რატომ გადააღებინა სტალინმა მიხეილ ჭიაურელს ფილმი „გიორგი სააკაძე“
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უნიკალური ადამიანი იყო. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს მასზე ძლევამოსილი მმართველი და მას ამგვარად მისი თანამედროვე პოლიტიკური მოღვაწეები აფასებდნენ. ჩერჩილის თქმით, საბჭოთა ბელადმა ერთად აღებული ყველა დიდი მმართველი დაჩრდილაო.
ედვარდ რაძინსკი: „სტალინის პიროვნების ძალა მის მრავალმხრივობაში იყო. საბჭოთა ბელადს ერთდროულად კარგად ხელეწიფებოდა როგორც დიპლომატია, ასევე მწერლობა, ფილოსოფია და სხვა დისციპლინები. ტროცკი – სტალინის ყველაზე დაუძინებელი მტერი, თავის წიგნში – „სტალინი“ – ცდილობდა რა მიწასთან გაესწორებინა საბჭოთა ბელადი, პირიქით გამოუვიდა. ტროცკი წერდა: „სტალინი საშუალო დონის არარაობაა. როგორც რევოლუციონერს, მას ბადალი არ ჰყავდა კოლეგებს შორის. ნებისყოფით კი ის განსაკუთრებით გამორჩეული იყო პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენში..:.“
რევოლუციონერები საკმაოდ ძლიერი, გამორჩეული კასტა იყო საზოგადოებაში. მათ არც გონება და განათლება აკლდათ, არც სიმამაცე და თუკი ამ ხალხზე სტალინი ათი თავით მაღლა იდგა, რომელ საშუალო არარაობაზეა ლაპარაკი? ეს, უბრალოდ, ტროცკის ზიზღის გამოხატულებაა. თუმცა, ის მაინც ვერ ასცდა სტალინზე სიმართლის თქმას და მისდაუნებურად, შეაქო კიდეც ის.
საგულისხმოა, რომ სტალინს, თავისი ევროპელი კოლეგების მსგავსად, პრესტიჟული, საქვეყნოდ ცნობილი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. მას გორის სასულიერო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიის არასრული განათლება მიიღო. თუმცა, ცოდნით ყველა ზემოაღნიშნულზე ასი თავით მაღლა იდგა. სტალინმა უზარმაზარი თვითგანათლება მიიღო და დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას იღებდა წაკითხული დოკუმენტაციიდან და წიგნებიდან. სტალინს აღქმის უნიკალური უნარი ჰქონდა და საქმიდან გამომდინარე, შეეძლო, ნებისმიერ დისციპლინას დაუფლებოდა და სწავლობდა კიდეც. საბჭოთა ბელადის ერთ-ერთი უნიკალური თვისება იყო პროპაგანდის ნიუანსების ცოდნა და სტალინი საუცხოოდ ფლობდა ამ დისციპლინას.
ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებდა: „გაგანია ომი მიმდინარეობდა. ქვეყანაში უამრავი, ზღვა სისხლი იღვრებოდა. კინომუშაკები, ჩვენი მხრივ, მცდელობას არ ვაკლებდით და ყველაფერს ვაკეთებდით გამარჯვებისთვის. მე, სამწუხაროდ, ფრონტზე არ გამიშვეს. აქ დამტოვეს და მითხრეს: სტალინის ბრძანებაა, რომ კინომუშაკებმა გამარჯვება კინოფილმებში სჭედონო. ერთ დღეს კინოსტუდიაში, ჩემს ოთახში ვიმყოფებოდი. რაღაც სიუჟეტზე ვფიქრობდი. ჩემ გვერდით იყო ვერიკოც (ვერიკო ანჯაფარიძე. მიხეილ ჭიაურელის მეუღლე). ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე. იქიდან კი მომესმა:
– მიხეილ ჭიაურელი ბრძანდებით? (რუსულად).
რუსულადვე ვუპასუხე:
– დიახ.
– ერთი წუთით, – მითხრა იმავე ხმამ და შემდგომ უკვე ქართული ჩაერთო:
– ძია მიშა, შენ ხარ? (მიხეილ ჭიაურელს ახლობლები ასე მიმართავდნენ).
– მე ვარ. შენ რომელი ხარ?
– სოსო ვარ.
– ვინ სოსო?
– იოსებ სტალინი, – მოკლედ მომიჭრა მან და მე სხეულში გამცრა.
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო სტალინ, უცებ ვერ გიცანით. დიახ, გისმენთ.
– მიშა, აეროდრომზე ჩემი პირადი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. შენ გელოდებიან, მოსკოვში უნდა ჩამოხვიდე. შენთან საქმე მაქვს.
– გასაგებია, ამხანაგო სტალინ! მოსამზადებლად ნახევარი საათი დამიჭრდება.
– მიდი! გელოდები. შეხვედრამდე!
– მითხრა სტალინმა და ტელეფონი გათიშა.
ვერიკო გაფაციცებით მისმენდა და ბოლოს მითხრა:.
– სტალინი მოსკოვში გიბარებს?
– კი.
– რატომ?
– არ ვიცი, – მხრები ავიჩეჩე და დავამატე, – დრო არ მაქვს. ნახევარ საათში მზად უნდა ვიყო.
საღამოს უკვე კრემლში, სტალინის კაბინეტში ვიჯექი. ბელადი მომესალმა, აქაური ამბები გამომკითხა და ბოლოს მითხრა:
– შენ ქვეყნის საუკეთესო კინორეჟისორი ხარ. თანაც, ქართულ ფილმს ქართველზე უკეთ ვერავინ გადაიღებს და მინდა, რომ გიორგი სააკაძეზე გადაიღო.
ბელადმა განმიმარტა, რომ ეს ფილმი საბჭოთა მებრძოლების შემართებას გააძლიერებს და მშვენიერი პროპაგანდისტული მაგალითი იქნებაო. მეორე დღეს თბილისში დავბრუნდი და ანა ანტონოვსკაიას წიგნის მიხედვით სცენარზე მუშაობა დავიწყეთ. ძალიან მოვინდომეთ, მალევე დავამთავრეთ და მოსკოვში სტალინს ჩავუტანე. მან რამდენიმე შესწორება შეიტანა, ფრაზა – „რუსი, მოდის, რუსი მოდის“ ფილმში უშუალოდ სტალინის მიერაა ჩამატებული.“
„გიორგი სააკაძე“ საკმაოდ წარმატებული ქართული კინოსურათია. მასში საბჭოთა კინოს ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობენ და ჩემი აზრით, ერთი მხრივ, მასში მტერთან ბრძოლისა და გამარჯვების შესანიშნავი სურათია ნაჩვენები, მეორე მხრივ კი, ასევე, ჩემი ღრმა რწმენით, სტალინი საკუთარ თავს სააკაძესთან აიგივებს, იმ კუთხით, რომ მასავით გაწირა შვილი სამშობლოს სასიკეთოდ. ერთი სიტყვით, სტალინის საქმეებს სტალინისებური პროპაგანდაც თან ერთვოდა და ბელადს ეს მშვენივრად გამოსდიოდა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





