ბელადები

რატომ დაავალა სტალინმა ბერიას კიმ ირ სენის კურატორობა

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 15.10

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია არაერთი საქვეყნოდ ცნობილი ადამიანის კურატორი იყო და მათ კარიერულ წინსვლაში უწყობდა ხელს.

იაკობ კედმი: „რა თქმა უნდა, უშუალოდ სტალინის მითითებით, ლავრენტი ბერია კურატორობას უწევდა „კომინტერნის“ იმ უცხოელ წევრებს, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მაღალჩინოსნები გახდნენ, რამდენიმე მათგანი კი – ქვეყნის მეთაურიც კი. ერთ-ერთი ასეთი „შეგირდთაგანი“ იყო ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერი კიმ ირ სენი“.

1912 წელს დაბადებული კიმ ირ სენი ლავრენტი ბერიაზე 13 წლით უმცროსი იყო. მართალია, ინტელექტით ის ბერიას ვერ შეედრებოდა, მაგრამ პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ძალიან მიზანსწრაფული, ეშმაკი და ვერაგი ადამიანი იყო. კიმი კორეაში იყო დაბადებული, შემდგომ მისი ოჯახი საცხოვრებლად ჩინეთში გადავიდა და სწორედ იქ ჩაება ანტიიაპონურ იატაკქვეშა ორგანიზაციაში. ამის გამო 6 თვე ციხეშიც კი იჯდა. შემდგომ კიმმა სამხედრო საქმეს მოჰკიდა ხელი და პარტიზანულ რაზმს მეთაურობდა, რომელიც იაპონელებს ებრძოდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის ყურადღება 1937 წლის 4 ივნისს მიიპყრო, როდესაც მისი რაზმი ქალაქ პოჩხონბოს დაესხა თავს და ჟანდარმერიის პოსტი და რამდენიმე ადმინისტრაციული პუნქტი გაანადგურა. სტალინმა ეჟოვს კიმთან კავშირის დამყარება დაავალა, მაგრამ ეს მაშინ ვერ მოხერხდა. ხოლო როდესაც ეჟოვი ბერიამ შეცვალა, „ამომავალ მზესთან“ – კიმ ირ სენი კორეულად სწორედ ამომავალ მზეს ნიშნავს, მალევე მოახერხა კავშირის დამყარება, რომელიც შემდგომში აღარც გაწყვეტილა.

ბორის სოკოლოვი: „ბერიას კურატორობით, კიმ ირ სენი იღებდა იარაღს, საკვებსა და კვალიფიციურ ინსტრუქტორებს. მისი რაზმები დროდადრო მაო ძე დუნის რაზმებთან ერთად იწვრთნებოდნენ, რა თქმა უნდა, საბჭოთა სამხედრო და უშიშროების ინსტრუქტორთა მიერ. კიმის პარტიზანები სისხლს უშრობდნენ იაპონელ ოკუპანტებს და ასეთი ტაქტიკა საბჭოთა პოლიტიკისთვისაც ხელსაყრელი იყო. კიმის მებრძოლები მსხვილ დივერსიულ აქტებს უტარებდნენ იაპონელებს და მოსვენებას არ აძლევვდნენ მათ. საპასუხოდ იაპონელებმა დიდი ძალები გადაისროლეს მათთან საბრძოლველად. ამიტომ, ბერიას ბრძანებით, კიმი და მისი რაზმი საბჭოთა ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და უსურიისკთან დააბინავეს. თავად კიმი მოსკოვში ჩამოიყვანეს და ის იქ ერთხელ სტალინსაც შეხვდა. ძირითადად კი, კიმი ბერიას ხვდებოდა, მისგან იღებდა ინსტრუქციებს და თან „ენკავედეს“ სპეციალურ სკოლაში სწავლობდა. მან კარგად შეისწავლა რუსული ენა და კომუნიკაცია არ უჭირდა.“

ჩრდილოეთ კორეის მომავალი მუდმივი პრეზიდენტი (კიმ ირ სენი ასეთ სტატუსს ფლობს) მართალია, სტალინმა აღმოაჩინა, მაგრამ მას ბერია კურატორობდა და რომ იტყვიან, ბერიამ დააფრთიანა. მოსკოვში სწავლის პერიოში კიმ ირ სენი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ბერიას კაბინეტს „ლუბიანკაზე“ და უფროსი ძმისგან (ასე ეძახდა კიმი ბერიას) ბრძნულ რჩევებს იღებდა. კიმი გულგრილი არ იყო ლამაზი ქალების მიმართ და სასტუმრო „მოსკვაში“, სადაც მოსკოვში ყოფნისას ჩერდებოდა ხოლმე, მას ლამაზმანები ნომერში აკითხავდნენ. ეს ყველაფერი კი კინოფირსა და მაგნიტოფონზე იწერებოდა, რა თქმა უნდა, ბერიას ბრძანებით და სპეციალურ არქივში ინახებოდა – „ყოველი შემთხვევისთვის“. მსგავსი „კინოფილმები“ ჰქონდა ბერიას, როგორც კომინტერნის წევრებზე, ასევე თითქმის ყველა თავის მაღალჩინოსან კოლეგაზე საბჭოთა მთავრობიდან. როგორც შემდგომში გენერალი სუდოპლატოვი იხსენებდა, ბერიას „ფილმების კოლექციაში“ საპატიო, გამორჩეული ადგილი ეკავა მაო ძე დუნის „ცელქობის“ კადრებს. ერთი სიტყვით, ბერიას ყველა ბერკეტი ჰქონდა, რომ საჭირო მომენტში ურჩებზე შესაბამისი ზეწოლა მოეხდინა, მაგრამ თითქმის არცერთ მათგანს არ გამოუჩენია ურჩობა და მათ შორის კიმ ირ სენსაც.

ბორის სოკოლოვი: „კიმ ირ სენს ან რატომ უნდა გამოეჩინა ურჩობა, როდესაც ის სახელმწიფოს მეთაური საბჭოთა კავშირის წყალობით გახდა და უზარმაზარი ძალაუფლებაც მიიღო. მაშინაც კი, როცა კიმი უკვე სრულმასშტაბიანი დიქტატორი იყო და ჩრდილოკორეელები მას ღმერთად აღიარებდნენ, ბერიასთან შეხვედრისას ის ყოველთვის დაბლა ხრიდა თავს და ხაზგასმული მოწიწებით ეპყრობოდა მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი