ბელადები

რატომ მიიწვია სტალინმა ბერია მოსკოვში საიდუმლოდ

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.05

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა კავშირის აღორძინების მთავარი ბურჯი იყო, რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირი 40 წლით ადრე არ დაიშალა.

ალექსანდრე პროხანოვი: „ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაში და მან ეს საქმე საკავშირო ასპარეზზე „ენკავედეს“ ხელმძღვანელობით დაიწყო. სტალინმა ტყუილად როდი თქვა – „კადრები წყვეტენ ყველაფერს“. საბჭოთა ბელადმა ბერიაში ის მნიშვნელოვანი და მთავარი კადრი ამოიცნო, ვისაც დაეყრდნობოდა და სანიმუშოდ აღასრულებდა მის ჩანაფიქრს, დაეხმარებოდა და უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანდა საბჭოთა კავშირის აღორძინებაში. 1938 წლის დეკემბერში მოსკოვში გადაყვანილი ბერია სტალინმა „ენკავედეს“ უფროსად გაამწესა, რადგან ეჟოვის თავნებობა და ჯოჯოხეთური საქმიანობა ყელში ამოუვიდა. საქმე ის იყო, რომ სტალინმა შეიტყო ამ „ბოროტი კარლიკის“ საქმიანობის ამბავი. ანუ ის, რომ ეჟოვმა „ჩეკისტური“ ელიტის 50 პროცენტი დახვრიტა, 20 პროცენტი კი ციხეში გაამწესა და დასახვრეტად ჰყავდა გამზადებული. ამიტომ 1938 წლის ოქტომბრის მიწურულს, სტალინმა საიდუმლო ვითარებაში პირადი თვითმფრინავით თბილისში თავისი დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი გაგზავნა და ბერია მოსკოვში ჩააყვანინა.

ლავრენტი ბერიას ვაჟი იხსენებდა: „ვლასიკი ღამით მოვიდა ჩვენთან. მამა ათიოდე წუთის დაბრუნებული იყო სამსახურიდან და უნდა ევახშმა. დედამ ვლასიკი იცნო და შეეშინდა. იფიქრა, მამის დასაჭერადაა ჩამოსულიო და გაფითრდა. მე მხარზე მომხვია ხელი და ქართულად მითხრა, შენს ოთახში წადიო. მეც იგივე გავიფიქრე, რაც დედამ და შიშმა შემიპყრო. ვლასიკი კი ზღურპლთან იდგა, იღიმებოდა და თქვა:

– ქალბატონო ნინო, შეიძლება შემოვიდე?

– მობრძანდით, – შემოიპატიჟა დედამ „ენკავედეს“ გენერალი და განზე გაიწია.

ამ დროს მამაც გამოვიდა. თვალი შევავლე მას, მაგრამ გაოცებისა და შეკრთომის ნატამალიც კი არ ეტყობოდა. ხელები გაშალა, ვლასიკისკენ დაიძრა და უთხრა:

– ნიკოლაი სიდოროვიჩ, რა დერეფანში დგახართ, ოთახში შემობრძანდით.

ვლასიკმა კი მას ღიმილით მიუგო:

– ლავრენტი პავლოვიჩ, ბოდიშს გიხდით ამ გვიანი ვიზიტისთვის. მგონი, თქვენი მეუღლე შევაშინე კიდეც, მაგრამ ამხანაგმა სტალინმა გამომგზავნა აქ. მოსკოვში უნდა წამომყვეთ. თვითმფრინავი გელოდებათ და რამდენ ხანში მოემზადებით?

– მე უკვე მზად ვარ. მხოლოდ თბილ სამოსს წამოვიღებ. როგორც ვიცი, მოსკოვში ახლა ძალიან ცივა, – უთხრა მამამ.

– დიახ, ასეა, ცივა, – თქვა ვლასიკმა შემდეგ მე და დედას მოგვიბრუნდა. შეწუხებისთვის მოგვიბოდიშა, ხელჩანთა გახსნა, იქიდან ორი ხვეული ამოიღო. ერთი მე მომცა, მეორე – დედას და დაამატა, – ეს ამხანაგმა სტალინმა გამოგიგზავნათო.

სტალინმა მე კრემლის კომპლექსის მაკეტი მაჩუქა, დედას კი – ფრანგული კოსმეტიკის ნაკრები. ამასობაში, ოთახიდან პალტო მომარჯვებული მამა გამოვიდა, ხელში მომცრო ჩანთა ეკავა. მე და დედას გვითხრა:

– ალბათ, მალევე დავბრუნდები. თქვენ კი მოსკოვში გასამგზავრებლად მოემზადეთ. ვფიქრობ, რომ სტალინი იქ გადამიყვანს სამუშაოდო.

ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.“

მოსკოვიდან ბერია მეორე დღესვე დაბრუნდა თბილისში. სტალინთან აგარაკზე მან მთელი ღამე გაატარა და როგორც ცნობილია, სტალინმა მას თავისი მომავალი გეგმები გააცნო და აუწყა, რომ ის ეჟოვის ადგილს დაიკავებდა.

როგორც კი ლავრენტი ბერია საკავშირო „ენკავედეს“ საქმიანობაში გაერკვა (ერთი თვე ბერია ეჟოვის მოადგილე იყო) და ეჟოვის პოსტი დაიკავა, პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მან ციხიდან „ენკავედეს“ დახვრეტას გადარჩენილი ელიტა გამოუშვა და თანამდებობებზე აღადგინა. საკმარისია მხოლოდ პავლე სუდოპლატოვისა და ნაუმ ეიტინგონის სახელების ხსენება. ამასთანავე, ბერიამ დაიწყო იმ ხალხის შემცვლელების მოძიება, ვინც ეჟოვმა ტყუილუბრალოდ დახვრიტა. თავად ეჟოვი კი ბერიას სანქციით დააპატიმრეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ობიექტური, ყოვლად მიუკერძოებელი გამოძიება დაიწყო, რაც ნიკოლაი ეჟოვის დახვრეტით დასრულდა.

„ენკავედეში“ ბერიას უამრავი პრობლემა დახვდა, პირველ რიგში კი – საკადრო საკითხში. ბერიამ ათასამდე პირადი საქმე მოითხოვა. თითოეულ მათგანს საფუძვლიანად გაეცნო. პირადად შეარჩია კადრები და საბჭოთა „ენკავედეს“ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე გაამწესა. დრო არ ითმენდა, ჰიტლერთან ომი კარს იყო მომდგარი და საბჭოთა კავშირისთვის მნიშვნელოვანი და მთავარი – უსაფრთხოება, მოშლილი იყო. ბერია დღე და ღამე თავდაუზოგავად მუშაობდა და 1939 წლის ზაფხულის დასაწყისში, ანუ 6 თვეში, „ენკავედე“ საჭირო სიმაღლეზე აიყვანა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა