ბელადები

რატომ გაგზავნა ექსპედიცია ტიბეტში ბერიამ

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.09

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან განათლებული, ერუდირებული ადამიანი იყო, მას მრავალმხრივი ცოდნა ჰქონდა. ამ ადამიანს თავისი ნიჭის წყალობით ნებისმიერ საკითხში ღრმად ჩაწვდომის უნიკალური უნარი ჰქონდა, შეეძლო, ესა თუ ის ცოდნა დიდი წარმატებით გამოეყენებინა საქმის სასიკეთოდ.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „საბჭოთა დაზვერვის გერმანული რეზიდენტურის მუშაობა დიდი ომის წინ მნიშვნელოვნად იყო გააქტიურებული და ბერლინიდან ყოველდღე მოგვდიოდა სხვადასხვა სახის უამრავი ინფორმაცია. 1939 წლის ზაფხულში მივიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ ჰიტლერი მორიგი ექსპედიციის გაგზავნას გეგმავდა ტიბეტში. ეს, თითქოს, უმნიშვნელო ინფორმაცია იყო, თუმცა, ბერიამ მას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭა. მან კარგად უწყოდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ტიბეტურ ექსპედიციებს, რადგან მშვენივრად იყო გათვითცნობიერებული ამ საკითხებში. ტიბეტში, ჰიტლერი ეძებდა მისტიკურ არტეფაქტებს და ცდილობდა, საიდუმლო ცოდნის მოპოვებას, რათა ეს ყველაფერი თავისი ძალაუფლების გასამყარებლად და მსოფლიოზე ბატონობისთვის გამოეყენებინა. ბერია მსგავს მისტიკურ საკითხებში კარგად იყო გარკვეული და ჯერ კიდევ ბაქოში, იატაკქვეშა მოღვაწეობის პერიოდში შეისწავლიდა და ღრმად ეცნობოდა ამ ყოველივეს. თანაც, ბერიამ იცოდა „ჩეკისტ“ იაკობ ბლუმკინის ვიზიტის შესახებ ტიბეტში. ეს ვიზიტი ბლუმკინმა 20-იან წლებში ტროცკის დავალებით განახორციელა და „ენკავედეს“ არქივებში ამის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო. მთავარი და ძირითადი კი ბლუმკინმა ტროცკის გადასცა და სავარაუდოდ, ეს დოკუმენტები სწორედ ტროცკისთან ინახებოდა მეხიკოში. ბერიამ კონსულტაცია გაიარა ცნობილ ტიბეტოლოგთან, სვიატოსლავ რერიხთან და შემდეგ, რადგან იცოდა, რომ სტალინი მისტიკაში შესანიშნავად ერკვეოდა, რერიხთან ერთად სტალინს ეახლა კრემლში. ბელადმა შესანიშნავად გაიგო, თუ რა უნდოდა ბერიას და თანხმობა მისცა, ტიბეტში დელეგაცია გაეგზავნა. იმავე მისიით, რომლითაც იქ ფაშისტები აპირებდნენ ჩასვლას. ამ ექსპედიციას რერიხი ხელმძღვანელობდა. ოცდაათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მეცნიერები და „ჩეკისტები“ შედიოდნენ. მისიამ ტიბეტში 15 თვე იმუშავა. მისი წევრები ომის დაწყების წინ დაბრუნდნენ სამშობლოში და თან უაღრესად გასაიდუმლოებული ინფორმაციები ჩამოიტანეს. საგულისხმოა ისიც, რომ 1940 წელს, როდესაც ლევ ტროცკის ლიკვიდაცია განხორციელდა, ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე რამონ მერკადერმა (ტროცკის მკვლელმა) ტროცკისთვის ბლუმკინის მიერ გადაცემული საბუთები მოიპარა და საბჭოთა აგენტს გადასცა, რომელმაც ეს საბუთები მოსკოვში ჩამოიტანა. ამგვარად, ლუბიანკაზე საკმაოდ მრავალფეროვანი მსგავსი საბუთი დაგროვდა, რომლებიც შესაბამის ანალიზსა და დამუშავებას მოითხოვდა, მაგრამ ეს საქმე ომის დაწყებამ შეაფერხა.“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა. სტალინმა ბერია დაიბარა და დაავალა, რომ ტიბეტში მოპოვებული საიდუმლო მასალების შესასწავლად „ენკავედეში“ სპეციალური განყოფილება შეექმნათ. ასეთი განყოფილება 1945 წლის თებერვალში შეიქმნა. მასში გაერთიანდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ისინი შეისწავლიდნენ დოკუმენტაციას, რომელიც სხვადასხვა დროს იყო წამოღებული ტიბეტიდან. ყოველივე ამას დაემატა ის ათეულ ათასობით ფურცელი, რომლებიც ფაშისტური ექსპედიციების შედეგად იყო მოპოვებული და ყველა ამ დაგროვილ ცოდნას სწავლობდნენ ახლადშექმნილი განყოფილების თანამშრომლები. საგულისხმო ფაქტია, რომ მსგავსი ცოდნის დაგროვება და შესწავლა ოთხმოცდაათიან წლებამდე ხორციელდებოდა და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის დაშლილად გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვში ებრაული „მოსადის“ ჯგუფი ჩამოვიდა და ამ ლაბორატორიაში 47 წლის განმავლობაში დაგროვილი და დოკუმენტურად ჩაწერილი ცოდნა მათ გაატანეს.“

დიდი ალბათობით, „მოსადმა“ გორბაჩოვს ფული გადაუხადა ამ დოკუმენტაციის გადაცემაში. ცნობილია ისიც, რომ „კაგებეში“ იმ დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საბუთების სხვა ქვეყანაში გატანას, მაგრამ ეს ადამიანები სპეცრაზმის მეშვეობით იზოლაციაში, შინა პატიმრობაში მოაქციეს და როცა მთელი დოკუმენტაცია გაიტანეს, მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ერთ-ერთ ასეთ მოწინააღმდეგესთან მე მრავალსაათიანი პირისპირ საუბარი მქონდა. ეს ადამიანი გენერალი, ძველი კადრი იყო და მითხრა, რომ ბერიას მიერ შექმნილ საიდუმლო განყოფილებაში ტიბეტში მოპოვებული საიდუმლო ცოდნის ღრმა შესწავლა მიმდინარეობდა. მაგალითად, დაამუშავეს ადამიანზე დისტანციურად ზემოქმედება, მასობრივი ჰიპნოზი და ტიბეტური მკურნალობის მეთოდები. ყველაფერი ეს უდიდესი საუნჯე იყო, რომელიც გორბაჩოვმა ქვეყანასთან ერთად გაყიდა და გაანიავა, ასევე, ის ყველაფერი, რაც ბერიას დიდი ძალისხმევით მოიპოვეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა