ბელადები

რატომ გადაიფიქრა სტალინმა მოსკოვის დატოვება

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი
დაკოპირებულია

გარდა იმისა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო, ის განსაკუთრებული სიმამაცითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ზოგჯერ კი – სისასტიკითაც, რადგან ისეთ პერიოდსა და ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ახალი, სასტიკი დასავლურ-ოლიგარქიული მმართველობა იკიდებდა ფეხს და რომელიც ყველა ღონესა და საშუალებას მიმართავდა ნეოკოლონიალური პოლიტიკის გასამარჯვებლად.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის სისასტიკე სამშობლოს მოღალატისა და გარეშე მტრების წინააღმდეგ იყო მიმართული და მისი მიზანი იყო ამ უბედურების ჩახშობა, რაც მსოფლიოს დაღუპავდა. დიდი ოქტომბრის რევოლუციამდე, სანამ ბოლშევიკური წეს-წყობილება დამყარდებოდა, სტალინმა თითქმის ოცწლიანი იატაკქვეშა რევოლუციური გამოცდილება მიიღო. ეს პერიოდი სავსე იყო ხიფათით და მაშინ, ჯერ კიდევ „კობა“ (სტალინის პარტიული მეტსახელი, ფსევდონიმი), ყოლველწამიერ უფსკრულის პირას გადიოდა. თუმცა ეს არა მარტო რევოლუციამდე ხდებოდა. სტალინი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, სტალინი იყო უფსკრულის პირას მოსიარულე ადამიანი. დანის წვერზე მდგომი პიროვნება. მუშაითი (თოკზე მოსიარულე), რომელიც დიდ სიმაღლეზე, ყოველგვარი დაზვევის გარეშე გადაადგილდებოდა წვრილ თოკზე და სიკვდილს შესცქეროდა თვალებში. სტალინი ჯერ კიდევ რევოლუციონრობის პერიოდში იყო ცოცხალი სამიზნე როგორც მეფის რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ასევე კოლეგა ოპონენტებისა თუ თანამოაზრე თანაპარტიელებისა. ხოლო, როდესაც მან უზარმაზარი ქვეყნის მმართველობის საჭე ჩაიბარა, ეს საფრთხე გაასმაგდა. თუმცა, სტალინს არასდროს არანაირი საფრთხის წინაშე უკან არ დაუხევია. სტალინის დაუძინებელი მტერი და ცილისმწაემებელი ლევ დავიდის ძე ტროცკი (ბრონშტეინი) თავის წიგნში – „სტალინი“, მომავალ ბელადს უაპელაციოდ ლანძღავდა და არნახულ ინსინუაციებს მიმართავდა მისი მისამართით. მაგრამ შიგადაშიგ სიმართლესაც ამბობდა. ტროცკი წერდა: „სტალინს არასოდეს აშინებდა ხიფათი. ის უდრეკი იყო და ამ თვისებით – პროფესიონალი რევოლუციონერების ორდენის ყველაზე გამორჩეული წევრი.“ ტროცკის ამ სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები, სტალინის ბიოგრაფიის ყოველ ნაბიჯზე უხვადაა. მარტო ის რად ღირს, რაც მან 1941 წლის ოქტომბერში გააკეთა. მოსკოვს ფაშისტური ურდოები უტევდნენ. ყინვითა და თოვლით დაფარული საბჭოთა დედაქალაქი დაცემის პირას იყო. ფაშისტური პროპაგანდა აცხადებდა, რომ მოსკოვის დაცემა რამდენიმე საათის საქმე იყო. ჰიტლერი კი წითელ მოედანზე პარადისთვის ემზადებოდა. ყველაფერი მზად იყო სტალინის ევაკუაციისთვის კუიბიშევში. მთელი მთავრობა კი გარდა ბერიასი, უკვე ევაკუირებული იყო. კუნცევოს აგარაკი და ყველა სტრატეგიული ადგილი კი – დანაღმული, ასაფეთქებლად გამზადებული, რომ მტერს არ ჩაეგდო ხელში. სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი სიდორის ძე ვლასიკი იგონებდა: „სტალინის საევაკუაციო ვაგონი და ოთხი ორთქლმავალი უკვე სრულ მზადყოფნაში იდგა სპეციალურ ჩიხში. დილის 9 საათზე სტალინს ვეახლე და ვუთხარი:

– ამხანაგო სტალინ, ყველაფერი მზადაა კუიბიშევში საევაკუაციოდ. გავდივართ.

სტალინმა ჯერ ჩიბუხი დატენა, შემდეგ დინჯად გააბოლა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და მითხრა:

– წავედით, მოსკოვის ქუჩებში გავიაროთ.

მოსკოვის მოყინულ ქუჩებში ნელა მივდიოდით. ქალაქი სავსე იყო გასაქცევად მომზადებული ადამიანებით, რომლებიც სწრაფად ტოვებდნენ დედაქალაქს. პურ-პროდუქტეულის მაღაზიებს კი მოროდიორთა ჯგუფები შესეოდნენ და ყველაფერს იტაცებდნენ. მილიცია ვერაფერს ახერხებდა. მოროდიორთა მასას ვერ უმკლავდებოდა. ბელადი ამ საშინელ სურათს მდუმარედ უმზერდა. მაგრამ, ეტყობოდა, რომ შინაგანად ბრაზი ახრჩობდა. შემდეგ მოსკოვის რაიკომებს ჩამოვუარეთ და ვნახეთ, რომ მათი უმრავლესობა დაცარიელებული იყო ხელმძღვანელობისგან და მხოლოდ რიგითი თანამშრომლები იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილებზე.

– უკან, კრემლში! – მრისხანედ ბრძანა სტალინმა.

– ევაკუაცია? – ვკითხე ბელადს. მაგრამ მან უხეშად ჩაიქნია ხელი. შემდეგ ბერია გამოიძახა და უთხრა:

– სასწრაფოდ გაარკვიეთ რაიკომების ხელმძღვანელების ვინაობები, ვინც ქალაქიდან გაიქცა ან გაქცევის პირასაა. ყველანი უკან დააბრუნეთ და დახვრიტეთ. მოსკოვის ქუჩებში კი შეიარაღებული რაზმები გაგზავნეთ. აგრეთვე, გამოავლინეთ მოროდიორები და პანიკიორები და ისინიც დახვრიტეთ. წადით, შეასრულეთ!

ბერია წავიდა და სტალინის ბრძანება 24 საათში შეასრულა. მოსკოვში წესრიგი აღდგა. სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ამ პერიოდში 5 ათასამდე ადამიანი დაიხვრიტა. მათ შორის თანამდებობის პირები.

ბერია რომ ბრძანების შესასრულებლად წავიდა, სტალინს ვკითხე:

– კუიბიშევში როდის გავემგზავროთ?

სტალინმა შემომხედა და მითხრა:

– აღარ მივემგზავრებით. კუნცევოს აგარაკი განნაღმეთ. ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეთ. სავარაუდოდ, ღამეს იქ გავათენებ.

ეს იყო ბელადის მყარი გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი შედეგი გამოიღო და წესრიგი აღსდგა...“

შემდგომ, სტალინმა კიდევ უფრო სარისკო ნაბიჯი გადადგა. ფაშისტები დედაქალაქიდან 25 კილომეტრში იმყოფებოდნენ. მან (სტალინმა) მოწინავე ხაზზე გიორგი ჟუკოვს მიაკითხა, რამაც სარდალი გააოგნა. თუმცა, ბელადი ამაზე არ გაჩერებულა. მან მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლა და მოსკოვის დამცველი არმიის რიგით ჯარისკაცებს 2 საათის განმავლობაში ესაუბრა. შემდგომ კი კრემლში დაბრუნდა. ბელადის ამ საქციელმა მებრძოლთა სულისკვეთება გააასმაგა და საბჭოთა ლიდერის გონებამ და სიმამაცემ დედაქალაქი დაცემისგან იხსნა, რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი