ბელადები

რატომ იყენებდა სტალინი ჩეხეთის მრეწველობის 85 პროცენტს საბჭოეთის სასარგებლოდ

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.04, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც არასდროს არაფერს ივიწყებდა, მით უმეტეს, პოლიტიკაში. ოპონენტების ამა თუ იმ ქმედებების გამო ის ყოველთვის საკადრისი პასუხის გაცემას ცდილობდა და ხშირ შემთხვევაში კარგადაც გამოსდიოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს მავანნი სისხლისმსმელ ტირანს უწოდებენ და მისი პიროვნება რიგითი სისხლის სამართლის დამნაშავემდე დაჰყავთ. ამით კი უნდათ, სიმართლე დაფარონ. ზედაპირზე მხოლოდ და მხოლოდ მათთვის (ცილისმწამებლებისთვის) სასურველი ფაქტები ამოაქვთ, მთავარს კი, რა თქმა უნდა, მალავენ. ამ შემთხვევაში მე რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგის ნაწილს ვგულისხმობ, რომელიც ჩეხებმა მიითვისეს...“

რუსული ისტორიული წყაროების ცნობით, 1918 წლის აგვისტოში ქალაქ ყაზანიდან ციმბირის მიმართულებით რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგის ნაწილი გაიგზავნა, რათა ის ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდათ ხელში. 4 ვაგონში დატვირთული 200 ტონა ოქრო ტრანსციმბირულ მაგისტრალს გაუყვა და ირკუტსკში ჩავიდა. მაგისტრალს ჩეხური ლეგიონი აკონტროლებდა. ისე მოხდა, რომ 50 ტონა ოქრო გზაში გაქრა. ხოლო 150 ტონა ჩეხებმა სამშობლოში წაიღეს. ამ ოქროს მეშვეობით ააღორძინეს მრეწველობა და განსაკუთრებით კი – სამხედრო წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სტალინმა ჩეხებს გატაცებული ოქროს დაბრუნება მოსთხოვა. ეს არ მოხერხდა. ამიტომ, სტალინმა ჩეხეთის სამხედრო მრეწველობის 85 პროცენტი საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ აამუშავა და ეს საქციელი მონათლა დასავლეთმა ძარცვად...

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სასაცილოა, სტალინის ეს ქმედება ძარცვად მონათლო. საბჭოთა ბელადმა თავისი ქვეყნის კუთვნილი ქონება მოითხოვა და რა იყო ამაში სისხლის სამართლის დანაშაული? სტალინი ჯერ კიდევ 1918-1919 წლებში „აჯდა კუდზე“ ადმირალ კოლჩაკის მიერ ციმბირში გატაცებულ ოქროს. მაშინ ის ლენინის დავალებით მოქმედებდა, როგორც საგანგებო სამხედრო კომისარი. სწორედ სტალინის ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი კოლჩაკის არმიის დამარცხება, ადმირალის შეპყრობა და დასჯა. თუმცა ოქროს დიდი ნაწილის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და ვერც ჩეხების მიერ გატაცებული ოქრო ჩაიგდეს ხელში. აი, სწორედ ის ოქრო მოითხოვა სტალინმა და რადგან ოქრო უკვე საქმეში იყო ჩადებული, საბჭოთა ბელადმა, სწორედ, ეს საქმე გამოიყენა ქვეყნის სასარგებლოდ, ესაა ძარცვა?..“

სტალინმა ჩეხური სამხედრო მრეწველობა, სამუშაო ძალასთან ერთად, მართლაც ძალიან ეფექტურად გამოიყენა. საბჭოთა ბელადი ასევე დიდი წარმატებით იყენებდა ჩეხურ ქიმიურ წარმოებას, რაც ჩეხეთში მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ჩეხეთიდან დიდი რაოდენობით ეზიდებოდნენ ბუნებრივ რესურსებს, ასევე, საბჭოთა ატომური ბომბისთვის აუცილებელ ურანსა და სხვა რადიოაქტიურ კომპონენტებს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის – ვერ მომინელებია, როგორ ცხვირწინ „აგვწაპნეს“ ჩეხებმა ოქროს მარაგის დიდი ნაწილი და მოვა დრო, როდესაც მას დავიბრუნებთ. თუ ოქროს არა, მაშინ იმას გამოვიყენებთ, რაც იმ ოქროთი შექმნესო... სტალინი ჩეხეთის მრეწველობას გულისხმობდა. ხოლო როდესაც დასავლეთმა ჰიტლერს ჩეხეთი აჩუქა, სტალინი ამბობდა – ფაშისტებს მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი შეემატათ და ხარისხიან იარაღს გამოუშვებენო... სხვათა შორის, ჩერჩილმა თქვა: საბჭოთა ლიდერი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც ჩეხების სამრეწველო კომპლექსი საბჭოეთზე აამუშავა. ის ხომ რუსული ოქროთი შეიქმნა. ვალებს კი გადახდა უნდა. თუმცა, მაშინ ეს ვალად აღებული არ იყო ძარცვა განხორციელდა. მეც ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც სტალინიო... არა მარტო ჩერჩილი, არამედ ყველა ისე მოიქცეოდა და ტყუილად ცდილობენ სტალინის დადანაშაულებას...“

ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ტოტალური ლანძღვა-გინების კორიანტელი წამოვიდა სტალინის მისამართით, საბჭოთა ბელადს ყველა უბედურებას მიაწერდნენ, თუმცა მათი უმეტესობა ტყუილი იყო. ჩეხებს კი ერთი სიტყვითაც არ უთქვამთ, სტალინი ჩვენს მრეწველობას იყენებდაო. მაშინ, ისიც უნდა ეღიარებინათ, თუ როგორ შეიქმნა ეს მრეწველობა და ასეთი რამ კი მათთვის წაგებიანი იყო...

ანტისტალინური პროპაგანდა უკვე ძალიან დიდი ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ მეტ-ნაკლები წარმატებით და პარადოქსია, რომ სტალინს ის ერიც მწვავედ უტევს, ვისთვისაც საბჭოთა ბელადს ყველაზე მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული....

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი