ბელადები

რატომ გააწევრიანა „გაეროში“ სტალინმა უკრაინა და ბელორუსია

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.01

საბჭოთა ბელადი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც ყველა საშუალებას იყენებდა საბჭოთა კავშირის გასაძლიერებლად როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზე.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მას შემდეგ, რაც სტალინის მეთაურობით საბჭოთა კავშირმა ფაშისტური გერმანია დაამარცხა, დასავლეთმა უკვე მწვავე პოლიტიკური შეტევა დაიწყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შეტევა მრავალმხრივი იყო, ფართო ფრონტს მოიცავდა და თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მთავარი საჯილდაო-პოლიტიკური არენა იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ანუ – გაერო. ამერიკელები, რომლებსაც დღემდე ამ ორგანოში განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ, იმთავითვე ცდილობდნენ პოლიტიკურ-სამართლებრივი ზეწოლა მოეხდინათ საბჭოთა კავშირზე და ეს უბრალო და მარტივი კენჭისყრით განეხორციელებინათ. და ასეთი რამ მათ არც თუ ისე იშვიათად გამოსდიოდათ კიდეც. ამერიკელების ძალისხმევით, არაერთი პროექტი ჩაუგდეს საბჭოთა კავშირს უბრალო უმრავლესობით. მართალია, უმეტეს შემთხვევაში უმრავლესობა პლუს ერთი ხმით განისაზღვრებოდა, მაგრამ ეს ფაქტი იყო. ასეთ პირობებში სტალინმა ერთი ეშმაკობა მოიფიქრა და ეს ეშმაკობა საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ სტალინის დონის ადამიანს თუ შეეძლო ასეთ რისკზე წასვლა.“

დიმიტრი ვოლკოგონოვი რისკიან ნაბიჯში უკრაინისა და ბელორუსიის გაეროში გაწევრიანებას გულისხმობს. ეშმაკური ნაბიჯი სტალინის მხრიდან იმას ემსახურებოდა, რომ ამით საბჭოთა კავშირმა დამატებით ორი ხმა მიიღო იმ ორგანოში. რისკიანი ნაბიჯი კი იმიტომ იყო, რომ თუ გაეროს წევრ ბელორუსიასა და უკრაინას საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა მოუნდებოდათ, მაშინ სტალინს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია შეექმნებოდა. განსაკუთრებით საშიში იყო უკრაინა, სადაც საკმაოდ მძლავრი ნაციონალისტური მოძრაობები იყო. თანაც მათ (ნაციონალისტებს) ხელს უწყობდნენ შეერთებული შტატები და დანარჩენი დასავლეთი. თუმცა, სტალინი არ შეუშინდა ამ საფრთხეს და ორი ხმაც მიიღო გაეროში, იმავდროულად კი ვერც უკრაინულმა ნაციონალისტურმა ძალებმა შეძლეს ამ სტატუსის გამოყენება თავიანთი მიზნებისთვის, მით უფრო ვერც ბელორუსებმა..

ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო– საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა ბელორუსია-უკრაინის გაეროში გაწევრიანების იდეა რომ გამიზიარა, მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შევხვდი. იმ პერიოდში უკრაინა იატაკქვეშა ნაციონალისტური ორგანიზაციებით იყო სავსე. აქედან გამომდინარე კი იმის დიდი რისკი არსებობდა, რომ ისინი ამ ფაქტს დიდი აჯანყებისა და არეულობის კატალიზატორად გამოიყენებდნენ. რა თქმა უნდა, სტალინმაც კარგად იცოდა ეს, მაგრამ მისი აზრით, ორი ხმის მოპოვება ამ ორგანიზაციაში უფრო მნიშვნელოვანი რამ იყო და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. როგორც ყოველთვის, სტალინი ამ შემთხვევაშიც მართალი აღმოჩნდა და შემდგომში სწორედ იმ ორმა ხმამ მოგვაპოვებინა უპირატესობა მრავალი საკითხის გატანასა და პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებაში...“

როცა შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები საბჭოთა ბელადის ამ ეშმაკობას მიხვდნენ, უკვე გვიან იყო. მათ პროტესტიც კი გამოთქვეს ამის გამო გაეროს ტრიბუნიდან. ამერიკისა და მისდამი დაქვემდებარებული პრესის ფურცლებზე კი მწვავე ანტისაბჭოთა და ანტისტალინური კამპანია გაჩაღდა. თუმცა, მთავარი გამარჯვება უკვე მოპოვებული იყო და ეს ანტისაბჭოური კამპანიები უფრო ჰაერში მუშტების ტყუილად ქნევას ჰგავდა და ვეღარაფერს შეცვლიდა. სტალინმა მორიგი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, უკვე წინასწარ იცოდა, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ ამერიკელებს მაინც დააწყდათ ნერვები. გაეროში შევიდა დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკების განცხადებებიც, რათა მათი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება კენჭისყრაზე დამდგარიყო, სტალინი გაიმარჯვებდა კიდეც. მაგრამ, შეერთებულმა შტატებმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული პრივილეგიით და ამ საკითხს ვეტო დაადო. ეს საკითხი კენჭისყრიდან მოიხსნა. მაგრამ გაეროში საბჭოთა კავშირს მაინც უმრავლესობა დარჩა.

იაკობ კედმი: „სტალინი თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად ჯერ პოლიტიკურ-სამართლებრივი მეთოდებით ცდილობდა ხოლმე თავისი მიზნის მიღწევას, მაგრამ როდესაც ასე არ ხდებოდა და მას დასავლური სამყარო უპირისპირდებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავდა ის სხვადასხვა ეშმაკობებს. ტყუილად როდი წერდა ტროცკი: სტალინი სხვათა ლავირებებსა და ეშმაკობებს უფრო მეტი ლავირებითა და ბევრად დახვეწილი ეშმაკობით პასუხობდაო. ტროცკი, რა თქმა უნდა, ამ ფრაზას უარყოფით კონტექსტში იყენებდა საბჭოთა ბელადის მიმართ და თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ ამით ხაზს უსვამდა სტალინის პოლიტიკურ სიმწიფესა და შორსმხედველობას. თუკი ვინმე სტალინს ლანძღავს და ათასნაირი უარყოფითი ეპითეტით ამკობს, სინამდვილეში ეს მათი პრობლემაა. სტალინი კი იმ დიადი პოლიტიკოსების სათავეში დგას, ვინც მეოცე საუკუნეში დიდი წონასწორობა დაამყარეს ჩვენს პლანეტაზე.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული