ბელადები

რატომ გამოაცხადებინა სტალინმა მეორე მსოფლიო ომში მეოთხე გამარჯვებულ სახელმწიფოდ საფრანგეთი

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.03, 2023 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

სტალინი შორსმხედველი პოლიტიკოსი იყო. ის გროსმაისტერულ „პოლიტიკურ კომბინაციებს“ ახორციელებდა. ხშირ შემთხვევაში ეს კომბინაციები მისი ოპონენტებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ საბჭოთა ბელადი ყოველთვის ახერხებდა თავის პოზიციის გატანას და მისთვის ხელის შეშლა შეუძლებელი იყო.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ამჟამინდელი საფრანგეთის პოლიტიკურ ელიტას არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სტალინმა იხსნა ეს ქვეყანა ნიურნბერგის პროცესზე ჰიტლერელებთან ერთად სამარცხვინო გასამართლებისგან. მეტიც, სტალინმა იმდენი შეძლო, რომ ჰიტლერთან ბრძოლაში საფრანგეთი მეოთხე გამარჯვებულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და ნიურნბერგის პროცესზე მეოთხე ბრალმდებელი ფრანგი იყო.“

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში ფრანგებს კარგად ორგანიზებული „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ჰქონდათ და მას გენერალი შარლ დე გოლი ედგა სათავეში, ოფიციალური ფრანგული მთავრობა ჰიტლერს უჭერდა მხარს, ხოლო ფაშისტების მხარეზე 300 ათასი ფრანგი იბრძოდა. ეს არც თუ ისე მცირე ძალა იყო. თუმცა, მთავარი აქ პოლიტიკური მომენტი იყო და ანგლო-ამერიკელებს ეს აცოფებდა. მართალია, ლონდონში „ფრანგული წინააღმდეგობის“ შტაბ-ბინა მდებარეობდა, დე გოლის მეთაურობით, მაგრამ ანგლო-ამერიკელებს ეს არ აკმაყოფილებდა. ჩერჩილსა და დე გოლს კი ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და „ბრიტანელი ლომი“ „გრძელცხვირა გენერალს“ (ჩერჩილმა შეარქვა დე გოლს), შეიძლება ითქვას, დასანახად ვერ იტანდა. სამაგიეროდ, ფრანგს სტალინი სწყალობდა. საბჭოთა ბელადს ხიბლავდა დე გოლის შეუპოვრობა. მთავარი კი ის იყო, რომ სტალინს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და ამ გეგმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სწორედ შარლ დე გოლს სახავდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ერთი მხრივ, სტალინს, მართლაც რომ, ძალიან ხიბლავდა ფრანგი გენერლის შემართება და პატივს სცემდა მას. მთავარი კი ის იყო, რომ საბჭოთა ბელადს დე გოლი იმ ჯოკერად მიაჩნდა, რომელსაც თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად დიდი წარმატებით გამოიყენებდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მოსკოვში ჩასული დე გოლი საბჭოთა ბელადმა დიდი პატივით მიიღო და ისე მოექცა, თითქოს ის საფრანგეთის მმართველი იყო. არა და გაგანია ომი მიმდინარეობდა და დე გოლი მხოლოდ ფრანგული წინააღმდეგობის ლიდერი იყო. მიღების ასეთი პატივი სტალინისგან არც თავად ჩერჩილს ხვდა წილად და არც სხვა ქვეყნის ლიდერს, ვინც მოსკოვში ჩადიოდა. 1943 წელს კი თეირანის კონფერენციაზე სტალინსა და ჩერჩილს შორის პირველი კამათი სწორედ საფრანგეთის საკითხთან დაკავშირებით მაშინ წარმოიშვა. იმ დღეებში სტალინმა ამ კამათს განვითარების საშუალება არ მისცა. თქვა – გადავდოთო და არც გაგრძელებულა. თუმცა, ყირიმის კონფერენციაზე კამათი განახლდა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი სხდომის დროს იხილებოდა საკითხი, თუ რა ფორმით დაესაჯათ დამარცხებული ფაშისტები. ნიურნბერგის მომავალ პროცესზე, ფაქტობრივად, ძალიან მალე შეთანხმდნენ და საკითხი უკვე უნდა დახურულიყო. მაგრამ, მოულოდნელად ჩერჩილმა ითხოვა სიტყვა და თქვა:

– მეგობრებო! ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოგვრჩა. ჰიტლერი და მისი ბანდა რომ საერთაშორისო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს და შესაბამისად დაისაჯოს, ისედაც ნათელი იყო. მაგრამ მათ გვერდით ფრანგებიც უნდა მივუსვათ.

ჩერჩილმა პაუზა გააკეთა და სტალინსა და რუზველტს გადახედა, რომლებიც მდუმარედ უსმენდნენ „ბრიტანელ ლომს“. სავარაუდოდ, ჩერჩილმა ეს თანხმობად მიიჩნია და სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ სტალინმა არ აცადა და თქვა:

– ეს მოსაზრება საფუძველშივე მცდარია. სამწუხაროდ, ბატონი ჩერჩილი ცდება და არა მგონია, რომ ამ დარბაზში მსხდომთაგან მას ვინმე დაეთანხმოს, თვით მისი დელეგაციის წევრებიც კი.

ამის მერე ჩერჩილმა თავისი პოზიციის დაცვა დაიწყო და ბოლოს თქვა:

– ხომ აშკარაა, რომ დღემდე ჰიტლერის მხარეს 300 ათასი ფრანგი ჯარისკაცი იბრძვის და ეს მათი სახელმწიფო პოლიტიკააო.

სტალინმა კი უპასუხა:

– ბატონო პრემიერო, საფრანგეთი 60-მილიონიანი ქვეყანაა და 300 ათასი წვეთია ზღვაში. მით უმეტეს, რომ მათი უმრავლესობა ტყვეობაში გვყავს. ფრანგი ერის ლიდერი კი უმამაცესი გენერალი დე გოლია და ესაა ერისა და სახელმწიფოს პოლიტიკა.

უკვე პოტსდამში, როდესაც არჩევნებწაგებული ჩერჩილის მაგივრად იქ კლემენტ ეტლი დაბრუნდა, ხოლო ამერკიის შეერთებულ შტატებს კი ახალი პრეზიდენტი, ტრუმენი წარმოადგენდა, სტალინმა იოლად მოახერხა საფრანგეთის მეოთხე გამარჯვებულად გამოცხადება მეორე მსოფლიო ომში. სტალინმა ამით ფრანგებისა და მათი მომავალი პრეზიდენტის, დე გოლის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და ეს მხარდაჭერა მისი სიკვდილის მერეც კი არ შენელებულა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი