოდ სტალინი იყო წინააღმდეგი. მან თქვა, რომ ამ თანხის შოვნას ბაქოშიც შეეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიური „შენაწირი“ უკვე გადახდილი იყო. ლენინმა დაასკვნა – ერთი მეორეს ხელს არ უშლისო და ასე დაიშალნენ.

იმ დროს, როდესაც თბილისში დიდი უბედურება დატრიალდა, სტალინი ბაქოში იმყოფებოდა. მან 300 ათასი მანეთი პირადად გამოართვა მაგნატებს, პირდაპირ ლენინს ჩაუტანა და სწორედ შვეიცარიაში შეიტყო თბილისური ტრაგედიის ამბავი. საგულისხმოა, რომ სტალინს ლენინთან ამ საკითხზე მცირე კონფლიქტი მოუვიდა, მაგრამ მალევე მოგვარდა. თუმცა „კამო“ სტალინმა მკაცრად შერისხა ურჩობისთვის და მასთან, ფაქტობრივად, კავშირი გაწყვიტა. ნიშანდობლივია ის, რომ ბოლშევიკებმა სისხლიანი ფულის მხოლოდ ოქროს მონეტები გამოიყენეს, ხოლო მსხვილი კუპიურები კი დაწვეს, რადგან მათი გადახურდავება შეუძლებელი იყო – ევროპის ყველა ბანკში იცოდნენ ამ კუპიურების ნომრები. ისე მოხდა, რომ „კამო“ გერმანიაში დააპატიმრეს. ამგვარად, მითი იმის შესახებ, რომ სისხლიანი თბილისური ექსპროპრიაცია სტალინის მიერ იყო სულჩადგმული, ტყუილია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი