რატომ ჩაიშლებოდა ოქტომბრის რევოლუცია სტალინის გარეშე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.02, 2022 წელი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ახლაც მალავს სრულ სიმართლეს სტალინზე, ჭეშმარიტება, მართალია, რთულად, მაგრამ მაინც იკვლევს გზას და ნათელი ხდება, სინამდვილეში ვინ ვინ არის.
ზინაიდა ორჯონიკიძის (სერგო ორჯონიკიძის ქვრივი) ტაბუირებული დღიურებიდან: „გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სერგომ მითხრა: ზინა, იცი თუ არა, რომ სტალინი რომ არ ყოფილიყო, დიდი ოქტომბრის რევოლუცია არ მოხდებოდაო. რაც მართალი, მართალია, სტალინს დიდი წვლილი მიუძღვის რევოლუციის განვითარებასა და დაგვირგვინებაში, მაგრამ იქ მთავარი ლენინი იყო და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა სერგოს სიტყვები. სერგოს ეს არ გამოჰპარვია და მომითხრო: „კერენსკი და მისი ბანდა ყოველმხრივ ცდილობდნენ ჩვენს (იგულისხმებიან ბოლშევიკები) დისკრედიტაციას და საამისოდ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ხალხის ნდობა დაგვკარგვოდა, ათასნაირ ჭორს გვივრცელებდნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ლენინს გერმანიის, ანუ მტრის აგენტობაში სდებდნენ ბრალს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პეტროგრადში დაბრუნებული ბელადი ოფიციალურად გამოიძახეს სასამართლოში ამ ბრალდებით და სთავაზობდნენ, თავი გაემართლებინა. ლენინი მზად იყო, ციხეში ჩამჯდარიყო, როგორც რევოლუციონერი. ისედაც ხომ არაერთხელ მჯდარა ამ ბრალდებით. ერთი სიტყვით, ივლისის დასაწყისში პოლიტბიურო საიდუმლოდ შეიკრიბა, რადგან ჯერ კიდევ არალეგალურ მდგომარეობაზე ვიმყოფებოდით. შეკრება ტროცკისა და მისი დაჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. ის გაიძვერა ტროცკი მგზნებარედ ლაპარაკობდა ბოლშევიკურ ღირსებაზე და ილიჩს აიძულებდა, რომ დროებითი მთავრობის სასამართლოზე წარმდგარიყო. ილიჩი მზად იყო ამისთვის და ეს საიდუმლო შეკრება იმით დამთავრდებოდა, რომ ლენინი იქიდანვე სასამართლოში წავიდოდა. თუმცა, მანამდე მდუმარე სტალინმა აიღო სიტყვა და ტროცკისა და მისი დაჯგუფების წევრებს პირდაპირ მიახალა:
– ილიჩი რომ დროებითმა მთავრობამ მოკლას, იღებთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობას?
ყველა მდუმარედ მისჩერებოდა სტალინს, მათ შორის ტროცკიც. თუმცა, პირველი ის გამოერკვა და სტალინს უპასუხა:
– რა სისულელეა! როდის იყო, რომ სასამართლოზე ვინმეს კლავდნენ. ასეთი რამ თვით „ცარიზმის“ დროსაც არ ყოფილა.
სტალინს ირონიულად ჩაეცინა და ტროცკის უთხრა:
– მარტივი სქემაა და თუ არ იცით, აგიხსნით: ილიჩს სასამართლოზე კი არ მოკლავენ, არამედ დააპატიმრებენ და მას ციხეში ჩასვამენ, სადაც შემდგომ ბოლოს მოუღებენ. ამიტომ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მისი სასამართლოზე წარდგენისა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უმრავლესობამ, ანუ ილიჩის სასამართლოზე წარდგომას ვგულისხმობ, მე ამის წინააღმდეგი წავალ და თუ საჭირო გახდა, ლენინს საკუთარი სხეულით გადავეღობები.
ეს ისეთი პათოსით თქვა, რომ ხმა ვერავინ ამოიღო. თავად ილიჩიც ჩუმად იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ სტალინის ასეთი კატეგორიულობა სულში ჩასწვდა და საბოლოოდ ყველამ, მათ შორის ტროცკიმაც ლენინის მიმალვის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. ასე რომ, სტალინი რომ არა, ლენინი 1917 წლის ივლისში დაიღუპებოდა. ბოლშევიკური პარტია კი იმ პერიოდში ლენინის გარეშე ძალიან სუსტი იყო, ამიტომ არც ოქტომბრის რევოლუცია მოხდებოდა და ძალაუფლებას ნამდვილად ვერ ავიღებდით ხელში...“ სერგომ მითხრა, სხდომის მერე სტალინმა ქართულად გადმომიჩურჩულა: ილიჩი ისე უნდა გადავმალოთ, რომ ამ ტურებმა (გულისხმობად ტროცკის და მის ბანდას) არ უნდა იცოდნენო. ერთი სიტყვით, სწორედ, სტალინმა ჩაიყვანა ლენინი საიდუმლოდ ფინეთში. მერე მანვე ჩამოიყვანა რუსეთში და რევოლუციაც მოხდა. ასე რომ, სტალინის პრინციპული პოზიციის გარეშე ილიჩს მოკლავდნენ და ბოლშევიკები ვერ გაიმარჯვებდნენ...“
სხვათა შორის, როდესაც ტროცკი ქვეყნიდან გააძევეს, იმ პოლიტბიუროს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, სწორედ, სერგო ორჯონიკიძემ გააჟღერა 1917 წლის ივლისის ამბები და ტროცკის პირდაპირ დასდეს ბრალი ლენინის მიმართ მკვლელობის მცდელობის ხელშეწყობაში. ამ ფაქტებს ადრე ოფიციალური საბჭოთა ისტორიოგრაფია მალავდა, ისევე მალავს ახლა ამჟამინდელი რუსული ცენზურაც, ამით კი მათ სტალინის დაკნინება სურთ. თუმცა, ასეთი რამ, ფაქტობრივად, შეუძლებელია და იმდენი სიმართლე, იმდენი ნამდვილი საბუთია გამოქვეყნებული სტალინის სასარგებლოდ, რომ სიმართლის მიჩქმალვა უკვე წარმოუდგენელია. იაკობ კედმი: „სტალინზე იმდენ სისულელეს, ტყუილსა და ცილისწამებას წერენ, რომ მეცინება. აბსოლუტური სიმართლეა, რომ საბჭოთა ბელადი რევოლუციის ბელადზე გაცილებით მნიშვნელოვანი და ძლიერი ფიგურა იყო. ლენინის სუპერძლიერების კულტი, სწორედ, სტალინმა დაამკვიდრა. ეს კი იოსებ ბესარიონის ძეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული შოვინიზმი „დაეპურებინა“. სტალინის ეს სქემა ასე გამოიყურებოდა: „რუსი“ ლენინი – ყველა დაჩაგრულის ქომაგი და ქვეყნის აღმშენებელი (ქვეყანაში რუსული სახელმწიფო იგულისხმება). სინამდვილეში კი, სწორედ რომ, სტალინი იყო დიდი რუსული იმპერიის შემქმნელი და დაჩაგრულების ნამდვილი ქომაგი.: თუმცა მას ეს არავინ დაუფასა და ალბათ, დროა საჭირო, რომ კაცობრიობამ ჭეშმარიტი სტალინი გაიცნოს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან