რატომ დაავალა ბერიამ ხელქვეითებს ვერნერ ფონ ბრაუნის ლიკვიდაცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.05

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში ჰიტლერთან. ასევე, ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა ქვეყნის მოდერნიზაცია და ყველა იმ პროგრამის განხორციელება, რომლებმაც ომის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირი დედამიწის მოწინავე სახელმწიფოდ გადააქცია.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერიას მიერაა განხორციელებული ყველა სტრატეგიული პროექტი ჩვენს ქვეყანაში (იგულისხმება როგორც საიდუმლო, ასევე ფართოდ აფიშირებული პროგრამები) და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყნად გადაიქცა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ეს ბერიას დიდი დამსახურებაა.
ავიღოთ, თუნდაც, ყბადაღებული საბჭოთა სარაკეტო და კოსმოსური მიღწევები. სხვამ თუ არა, მე ხომ კარგად ვიცი, რომ ეს ორივე პროგრამა ბერიამ თითქმის მზამზარეულად მიუტანა სერგეი კოროლიოვს, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მათი რეალიზაცია განეხორციელებინა. ასეთივე მდგომარეობა იყო ატომურ პროექტთანაც დაკავშირებით და კურჩატოვი და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ფიზიკოსთა გუნდი უამრავ ძვირფას ინფორმაციას იღებდნენ ამერიკული ატომური ბომბის შესახებ, რამაც სულ მალე საფუძველი დაუდო საბჭოთა ბირთვული იარაღის შექმნას. სხვათა შორის, პირველი საბჭოთა ატომური ბომბი ზუსტი ანალოგია იმ ამერიკული ატომური ბომბისა, რომელიც ხიროსიმაზე ჩამოაგდეს. სულაც არ მინდა, ჩემი სიტყვებით ჩრდილი მივაყენო კოროლიოვს, კურჩატოვს ან მათი ხელმძღვანელობით მომუშავე მეცნიერებს. ჩემ მიერ ნახსენები ეს ადამიანები ძალიან ნიჭიერები და გამოჩენილები იყვნენ. თუ ასეთი არ ხარ, რაც არ უნდა მოგაწოდონ, მაინც ვერაფერს შექმნი. მაგრამ აქ ერთი მაგრამაა... ბერიას შემართება და სადაზვერვო გენია რომ არა და ასევე, ჩვენი – მისი ხელქვეითების პროფესიონალიზმი და თავდადება, ასე მოკლე დროში ვერც ატომურ ბომბს შევქმნიდით და ამერიკა გადაგვივლიდა. და ვერც პირველები ვიქნებოდით კოსმოსში. ატომური ბომბის შექმნაზე მე ბევრი მაქვს ნათქვამი და დაწერილი. ამიტომ, ამჟამად შევჩერდები სარაკეტო პროგრამაზე და შევეცდები, დაწვრილებით გადმოვცე ყველა ის დეტალი, რომელიც ამ ოპერაციის შემადგენილი ნაწილი იყო. ამ ოპერაციის სულის ჩამდგმელი ლავრენტი ბერია იყო, შემსრულებლები კი – ჩვენ, საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ადამიანების შეშვებას, ვინც ჰიტლერს ემსახურებოდა და ფაშისტური რეჟიმის გაძლიერებას უწყობდა ხელს. ასეთ კატეგორიას ეკუთვნოდნენ, როგორც უბრალო მოქალაქეები, ასევე მეცნიერები, პროპაგანდისტები და მსგავსი მოქალაქეები. კანონის მიღება ერთი იყო, მაგრამ განხორციელება კი – სხვა. როგორც კი ფაშისტური რეჟიმი კრახის წინაშე დადგა, ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო იმ ადამიანების, ძირთიადად, მეცნიერების მოძიება და გადაბირება, ვისაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა ამა თუ იმ სფეროებში. ერთ-ერთი ასეთი მეცნიერი იყო ვერნერ ფონ ბრაუნი. ის იყო ცნობილი სარაკეტო სისტემის, „ფაუს“ შემქმნელი, ანუ, საკონტინენტათაშორისო მფრინავი აპარატების „მამა“. „ესესის“ გენერლის ჩინის მქონე ამ ნიჭიერ და გენიალურ მეცნიერ-კონსტრუქტორს უფლება არ ჰქონდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესულიყო. თუმცა, ამერიკულმა დაზვერვამ ყველა კანონის გვერდის ავლა მოახერხა და ვერნერ ფონ ბრაუნი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასახლა, არამედ მას იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე ლაბორატორია მოუწყვეს და მან ამერიკისთვის საკონტინენტიათაშორისო ბალისტიკური რაკეტების შექმნას მიჰყო ხელი. ამერიკაში მყოფმა საბჭოთა რეზიდენტურამ ამის შესახებ შეიტყო და ჩვენ ეს ინფორმაცია პირადად ბერიას მივუტანეთ. ბერიამ კი მე და ფიტინს დაგვავალა, რომ ვერნერ ფონ ბრაუნს როგორმე მივდგომოდით და მისი სამუშაოების შესახებ ყველა ინფორმაცია მოგვეპოვებინა. ეს კი ურთულესი საქმე იყო. მეცნიერს საიმედოდ იცავდნენ და მისი მოხელთება მოსატაცებლად თითქმის შეუძლებელი იყო... წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლიკვიდაცია განახორციელეთ, რომ მან ამ იარაღის შექმნა ვერ მოახერხოსო. იმედია, გამოძებნით საჭირო სნაიპერს! – ასეთი იყო ბერიას ბრძანება. მე განყოფილებაში ულამაზესი თანამშრომელი ქალი მყავდა, რომელმაც ამ ოპერაციის ჩატარებისთვის გმირობა მიიღო. მის ნამდვილ ვინაობას, რა თქმა უნდა, არ გავამხელ და მოვიხსენიებ ფსევდონიმით – „ვარდი“. ჩვენ მოვახერხეთ და „ვარდმა“ შეძლო, მეცნიერის საყვარელი გამხდარიყო. შემდგომ კი მის სეიფს გასაღები მოარგო და საიდუმლო საბუთებს გვიგზავნიდა. ეს დოკუმენტაცია კი სერგეი კოროლიოვთან მიდიოდა და ასე შეიქმნა საბჭოთა სარაკეტო და კოსმოსური პროგრამა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან