ბელადები

რატომ ჩაიტანა 2 ტონა ოქრო ბერიამ მოსკოვიდან ურალში

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.06

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია არა მარტო პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატი და მკაცრი მმართველი იყო, არამედ ყველა საქმის, ერთი შეხედვით, წვრილმანებში, თითოეულ დეტალში ჩახედული ადამიანიც. სწორედ ამ თვისების გამო აღწევდა ის სრულ წარმატებას ყველაფერში.

გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას ეკუთვნის ერთი ფრაზა, რომელიც გამოხატავს ამ ადამიანის წარმატების ფორმულას. ის ამბობდა: ყველა დიდი წარმატების არსი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებშიაო. მაგალითად, როდესაც ფაშისტური ურდოები მოსკოვის მისადგომებთან იდგნენ და წითელ მოედანს დურბინდით უყურებდნენ, სწორედ მაშინ დაიწყო მათი პირველი მარცხი. ისტორიოგრაფები მოსკოვთან ჰიტლერული არმიის მარცხს დიდწილად, ეგრეთ წოდებულ, „რუსულ ყინვას“ მიაწერენ. თუმცა, ეს მხოლოდ ზოგადი შეფასებაა. გარდა იმისა, რომ ფაშისტურ არმიებს მოსკოვის მისადგომებთან დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით, ზღვა სისხლი დავღვარეთ და ყინვაც დაგვეხმარა, მოსკოვთან ფაშისტების კრახის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ის იყო, რომ თითქმის მილიონიანი მტრული არმია 30-40-გრადიუსიან სიცივეში ფეხშიშველი დარჩა. და ეს აი, როგორ მოხდა: ფაშისტურ არმიას ლენინგრადის ფეხსაცმელების ფაბრიკა „სკოროხოდის“ მიერ შეკერილი ჩექმები ეცვა. 1939-1941 წლებში „სკოროხოდმა“ ფაშისტურ „ვერმახტს“ 2 მილიონი სამხედრო ჩექმა შეუკერა და გაუგზავნა. ასეთი ხელშეკრულება 1939 წლის ოქტომბერში დაიდო და ფაშისტებმა „სკოროხოდებით“ ნახევარი ევროპა დაიპყრეს. გერმანელები ძალიან კმაყოფილი იყვნენ ამ ფაბრიკის ნაწარმით, რადგან კარგად დამუშავებული ტყავისგან შეკერილი ჩექმები ძალიან მოსახერხებელი იყო. თუმცა, აქ იყო ერთი დეტალი – „სკოროხოდის“ ჩექმები 20-გრადუსიან ყინვაში ნაფლეთებად იქცეოდა და მის პატრონს ფეხშიშველს ტოვებდა. მთელი ეშმაკობა კი ის იყო, რომ ტყავი სპეციალური ქიმიური ხსნარით იყო დამუშავებული, ყინვისთვის რომ ვერ გაეძლო. მსგავსი ხსნარი ჩვენმა ქიმიკოსებმა ლავრენტი ბერიას დავალებით შექმნეს და დიდი შედეგიც გამოიღო. ბერიამ, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ჰიტლერი საბჭოეთზე წამოვიდოდა. გაითვალისწინა ჩვენი ჰავა, ზამთარში ნალექი და ტემპერატურა და ამ გათვლამ გაამართლა. ჯერ მოსკოვთან, შემდგომ კი სხვა ადგილებშიც და მათ შორის სტალინგრადშიც, ასეულ ათასობით ფაშისტი ჯარისკაცი 30-40-გრადუსიან ყინვაში ფეხშიშველი დარჩა. ფაშისტები, რა თქმა უნდა, მიხვდნენ, სად იყო დამარხული „ძაღლის თავი“, მაგრამ, სანამ გადაეწყვნენ და უკვე საკუთარი ძალებით დაიწყეს ახალი სამხედრო ჩექმების გამოშვება, ბერიას ჩანაფიქრმა თავისი შედეგი გამოიღო და დიდი წარმატებაც მოგვიტანა. მართლაც რომ, დეტალებში იმალებოდა ჩვენი ასეთი წარმატება და ეს მხოლოდ ერთი დეტალია ბერიას წარმატებული საქმიანობისა.“

ყველაფერთან ერთად, ბერია გენიალური კონსპირატორი იყო და მისთვის ჩაბარებული ყველა პროექტი უაღრესად დაცულ, საიდუმლო ვითარებაში ხორციელდებოდა. გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „როდესაც სტალინმა ბერიას უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების პროექტი ჩააბარა, ლავრენტი პავლოვიჩმა იმით დაიწყო, რომ ამ პროექტზე მომუშავე ყველა ინჟინერ-კონსტრუქტორი შეკრიბა და თითოეული მათგანისგან დაწვრილებით მოისმინა მოხსენება. სულ 13 ადამიანი იყო და ამ შეხვედრამ 72 საათს გასტანა, მცირე შესვენებებით, ანუ საუბარი ორდღე-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და სერგეი კოროლიოვს გადაღლილობისგან გულიც კი წაუვიდა და მისი მოსულიერება კრემლის ექიმებს მოუწიათ. ერთი სიტყვით, შედგა დაწვრილებითი ნუსხა, თუ რა იყო საჭირო უახლესი სარაკეტო დანადგარებისთვის. მთავარი ამ საქმეში კი ის იყო, რომ უნდა განხორციელებულიყო სრული ელექტრიფიკაცია, ანუ უახლესი საბჭოთა რაკეტები თავიდან ბოლომდე ელექტრიფიცირებული იქნებოდა, რაც იმ პერიოდში სიახლე იყო მსოფლიოში. გაირკვა, რომ ექსპერიმენტებისთვის საჭირო იყო 2 ტონა ოქრო, რომელიც აუნაზღაურებლად დაიკარგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რესურსების მიწოდებაში ბერიასთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა, ოქროსთან დაკავშირებული საკითხი საკმაოდ პრობლემური გამოდგა. საქმე ის იყო, რომ თითოეული მილიგრამი ოქრო უმკაცრესად იყო აღრიცხული ხაზინაში და როდესაც ოქროს გაცემა ხდებოდა, უწყისში დეტალურად უნდა გაწერილიყო, თუ რისთვის გაიცემოდა ეს ძვირფასი ლითონი. 2 ტონა ოქრო კი მეტად თვალშისაცემი იყო. თანაც უწყისში არ შეიძლებოდა იმის ჩაწერა, რომ ოქრო სარაკეტო ექსპერიმენტებისთვის სჭირდებოდათ. ამიტომ, ხაზინის მესვეურთათვის, რომელთაგანაც დიდი ალბათობით, გაჟონავდა ინფორმაცია ოქროს ნამდვილი დანიშნულების თაობაზე, სტალინის ხელმოწერით, გაიცა განკარგულება 2 ტონა ოქროს მოსკოვიდან ყაზახეთში ტრანსპორტირების თაობაზე. განკარგულებაში ეწერა, რომ თითქოს ოქროს ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ძვირფასი ლითონის დაცვის, ანუ უსაფრთხოების მიზნით. მარშრუტში ეწერა: მოსკოვი-ბაქო – მატარებლით, ბაქოდან კი გემით, კასპიის ზღვის გავლით – ყაზახეთში. ამ დავალების შესრულება „ენკავედეს“ დაევალა. სინამდვილეში ოქრო ურალში წაიღეს. კასპიის ზღვაში კი ამ პერიოდში ბარჟა აფეთქდა და ჩაიძირა. ოფიციალური მონაცემებით: 25 „ჩეკისტი“ დაიღუპა, 3 კი გადარჩა, რომლებიც გაასამართლეს და დახვრიტეს. სინამდვილეში არც არავინ დაღუპულა და არც არავინ დაუხვრეტიათ. ბარჟა კი ნამდვილად აფეთქდა, თუმცა ცარიელი. ამგვარად აუბნიეს თავგზა როგორც ხაზინის მესვეურებს, ასევე საზღვარგარეთულ დაზვერვებს და ექსპერიმენტებიც წარმატებით ჩატარდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული