რატომ გაუხსნა ბერიამ გზა აკრძალურ კიბერნეტიკას
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 27.04

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ადამიანი იყო. მართალია, ის დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის ფრიად განსწავლული ადამიანი იყო პოლიტიკაში და თავისი უწყების დახმარებით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტდა.
არსენ მარტიროსიანი: „სპეცსამსახურები უხსოვარი დროიდან მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. ბერიამ კი ეს საქმე უმაღლეს დონეზე, ხელოვნების რანგში აიყვანა. გარდა ინფორმაციის მოპოვებისა, ბერიამ შეიმუშავა „ვერბოვკისა“ და „დავერბოვკებულის“ გამოყენების ახალი მეთოდები. ბერიამ ჩამოაყალიბა სპეციალური სკოლა, სადაც გადამბირებლებს („ვერბოვშჩიკებს“) ამზადებდნენ. მასწავლებელთა კონტინგენტი მრავალფეროვანი იყო და სხვადასხვა პროფესიას მოიცავდა. რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ენის სპეციალისტები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ამზადებდნენ მათ. ბერიას გადამბირებლები უბრალო ინფორმატორებს როდი „ითრევდნენ“, ისინი (გადამბირებლები) სოლიდური, ჭკვიანი ხალხის გადაბირებით იყვნენ დაკავებული და ნახევარზე მეტი გადაბირებული შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ცენტრალური ფიგურა ხდებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც შემდგომ მხოლოდ იმ ქვეყნის პირველი პირი კი არ გახდა, საბჭოთა პოლიტიკასაც ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურის მთელი ხელმძღვანელობა სწორედ ამ ხალხის („ვერბოვშჩიკების“) მიერ იყვნენ მომზადებული თავიანთი მომავალი საქმიანობისთვის.“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახური, სახელწოდებით „შტაზი“, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. „შტაზი“ უშუალოდ ბერიას პირმშოა. ბერიას დამსახურებაა მისი დაარსება. ამ სამსახურის საქმიანობაში კი ის თავადაც იღებდა მონაწილეობას. მან „შტაზი“ ჩაიფიქრა, როგორც საბჭოთა პოლიტიკის გამტარებელი, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში. ხოლო გერმანიის დაზვერვის შეფი მარკუს ვოლფი პირადად ბერიას მიერ იყო დამოძღვრილი და ისე ღრმად კონსპირირებული, რომ მსოფლიოს არცერთმა სპეცსამსახურმა არ იცოდა მისი ვინაობა. არ გააჩნდათ მისი ფოტო და მხოლოდ 70-იან წლებში მოიპოვეს ეს ინფორმაცია „შტაზიდან“ გაქცეული მაღალჩინოსნისგან. „შტაზის“ თანამშრომლები იდეოლოგიურად აბსოლუტურად პროსაბჭოურ ყაიდაზე იყვნენ მომართულები. ძველი თაობის მუშაკთა ასმა პროცენტმა იცოდა რუსული ენა და მზად იყვნენ, შეესრულებინათ ნებისმიერი ბრძანება. „შტაზში“ უმკაცრესი დისციპლინა სუფევდა და ბერიას წყალობით, იქ ყველაფერი საათივით იყო აწყობილი. „შტაზი“ „კაგებეს“ (მანამდე „ენკავედეს“) ფილიალი იყო და მის ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენდა. მარკუს ვოლფს პირადად ვიცნობ და ეს ადამიანი, რომ იტყვიან, ბერიას ფინია იყო და დღემდე აღმერთებს მას. სანამ ბერია ცოცხალი იყო, ვოლფი უშუალოდ მისგან იღებდა საიდუმლო მითითებებს. წესით, როგორც მე, ასევე მარკუსიც, ბერიას მკვლელობის მერე უნდა მოეშორებინათ თავიდან, მაგრამ ეს ვერ გაბედეს. იმიტომ ვერ გაბედეს, რომ მთელი დაზვერვა მარკუსზე იდგა და მისი მოშორება დეზორგანიზაციას გამოიწვევდა. ეს კი ხელს არ აძლევდა საბჭოთა ხელმძძღვანელობას. კიდევ კარგი, რომ ამდენი ჭკუა მაინც ეყოთ და მარკუს ვოლფი თანამდებობაზე დატოვეს. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ვოლფი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლამდე ინარჩუნებდა თავის პოსტს და ბოლომდე მოქმედებდა იმ სქემით, რომელიც მან ბერიასთან ერთად შეიმუშავა.“
არსენ მარტიროსიანი: „სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიამ თავისი პოლიტიკური აქტივობა გააათმაგა. მან ახალი კურსი აიღო და რომ არ მოეკლათ, თავის ჩანაფიქრს უეჭველად განახორციელებდა. ბერიას კაპიტალისტურ სამყაროსთან დაახლოებისა და ურთიერთობების დათბობის მყარი გეგმა ჰქონდა. ამ გეგმაში შედიოდა, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან დაახლოება. ბერიამ თავისი სტრატეგიული, პირადი მზვერავების მეშვეობით კარგად უწყოდა ამ ქვეყნების ლიდერების განწყობა და ამის შესაბამისად მოქმედებდა. პირველ რიგში, ბერიას იმიტომ უნდოდა მათთან ურთიერთობების დათბობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური დაძაბულობა მოეხსნა. აგრეთვე, ბერიას სურდა, რომ საბჭოთა კავშირში დანერგილიყო დასავლური ტექნოლოგიები ყველა იმ სფეროში, რომელშიც მათ საბჭოთა ქვეყანა ჩამორჩებოდა. ბერია საუცხოოდ ერკვეოდა მეცნიერებაში და სწორედ ბერიამ გაუხსნა გზა კიბერნეტიკას, რომელიც სტალინმა შეცდომით აკრძალა. თუმცა ბერიას მკვლელობის მერე ხრუშჩოვმა კვლავ აკრძალა ეს მეცნიერება და საბჭოთა კვაშირი რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩა ამ მოწინავე ქვეყნებს კომპიუტერების ჯერ დანერგვის, შემდგომ კი განვითარების საქმეში. ბერიას სრულიად სამართლიანად მიაჩნდა, რომ კომპიუტერი აუცილებელი ატრიბუტი იყო სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით კი – სპეცსამსახურების საქმიანობისთვის. ლავრენტი ბერიას მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, თვალში არ მოუვიდათ გონებადაბინდულ, მექრთამე, სადისტ და ამორალურ ხრუშჩოვსა და მის გუნდს. ამიტომ ეს უნიჭიერესი კაცი (ლავრენტი პავლეს ძე ბერია) ყოვლად უსამართლოდ, ყოვლად ბინძური გზით ვერაგულად მოიშორეს თავიდან, საბჭოთა ქვეყნის განვითარება შეაჩერეს, შემდგომ კი მათმა მემკვიდრეებმა ეს სახელმწიფო დაშალეს. ბერია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან