ბელადები

რატომ დაემუქრა სტალინი ბერიას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.02

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის კაცი იყო, ვინც დასავლეთთან ურთიერთობის დათბობასა და გაღრმავებას ცდილობდა, რა თქმა უნდა, სტალინის გარდაცვალების მერე, საამისოდ კი ყველა ღონეს ხმარობდა და თუკი ოპონენტთან, ლოგიკითა და შეგონებით ვერაფერს გააწყობდა, ამ საქმეში ძველ, გამოცდილ მეთოდებს აამოქმედებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბერიამ ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე მოსინჯა ნიადაგი დასავლეთთან საურთიერთოდ. ამაში კი ის თავისი პირადი სტრატეგიული აგენტების ჯგუფს იყენებდა. ეს ჯგუფი მხოლოდ მას ემორჩილებოდა და ისინი არცერთ კარტოთეკაში არ ფიქსირდებოდნენ. ბერიას ისინი საკუთარ ტვინში ჰყავდა „შენახული“ და მათ მხოლოდ პირადად ეკონტაქტებოდა. ეს ადამიანები კი არა მარტო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში, არამედ ფარულ საერთაშორისო-პოლიტიკურ ისტებლიშმენტში იყვნენ შეღწეულები და ყველა გლობალური მოვლენის საქმის კურსს იცნობდნენ, რაც მომავალში იყო დაგეგმილი. გნებავთ, მათ მასონები უწოდეთ, გინდათ სხვა სახელი, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ამას ამტკიცებს სერიოზული ანალიტიკური კვლევები და ზოგიერთი ყოფილი საიდუმლო დოკუმენტიც ამაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბერია ცდილობდა ამ გლობალურ პროცესში არა მარტო ჩართვას, არამედ ერთ-ერთი წარმმართველის პოზიციის დაკავებას. პირველი სერიოზული წარმატება მან კორეის ომთან დაკავშირებულ მოვლენებში მოიპოვა.“

სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კორეის სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა. საბჭოეთთან ერთად ამ კონფლიქტში ჩინეთი მონაწილეობდა და ცოცხალი ძალით აშკარად ეხმარებოდა კორეელებს (ჩრდილოკორეელებს), რაც ძალიან დიდ სირთულეებს უქმნიდა როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე მთელ დასავლურ სამყაროს. თუმცა ეს მომენტი საბჭოეთსაც ძალიან აზარალებდა. თუმცა სტალინს ამ ომის შეწყვეტის გაგონებაც კი არ უნდოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ამით დასავლეთისა და პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას ასუსტებდა საბჭოეთზე. თუმცა, ბერიას სხვაგვარად მიაჩნდა. ლავრენტი პავლოვიჩი ფიქრობდა, რომ ომის შეწყვეტა ყოფილ მოკავშირეებთან ურთიერთობების დათბობას გამოიწვევდა. ამას კი დასავლური დახმარების აღდგენა მოჰყვებოდა, რაც ბერიას აზრით, კიდევ უფრო გააძლიერებდა საბჭოეთს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ბერიასა და სტალინის დიალოგს არაერთხელ შევსწრებივარ. ეს საუბრები, ძირითადად, კრემლში ხდებოდა და არ მახსოვს, რომ სტალინს ბერიასთვის ოდნავ გადაჭარბებული რამ ეთქვას. თუმცა, სტალინის გარდაცვალებამდე სამიოდე თვით ადრე, ნაახალწლევს, კუნცევოს აგარაკზე საკმაოდ მწვავე საუბარი შედგა. ბელადმა მიხმო თავისთან. ჩავედი და მითხრა – ბერია მოვაო. არ მიკითხავს, რა ხდებოდა. თუმცა ვხვდებოდი, რომ ლაპარაკი საერთაშორისო პოლიტიკას უნდა შეხებოდა. ამის თაობაზე რამდენიმე ვერსია მქონდა. ყველაზე სავარაუდოდ კი კორეის მოვლენები მიმაჩნდა და არც შევმცდარვარ. როგორც დიალოგიდან შევიტყვე, ბერია სტალინს ურჩევდა, რომ კორეაში მშვიდობის დამყარებაზე ეზრუნა და საამისო არგუმენტებიც უთქვამს. ანუ – დასავლეთი დაგვეხმარება, რაც ჩვენთვის აუცილებელიაო. ბერიამ ჩემს წინაც იგივე გაუმეორა სტალინს. ჩემი აზრით, სტალინმა იმიტომ დამიძახა მე, რომ მომესმინა ბერიას არგუმენტები და სავარაუდოდ, მოწმედ გამოვსულიყავი იმ შემთხვევაში, თუკი ეს საკითხი პოლიტბიუროზე გავიდოდა, ხოლო ბერია თავის დაძვრენას შეეცდებოდა. მოკლედ, ბერია საკმაოდ პრინციპულად იცავდა თავის პოზიციას და სტალინმა მას უთხრა: შეხვედრა დამთავრებულიაო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბერია უნდა წასულიყო და მან ასეც გააკეთა. დაგვემშვიდობა. კარისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა, სტალინმა მას მიაძახა: ლავრენტი, იცოდე, ეს ოპორტუნიზმია, სოციალისტური იდეების ღალატი და დაფიქრდიო. სტალინმა მე დამტოვა და ვფიქრობდი, ბერიაზე მეტყოდა რამეს, თუმცა, მოულოდნელად სასადილო ოთახში გამიყვანა. იქ, როგორც ყოველთვის, სუფრა იყო გაშლილი. ვისადილეთ. ღვინოც დავლიეთ და სტალინს სიტყვაც კი აღარ დაუძრავს პოლიტიკაზე.“

ძნელი სათქმელია, თუ რა მოხდებოდა კორეაში, სტალინს რომ კიდევ ერთი წელი მაინც ეცოცხლა და როგორ იქნებოდა ბერიას საქმე. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი სტალინი დაასაფლავეს, ბერია, სხვა საქმეებთან ერთად საერთაშორისო პოლიტიკასაც მიადგა და პირველ რიგში, კორეის ომის შეჩერებაზე დაიწყო ზრუნვა. ლავრენტი პავლოვიჩი სოჭში თეთრი სახლის ემისრებს შეხვდა, ესაუბრა მათ და, როგორც ამ ცოტა ხნის წინ გასაიდუმლოებული ამერიკული წყაროებიდან ჩანს, ტრუმენს შეუთანხმდა, რომ კორეის ომს შეაჩერებდა, სამაგიეროდ კი ახალი „ლენდ ლიზი“ უნდა მიეღო.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „კორეაში ომის შეჩერების საქმეში მთავარი დაბრკოლება იყო მაო ძედუნი. სინამდვილეში მაოსთვის იმიტომ იყო ეს ომი ხელსაყრელი, რომ საკუთარ ქვეყანაში თავისი ავტორიტეტი და ძალაუფლება გაეძლიერებინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უპირობო ლიდერი გამხდარიყო. ბერიასთან საიდუმლო შეხვედრაზე (ამ შეხვედრის ზუსტი შინაარსი პირადად ბერიამ გადმომცა) კი ასეთი ფორმულირება გააკეთა: მე სტალინის კურსს მივყვები და არა მარტო კორეაში ვიბრძოლებთ ბოლომდე, არამედ გავაგრძელებთ კიდეც, მანამდე, სანამ მთელ მსოფლიოში სოციალიზმი არ დამყარდებაო. მაოს ეგონა, რომ სტალინის სახელს ამოფარებული განახორციელებდა თავის გეგმებს. ბერიამ კი მას მშვიდად უპასუხა:

– მთელ მსოფლიოში სოციალიზმის დამყარება უტოპიაა. ამას სტალინიც მიხვდა და სხვა გზით წავიდა. პერმანენტული რევოლუცია ტროცკის ბოდვებია. ტროცკისტები კი სტალინმა 16 წლის წინ მოსპო და თუკი თქვენც ტროცკისტი ხართ, მაშინ სხვაგვარად დაგელაპარაკებითო.

მაო მედიდურად დაშორდა ბერიას. თუმცა, ლავრენტი პავლოვიჩმა მას უკვე ჩვენი კუთხით, ძალიან მარტივად მოუგვარა. ჩვენ მაოზე კომპრომატი გვქონდა, თუ როგორ ატარებდა ის დროს ერთბაშად რამდენიმე ქალთან, როდესაც ერთთვიანი ვიზიტით საბჭოეთში იმყოფებოდა. ჩვენ ეს ორგიები ფარულად ჩავწერეთ. როდესაც მაოს ეს ყველაფერი გავუგზავნეთ და ვაუწყეთ, რომ გავასაჯაროებდით, დიდმა ჩინელმა ბერიასთან შეხვედრა მოითხოვა, რამაც კორეის ომის შეწყვეტაში გარკვეული როლი ითამაშა და ბერიამ თავისი სიტყვა შეასრულა.“

მიუხედავად კორეის ომის შეწყვეტისა, ბერიამ ვერ მოასწრო ოფიციალური შეთანხმების მიღწევა დასავლეთთან, რადგან ის ვერაგულად მოკლეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული