ბელადები

რატომ გააძლიერა ბერიამ აგენტურული ქსელი ვატიკანში

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.11, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია, სტალინის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო საბჭოთა კავშირში. დიდი ალბათობით, ბერია დროთა განმავლობაში მაინც მოახერხებდა სტალინის ადგილის დაკავებას. ასევე, დიდი ალბათობით, ბერიას მმართველობა არ იქნებოდა ისეთი მკაცრი და სასტიკი, როგორც ეს სტალინურ ეპოქაში იყო და საამისოდ ბერია წინასწარ იქმნიდა პლაცდარმს. თუმცა, არ დასცალდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას ეტყობოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ის დიდი ნახტომისთვის ემზადებოდა და უპირველესად, ეს ნახტომი მას საერთაშორისო პოლიტიკაში უნდა განეხორციელებინა. უკვე 1950 წელს ნათელი იყო, რომ სტალინს, მაქსიმუმ, 10 წელიწადი ეცოცხლა, რადგან საბჭოთა ბელადი ძალიან გადატვირთული გრაფიკით მუშაობდა, დღე-ღამეს ასწორებდა და ასეთ დაძაბვას მისი ორგანიზმი დიდხანს ვერ გაუძლებდა. ეს ყველაფერი თავის კოლეგებზე ბევრად უფრო კარგად ბერიას ესმოდა. მასვე ჰქონდა სრული ინფორმაცია სტალინის ჯანმრთელობის შესახებ და ბელადის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება რთული არ იყო. თუმცა, ბერიას არ გაუმართლა და სტალინს სამ თვეში უკან მიჰყვა. არადა, ბერია თავის პოლიტიკურ გეგმებს სამომავლოდ, სწორედ, ამ ზემოთქმულზე დაყრდნობით ადგენდა. როგორც შემდგომ, უკვე ციხეში ყოფნისას მივხვდი, საერთაშორისო არენაზე დიდი წარმატების მიღწევას ბერია დიდწილად ვატიკანის დახმარებით გეგმავდა და შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ვატიკანში გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აგენტურა“.

თავისი უწიგნური, არაშორსმხედველი და ვიწრო გონების მქონე კოლეგებისგან განსხვავებით, ბერიამ შესანიშნავად უწყოდა, თუ რა ძალა ჰქონდა ვატიკანს მსოფლიო პოლიტიკაში. ამიტომ, საკავშირო „ენკავედეს“ უფროსად დანიშვნის პირველივე დღეებიდანვე სწორედ ამ მხრივ გააძლიერა მუშაობა. მისი ფარული ბრძანებით, მომზადდა და ჩაინერგა სპეციალური აგენტურა ვატიკანში. შემდგომ ამ აგენტურის ძალიან სწრაფი, კარიერული წინსვლა განხორციელდა. საბჭოთა დაზვერვას 1950 წლისთვის ვატიკანში ძლიერი რეზიდენტურა ჰქონდა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. აგენტები იყვნენ როგორც კარდინალთა საბჭოში, ასევე, თავად პონტიპიკის (რომის პაპის) უახლოეს გარემოცვაში. თანაც, ისეთი დონის აგენტები, რომლებსაც ზეგავლენის მოხდენა შეეძლოთ როგორც პონტიპიკზე, ასევე კარდინალთა საბჭოზე. ერთი სიტყვით, ბერია 1954-1955 წლისთვის სრულმასშტაბიანი საერთაშორისო პოლიტიკური მოღვაწეობისა და აღიარებისთვის ემზადებოდა, რაც ქვეყანას (საბჭოთა კავშირს) ძალიან დიდ წარმატებებს მოუტანდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ალბათ, ეს მომენტი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რამაა.

იაკობ კედმი: „ბერიას უეცარი და არავისთვის საჭირო განადგურების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა მსოფლიოში. არც ხრუშჩოვსა და არც სხვა შეთქმულებს არ სჭირდებოდათ ის, რაც მათ განახორციელეს. მათ ეს გააკეთებინეს. ხრუშჩოვს არც ამის ჭკუა გააჩნდა, არც ნება. ესე იგი, მას ეს უკარნახეს და გააკეთებინეს, თანაც საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ შედგენილი გეგმით. ასეთ ლოგიკას ანგლოსაქსებამდე მივყავართ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ახლა ვიტყვი. ანგლოსაქსებს ხელს არ აძლევდათ მშვიდი, არააგრესიული, დალაგებული და სასიკეთო განვითარების გზაზე მდგომი რუსეთი. მათ ამ ქვეყანაში მუდმივი არეულობა და დესტაბილიზაცია სჭირდებოდათ, რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირათ. მათ თვალნათლივ დაინახეს ის კაცი, ვისაც რუსეთის არნახული განვითარების გზაზე დაყენება შეეძლო და დროულად მოიშორეს თავიდან. ძალაუფლება კი უუნარო ხრუშჩოვს შეაჩეჩეს, რომელმაც აშენებული ქვეყანა უფსკრულისკენ დაძრა. „ცეერუს“ შეფი ალენ დალესი, წერდა: „სტალინთან მიმართებაში ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით და ბერიასთან დაკავშირებით კი – არაო.“ ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბერია სწორედ მათი დახმარებით მოკლეს. უფრო სწორად, ანგლოსაქსების მიერ იყო ეს ლიკვიდაცია დაგეგმილი, შემსრულებლებლად კი – ხრუშჩოვი და ბანდა გამოიყენეს. დალესის ეს სიტყვები ასი პროცენტით ადასტურებს ჩემს დასკვნას იმის შესახებ, რომ ანგლოსაქსები ყოველთვის შეეცდებიან რუსეთში არეულობის გამოწვევას, რომ ეს ქვეყანა არასოდეს დაადგეს მშვიდი განვითარების გზას და ის პერმანენტულად უნდა ხდებოდეს. ასეა დღემდე“.

იაკობ კედმის მოსაზრებები ლოგიკას არაა მოკლებული და თუკი ყველაფერი სწორედ ასე იყო, როგორც ის ამბობს, გამოდის, რომ ბერია განწირული იყო და მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ამას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ თუკი მის ფიზიკურ ლიკვიდაციას ვერ მოახდენდნენ, მაშინ საბჭოეთს მესამე მსოფლიო ომში ჩაითრევდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა