რატომ ეგონა ჰიტლერს სტალინი რიგითი რუსი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.08

იოსებ სტალინი ის პიროვნებაა, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი წიგნი თუ პუბლიკაციაა დაწერილი. ამ კუთხით საბჭოთა ბელადი პირველ ადგილზეა მსოფლიოს ისტორიაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პირველობა ოდესმე სხვას ერგოს.
დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფია): „სტალინის შესახებ უამრავი რამ მაქვს წაკითხული. ყველა ავტორი თაისებურად აფასებს მათ. ყველა ამ პუბლიკაციაში საერთო ისაა, რომ მის მიმართ გულგრილი არავინაა, მტრებიც კი და ისინიც, ძირითადად, საკმაოდ ობიექტურად აფასებენ. ტროცკი რომ ტროცკია და ყველა თავის პუბლიკაციაში სტალინისთვის ჩირქის მოცხებას ცდილობდა, ისიც ვერ გაექცა სიმართლეს. მართალია, ტროცკი სტალინს „საშუალო“ ადამიანს უწოდებდა, მაგრამ იქვე აღნიშნავდა მის ფოლადისებურ ნებისყოფას, სიმტკიცესა და შეუვალობას. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, როგორ აფასებს სტალინს ჰიტლერი, რომელმაც თავის დღიურებში ძალიან დიდი ნაწილი მიუძღვნა საბჭოთა ბელადს. ეგრეთ წოდებულ, „ბუფერულ დღიურებში“, რომელიც ბერლინის აღების შემდეგ ჩეკისტებმა რაიხსკანცელარიის ბუნკერის სეიფში აღმოაჩინეს და ისინი დათარიღებულია 1945 წლის მარტი-აპრილით, ჰიტლერი საკმაოდ სკურპულოზურად განიხილავს სტალინის პიროვნებას და ზუსტ შეფასებას აძლევს საბჭოთა ლიდერსა და ყველა ძირითად მოვლენას, რომლებიც იმ პერიოდის პოლიტიკაში განვითარდა. ჰიტლერი წერს: მდუღარე გერმანული ვულკანი სტალინის ცივმა, ყინულისებურმა რაციონალიზმმა ჩააქრო და დავმარცხდით. ახლაღა ვხვდები, თუ რა უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც სტალინის სამფლობელოზე გავილაშქრე. ჩვენ ეს ომი ან ჯერ კიდევ 1938-1939 წლებში უნდა დაგვეწყო და ისიც სათუო იქნებოდა, გავიმარჯებდით თუ არა. მართალია, ამ წლებში გერმანული სამხედრო მანქანა ორჯერ ძლიერი იყო სტალინის ანალოგიურ მანქანაზე და გამარჯვების მეტი შანსი გაგვიჩნდა. თუმცა, საბჭოთა ბელადს ხალხის დარაზმვის, მათთვის გამარჯვების რწმენისა და თავგანწირვის ჩანერგვის შეუდარებელი უნარი აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ იყო სათუო ჩვენი წარმატება მაშინაც კი. სტალინმა თავისი პოლიტიკური მანევრებით ოქროს დრო მოიგო და ქვეყანა ისეთ ყაიდაზე გადაიყვანა, რომ ჩვენი პირველი წლის წარმატებები ნაფოტებად აქცია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სტალინს თავად დაეწყო ჩვენთან ომი და არც მაშინ გვექნებოდა გამარჯვების შანსი, რადგან შემდგომმა მოვლენებმა თვალნათლივ დაანახვა ყველას, თუ რა კოლოსალური რესურსების მობილიზება შეძლო საბჭოთა მმართველმა. სტალინი დიდი პოლიტიკოსი, ჭკვიანი მმართველი და უძლიერესი პიროვნება აღმოაჩნდა. მე შევცდი მის შეფასებაში და ის ისეთივე უბრალო რუსი მეგონა, რომლებმაც პირველ მსოფლიო ომში მოგებული პოზიციები დაგვითმეს. ისტორია არ განმეორდა და ჩვენ სასტიკად დავმარცხდით. დავმარცხდით სტალინთან, მის ნებასთან და ფოლადისებურ სიმტკიცესთან“.
სხვათა შორის, სტალინი არც მანამდე და არც მის მერე ასე ობიექტურად არავის შეუფასებია. როგორც აშკარად ჩანს, ჰიტლერი ბუნკერში ყოფნისას ძალიან ღრმად აანალიზებდა ყველაფერს და სწორი დასკვნებიც გამოჰქონდა, მაგრამ უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო. ნიშანდობლივია ჰიტლერის დღიურების ის ნაწილიც, სადაც ფაშისტი ფიურერი ამბობს – სტალინთან უახლოესი მეგობრული ჯაჭვი უნდა გამება. მას ხშირად შევხვედროდი. ერთობლივი გეგმები დაგვესახა და თუკი საჭირო იქნებოდა, მისთვის ბევრი რამ დამეთმო კიდეცო... ჰიტლერი წერს: სტალინს სულ ორჯერ შევხვდი, პირველად მის სამშობლოში, საქართველოში, მეორედ კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე (მაშინ ლვოვი საბჭოთა კავშირში არ შედიოდა). ჯერ კიდევ იმ შეხვედრებისას უნდა გამეაზრებინა, თუ რა მასშტაბურ ადამიანთან მქონდა საქმე. მე კი იოლი ევროპული წარმატებებით გაბრუებული, თავბრუდახვეული ვიყავი და მეგონა, რუსეთსაც ისევე ადვილად დავამარცხებდით, როგორც პოლონეთსა და სხვა ქვეყნებსო. უშიშროების არქივში დაცულია 1943 წლით დათარიღებული ჰიტლერის წერილი სტალინისადმი. იქ ფიურერი საბჭოთა ბელადს ომის შეწყვეტასა და დაზავებას სთავაზობს. შემდგომ კი ანგლო-ამერიკელებზე გალაშქრებას ჰპირდება. თუმცა, სტალინს საპასუხოდ არაფერი მიუწერია. სტალინის პასუხები იყო – სტალინგრადისთვის ბრძოლა, სხვა წარმატებები და ბოლოს ბერლინის აღება. აი, ასეთი პასუხი გასცა იოსებ ბესარიონის ძემ ჰიტლერს და ამით ფაშიზმის ბედი გადაწყვიტა...“
გენერალი ვოლკოგონოვი საკმაოდ საინტერესოდ გადმოსცემს ფიურერის დღიურების ნაწილს და სამწუხაროა, რომ ეს დღიურები დღემდე ცხრაკლიტულშია, ხოლო როდის გამოამზეურებენ მათ, ან გამოამზეურებენ თუ არა, უცნობია.
ცნობილი პუბლიცისტი იულიუს მადერი, მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში წერდა: ჰიტლერი სტალინს აისბერგს უწოდებდა და ამბობდა – „აისბერგი სტალინის“ ზრახვები იმიტომ ვერ გამოვიცანი, რომ ძირითადი ნაწილი „წყალქვეშაა“ დამალული და ვერ ჩავწვდი. თუმცა, ამ აისბერგზე გავიწიე და შევასკდი, დავიმსხვერი და დავმარცხდიო. ზედაპირულად სწორი შეფასებაა, თუმცა, დღიურების სრული ვერსია ბევრ საინტერესო რამეს მოჰფენს ნათელს.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...