ბელადები

რატომ გამოაცემინა ჰიტლერმა სტალინის მოკლე ბიოგრაფია გერმანიაში

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.04, 2023 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

1947 წელს საბჭოთა კავშირში 30-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მოკლე ბიოგრაფიული წიგნი. ბევრმა არ იცის, რომ ეს ბესტსელერი დამატება იყო (გამდიდრებული გამოცემა) 1936 წელს გამოცემული ანალოგიური წიგნისა, რომელსაც შემდგომ სკანდალური ბედი ჰქონდა და მსოფლიო პოლიტიკაში გარკვეული როლი შეასრულა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1947 წელს გამოცემული სტალინის მოკლე ბიოგრაფიული წიგნი (შოკოლადისფერი) ყოველ მესამე საბჭოთა ოჯახში დღემდე ინახება. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ათი წლით ადრე – 1937 წელს გამოიცა სტალინის მოკლე ბიოგრაფია და ამ გამოცემას შემდგომში თავისი პოლიტიკური ისტორია ჰქონდა. მეორესთან შედარებით, პირველ გამოცემაში, რა თქმა უნდა, ნაკლები ისტორიული ფაქტები იყო მოყვანილი (მეორე მსოფლიო ომი იქ არ იყო). თუმცა, ეს გამოცემა პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ და ისტორიაში გარკვეული როლიც შეასრულა“.

1937 წლის გამოცემაში, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომი ვერ იქნებოდა შეტანილი. იქ, ასევე, არ იყო ლაპარაკი სტალინის რევოლუციურ მოღვაწეობაზე და ტროცკისტების დამარცხებაზე. ანუ ეს იყო ბევრად ტიპური საბჭოთა-პროპაგანდისტული ნაწარმი, რაც იმ პერიოდში (შემდგომაც) საკმაოდ ბევრი იბეჭდებოდა. თუმცა, სულ მალე ამ წიგნმა სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ეს ეხება საბჭოთა კავშირ- ფაშისტური გერმანიის ურთიერთობას.“

იმ პერიოდში, როდესაც სტალინის მოკლე ბიოგრაფია პირველად გამოიცა, საბჭოთა კავშირი და გერმანია ნელ-ნელა ავითარებდნენ დაახლოების პოლიტიკას და საამისოდ ორმხრივ ნაბიჯებს დგამდნენ. ეს ნაბიჯები 1939 წელს დადებულ, ეგრეთ წოდებული, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით დაგვირგვინდა ურთიერთთანამშრომლობისა და თავდაუსხმელობის შესახებ. მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ რიბენტროპი ჩავიდა. პაქტზე ხელმოწერის გარდა, რიბენტროპმა მოსკოვში ჩაიტანა 1939 წელს ბერლინში გამოცემული სტალინის მოკლე ბიოგრაფია, რომელიც გერმანულ ენაზე იყო ნათარგმნი. გამოცემას ჰქონდა უძვირფასესი ყდა და ფურცლები. ნაბეჭდი იყო გოთური შრიფტით და წარწერა პირადად ჰიტლერს ჰქონდა გაკეთებული, სადაც ფიურერი აღნიშნავდა, რომ აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ბელადით. გამოცემის ბრძანება, რა თქმა უნდა, ადოლფ ჰიტლერმა გასცა. ამ წიგნში იყო ერთი ნიუანსი – ფაშისტებს დამატებული ჰქონდათ ფოტო, რომელზედაც აღბეჭდილები იყვნენ ჰიტლერი და სტალინი ლვოვის საიდუმლო შეხვედრაზე. სწორედ ამ ფოტომ გამოიწვია მნიშვნელოვანი სკანდალი ყველა კატეგორიის პოლიტიკურ წრეებში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა არქივებში საკმაოდ მაღალი წვდომა ჰქონდა, ვერც ჰიტლერ-სტალინის ლვოვური შეხვედრების საბუთებს გავეცანი და ვერც ჰიტლერის მიერ სანქცირებული გამოცემას – „სტალინის მოკლე ბიოგრაფიას“ (გერმანულად). თუმცა, შეხვედრაც სინამდვილეა და წიგნიც. და სწორედ ეს გახდა პროტესტის საგანი გერმანიიდან გადახვეწილი კომუნისტებისა, ვინც სტალინს უპირობოდ უჭერდნენ მხარს და გაფანტულები იყვნენ, როგორც ევროპაში, ასევე, სხვა კონტინენტებზე მათ არ მოეწონათ, პირველ რიგში, სტალინისა და ჰიტლერის საიდუმლო შეხვედრა და ერთობლივი ფოტო. ამიტომ, ამ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა მსოფლიო პრესაში ანტისტალინური კამპანია გააჩაღა და საბჭოთა ლიდერს იდეალების ღალატსა და ბნელ ძალასთან კავშირში დასდეს ბრალი. თუმცა, ეს პროცესი მალევე შეწყდა და ეს თავად სტალინმა მოახერხა...“

როგორც შემდგომ თავად სტალინი ვიწრო წრეში აღნიშნავდა, ჰიტლერის ეს ქმედება მიზნად ისახავდა სტალინის დისკრედიტაციასა და დისონანსის შეტანას კომუნისტურ ძალებში, რაც ფიურერს ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. თუმცა, სტალინმა, გიორგი დიმიტროვის მეშვეობით, მაინც მოახერხა და პროტესტის შეჩერება და ჰიტლერის მცდელობამ საბჭოთა კავშირისთვის უმნიშვნელო ზიანით ჩაიარა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „დიმიტროვმა პარიზში მოახერხა და შეკრიბა ყველა პროტესტანტი (ეს იყო კონსპირაციული შეხვედრა, რომელიც საბჭოეთმა ფარულად დააფინანსა) და განუმარტა, რომ სტალინისა და ჰიტლერის ფარული შეხვედრა იყო მხოლოდ პოლიტიკური ტრიუკი და რომ ეს დროის მოსაგებად გაკეთდა, რაც აბსოლუტური სიმართლე იყო. ამიტომ, პროტესტის ტალღა მომენტალურად ჩაცხრა და ფიურერის ტრიუკმა არაეფექტურად იმუშავა. თუმცა, სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთობები უფრო გაღრმავდა და სწორედ ამან მისცა საბჭოეთს დროის მოგების საშუალება, რამაც საბოლოო ჯამში, მეორე მსოფლიო ომში გაგვამარჯვებინა...“

სხვათა შორის, სტალინის მოკლე ბიოგრაფია – 1947 წლის გამოცემის ანალოგი, 1948-1949 წლებში გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში (ინგლისურ ენაზე) და საფრანგეთში (ფრანგულად). ეს წიგნები, მიუხედავად „ცივი ომისა“ ამ ქვეყნებში ბესტსელერი გახდა და მთლიანად გაიყიდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი