ბელადები

რატომ გადმოიტანეს გერმანელებმა, სტალინის წინადადებით, საბჭოთა კავშირში თავიანთი სამხედრო მრეწველობა

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.11, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი შორსმჭვრეტელი, მიზანდასახული პოლიტიკოსი იყო და უშრეტ ენერგიასთან ერთად დიდი ნებისყოფაც ჰქონდა. მისი მმართველობის პერიოდი საბჭოთა კავშირის უმძლავრეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორია იყო.

აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „სტალინმა შეუძლებელი შეძლო. უაღრესად მტრულ გარემოცვაში მოქცეული საბჭოთა კავშირი აგრარული ქვეყნიდან უმძლავრეს ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აქცია და ამაში, ძირითადად, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები დაიხმარა, ანუ ის ორი სახელმწიფო, რომლებიც რუსეთს ისტორიულად მტრობდნენ და მსოფლიო ბატონობას ეცილებოდნენ.“

აკადემიკოსი აბსოლუტურად მართალია და ერთი შეხედვით, ამოუხსნელი ფენომენია, რომ სტალინმა თავისი ქვეყნის ინდუსტრიულ-ეკონომიკური სიძლიერე ტრადიციულად ისტორიულ მტრებს – გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეასრულებინა.

პროფესორი როი მედვედევი: „სტალინი ძალიან ეშმაკი პოლიტიკოსი იყო და სხვებზე უფრო წინ იყურებოდა – ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, სტალინმა ზუსტად იცოდა, ვისთვის რა და როდის, ასევე, როგორ შეეთავაზებინა და ყოველთვის გამოსდიოდა კიდეც. ამ შემთხვევაში მტრებზე მაქვს საუბარი. მოდი, ისტორიას გადავხედოთ. ვერსალის ხელშეკრულებით, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას აკრძალული ჰქონდა 100 ათას კაცზე მეტი რაოდენობის არმიის შექმნა, ხოლო სამხედრო მრეწველობა კი – სრულად. სტალინმა რა ქნა? რა და, გერმანელების ფსიქოლოგიაზე ითამაშა. სჭირდებოდა რა საბჭოთა ბელადს კვალიფიციური საინჟინრო კადრები ინდუსტრიალიზაციისთვის, გერმანელებს შესთავაზა, რომ მათ თავიანთი სამხედრო მრეწველობა საბჭოეთში გადაეტანათ, სამაგიეროდ კი, თავიანთი ინტელექტუალური ძალებით დახმარებოდნენ საბჭოეთის ინდუსტრიალიზაციას. გერმანელები უმალვე დათანხმდნენ ამ წინადადებაზე და ძალიან კარგად და ორგანიზებულად გადმოიტანეს მრეწველობა საბჭოთა კავშირში. ამასთან, მთელი საბჭოთა ელექტრიფიკაცია გერმანელებმა განახორციელეს. ამით სტალინმა ერთბაშად ორი დიდი საქმე გააკეთა. შეიქმნა მძლავრი ბაზისი ენერგეტიკაში, ხოლო გერმანულ სამხედრო ქარხნებში დასაქმებულმა საბჭოთა მოქალაქეებმა სპეციალობები შეიძინეს. თანაც, საბჭოთა უშიშროება გერმანული სამხედრო მრეწველობის პროექტებს ფარულად ითვისებდა და მოგვიანებით უკვე მცირედი კორექტირებით (ეს კორექტირება უპირატესი იყო), საბჭოთა კავშირი გერმანულზე უკეთეს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას უშვებდა...“

ასე გრძელდებოდა ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამდე. ფიურერმა ჯერ ვერსალის ხელშეკრულება გააუქმა და შემდგომ კი თავისი სამხედრო მრეწველობის უკან დაბრუნება დაიწყო. თუმცა, საბჭოეთი უკვე საფუძვლიანად იცნობდა გერმანულ ტექნოლოგიებს, გერმანულ პროექტებს და წარმატებითაც ახორციელებდა მათ.

დიმიტრი ვოლკოგონოვი (გენერალი, სტალინის ბიოგრაფი): „როგორც ომის შემდგომ საბჭოთა კავშირისთვის ხელში ჩავარდნილი ფაშისტური არქივებიდან ჩანს, რასაც სხვადასხვა მემუარული ლიტერატურაც ადასტურებს, ჰიტლერი ცოფებს ყრიდა იმის გამო, რომ გერმანული სამხედრო მრეწველობა რუსეთში იყო გადატანილი და ფიურერი მართალიც იყო. თითქმის იგივე „ფინტი“ გაუკეთა სტალინმა ამერიკელებს. სტალინი მათ ძველთაძველი ოცნების ახდენას დაჰპირდა, ანუ ციმბირის სიმდიდრეებთან მიშვებას, პირობის სანაცვლოდ კი ამერიკული ტექნოლოგიები მიიღო. სანამ საბჭოთა სპეციალისტები ამერიკულ ტექნოლოგიებს ითვისებდნენ, სტალინმა ამერიკელებს ციმბირში მცირე დოზებით მისცა საშუალება, რომ იქ ხე-ტყე და ზოგ შეზღუდულ ადგილებში ოქროც კი მოეპოვებინათ. თუმცა, შემდგომ მათ იქ ფეხი ამოუკვეთა...“

ამის გამო მთელი რიგი ამერიკელი თუ სხვა დასავლეთელი პუბლიცისტ-მკვლევარი სტალინს მატყუარასა და სიტყვის დამრღვევს უწოდებდა. თუმცა, საბჭოთა ბელადს არასოდეს უთქვამს ვინმესთვის, სამუდამოდ გაგიხსნით ციმბირსო. მით უმეტეს, ამის არანაირი დოკუმენტური დადასტურება არ არსებობს. ამიტომ, სტალინისთვის მატყუარას იარლიყის მიკერება არასამართლიანია...

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ომის დროს, როცა ჩერჩილი მოსკოვში ჩამოვიდა და სტალინს შეხვდა, მეც იქ ვიმყოფებოდი. მთელი რიგი საკითხების განხილვის შემდეგ, ჩერჩილმა სიგარა გააბოლა და სტალინს ნახევრად ხუმრობით უთხრა:

– იცით, ბატონო პრემიერო, მე ვფიქრობ, რომ ჰიტლერამდელმა გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა არასაპირწონე დახმარება გაუწიეს რუსეთს. ამან კი თქვენი ქვეყანა ფეხზე ძალიან სწრაფად დააყენა. ჩემი აზრით, ისინი მოტყუებულები დარჩნენ.

სტალინს არ გასჭირვებია იმისი მიხვედრა, თუ საით „უბერავდა ქარი“ და ბრიტანელ ლომს მიუგო:

– რომ არა ეს ტყუილი, თქვენ ახლა აქ კი არა, გესტაპოს ციხეში იჯდებოდით. ფაშისტები კი ბრიტანეთის კუნძულებზე იპარპაშებდნენ.

ჩერჩილი გაშრა. საუბრის სურვილი გაუქრა. დაღლილობა მოიმიზეზა და სასტუმროში დაბრუნდა.“

რაც არ უნდა უწოდონ სტალინს და რა იარლიყიც არ უნდა მიაკერონ, ერთი რამ ცხადზე უცხადესია – მან დიდი სახელმწიფო შექმნა. სტალინმა ფაშიზმის დამარცხებაში ლომის წილი შეიტანა და ამიტომაცაა, რომ დღესაც კი მას მილიონობით ადამიანი სცემს თაყვანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი