ბელადები

რატომ დააწინაურა სტალინმა „თავხედი“ ბერია

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.01, 2022 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ბრალდება ულტრანაციონალიზმი იყო. ვერავინ უარყოფს – ბერია პატრიოტი იყო, ხრუშოვისეულმა პროპაგანდამ კი, სწორედ, ეს გამოიყენა და ბერია ამ კუთხითაც დამნაშავედ გამოაცხადა... ისტორიკოსი პავლე ხლებნიკოვი წერს: „ულტრანაციონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალო ნაციონალიზმი საბჭოეთში უდიდეს ცოდვად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. იდეოლოგია იყო ასეთი და ამიტომ. ბერია კი მთელი საბჭოეთის პატრიოტი იყო და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოსი და ეს ნორმალური მოვლენაა. თუმცა საბჭოური, უფრო სწორად კი, ხრუშჩოვისეული საზომით, ბერია ულტრანაციონალისტი ბოროტმოქმედი იყო. საბრალდებო დასკვნის ერთ-ერთ ეპიზოდში ვკითხულობთ:

„1937 წლის მაისში, იმყოფებოდა რა ბერია პარიზში მსოფლიო გამოფენაზე, ის ყოველმხრივ ცდილობდა, დაეკნინებინა საბჭოთა ხელოვნება და წინა პლანზე წამოეწია პროვინციული, ძირითადად, ბურჟუაზიული ნაწარმები (ნაწარმები და არა ნაწარმოებები – როგორი დამცირებაა). არადა, ნაწარმებს უწოდებდნენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს, რამაც ფურორი მოახდინა პარიზში...“ რაზეც პატივცემული პროფესორი პავლე ხლებნიკოვი ლაპარაკობს, ყოველივე ეს 1937 წელს, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ხდებოდა, რომელიც 6 თვის განმავლობაში – 25 მაისიდან 25 ნოემბრამდე, გრძელდებოდა. ეს იყო ეროვნული ტექნიკისა და ხელოვნების გლობალური დემონსტრირება, რადგან მასში 47 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ძირითადი შეჯიბრება საბჭოთა და გერმანულ პავილიონებს შორის გაიმართა, რომლებსაც ყველაზე დიდი ფართობები ეკავათ და მრავალრიცხოვანი ექსპონატებითაც გამოირჩეოდნენ. ახლა კი ბერიაზე – ბერია საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში იყო და საფრანგეთის დედაქალაქში 25-27 მაისს, სამი დღის განმავლობაში, იმყოფებოდა. საბჭოთა პავილიონში თვალსაჩინო ადგილზე იყო ქართული კულტურა და მისი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო მიღწევები. აგრეთვე, ქართული სამზარეულო. ფიროსმანის ნახატებმა, ქართულმა ხილ-ციტრუსებმა და ეროვნულმა კერძებმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ საბჭოთა პავილიონის ქართულ კუთხეს დამთვალიერებლების და გურმანების დიდი მასა მოაწყდა (სწორედ ამიტომ დაწერეს ბრალდებაში – ბერიამ რუსული კულტურა დააკნინაო). ყველას უნდოდა, გაესინჯა არომატით გამორჩეული ქართული ხილი და ციტრუსები, დაელია უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო და დაეგემოვნებინა უგემრიელესი ქართული კერძები. ბერიას პარიზში ოთხი მზარეული ჰყავდა ჩაყვანილი, რომლებიც ქართულ კერძებს ამზადებდნენ. მათ ეს „ღალატი“ 1953 წელს გაუხსენეს და ოთხივეს 20-20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფიროსმანის ტილოებით კი თავად პაბლო პიკასო მოინუსხა, რომელიც იმ ექვსი თვის განმავლობაში საბჭოთა (ქართული) პავილიონის ხშირი სტუმარი იყო. იქ მიდიოდნენ ქართველი ემიგრანტები და სიხარულისგან ტიროდნენ...

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „ფრანგული გაზეთები აჭრელებული იყო საქებარი სტატიებით საბჭოთა პავილიონზე, ქართულ კუთხეზე კი ხაზგასმულად წერდნენ. სხვათა შორის, დედამ მამას უთხრა: ლავრენტი, ასეთი აჟიოტაჟი, ცოტა არ იყოს, სახიფათოა და ვინმემ ეს ამბავი გადაბრუნებულად არ აცნობოს სტალინს და პრობლემები არ შეგექმნასო... მამას ამ სიტყვებზე ჩაეცინა. დედას თავზე ხელი გადაუსვა და აკოცა... წლების მერე, მამას მართლაც აუხდა დედის სიტყვები...“

პარიზულმა გამოფენამ საქართველოს სახელის გარდა ეკონომიკური ხეირიც მოუტანა და ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიდა. ქართულ ჩაის კი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები სვამდნენ... სტალინს თავად ბერიამ მიუტანა პარიზული გამოფენის რეცენზიები, რომელთა შესახებაც სტალინს უთქვამს: ცუდი არაა, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ რუსული კუთხე უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენილიყოო... პავლე ხლებნიკოვი: „ბერიამ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საუცხოოდ იცოდა „პიარის“ ხელოვნება და თავისი კუთხე – პატარა საქართველო, დიდ საერთაშორისო ფორუმზე შესანიშნავად „გააპიარა“. სწორედ, ეს ჩაუთვალეს მას ულტრანაციონალიზმად. სხვათა შორის, პარიზის გამოფენაზე სამიოდე დღე ნიკიტა ხრუშჩოვიც იყო, რომელიც იქ რუსულ-უკრაინულ კუთხეს წარმოადგენდა და დემაგოგიური ლაპარაკისა და ლოთობის მეტს არაფერს აკეთებდა. სამარცხვინოდ იქცეოდა და დასცინოდნენ კიდეც.“

ლავრენტი ბერიას მიერ განხორციელებული საქმეები რომ ავიღოთ, ზემოხსენებული ეპიზოდი შეიძლება, არაფრად მოგვეჩვენოს, მაგრამ საგულისხმო ისაა, რომ ჯერ კიდევ პროვინციული რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში მყოფი ბერია იმაზე მეტის გაკეთებას ახერხებდა, ვიდრე ეს მისი რანგის მოხელისთვის იყო ნებადართული. ალბათ, ესეც იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სტალინმა მასში დიდი ორგანიზატორი, ძალიან საჭირო და ნიჭიერი ადამიანი დაინახა და მიუხედავად ბერიას „თავხედობისა“, ის დააწინაურა და ფაქტობრივად, მეორე კაცის რანგში აამაღლა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი