ბელადები

რატომ არჩევდა ბერია პირადად ანტიტერორისტული ჯგუფის წევრებს

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 06.07

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმ აუარებელი სიბინძურისა, რაც ლავრენტი ბერიას მისამართით იღვრება, ეს კაცი ძალიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონი იყო და ზუსტად იცოდა, თუ რა სურდა და არც ამ სურვილის შესასრულებელი გზები ეშლებოდა.

ისტორიის დოქტორი ბოგდან კალინინსკი: „ლავრენტი ბერიას ყოვლად უსამართლოდ უწოდებენ უნამუსო კარიერისტს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ბერიამ, რა თქმა უნდა, ძალიან მოკლე დროსა და ძალიან ადრეულ ასაკში თავბრუდამხვევი კარიერა გაიარა. მაგრამ მან ეს კარიერული გზა თავისი უნიკალური ნიჭის წყალობით განვლო. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ბერია სტალინს ქებას არ აკლებდა. მაგრამ ეს ქება დიდი ბელადის საქმეების აღნიშვნა იყო და არა პირფერობა. ბერია საკმაოდ ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ სტალინთან არ ემლიქვნელა. ბელადთან ასეთი რამ არ ჭრიდა და ის პირფერებს შავი ჭირივით იშორებდა თავიდან. ბერია კარგად იცნობდა პიარტექნოლოგიებს და იცოდა, რომ ყველაზე გამოჩენილი ადამიანიც კი არაფერი იყო პიარის, რეკლამისა და აფიშირების გარეშე. ამიტომ მან თბილისში გახსნა მარქსიზმ-ლენინიზის ინსტიტუტი, ეგრეთ წოდებული, „იმელი“. სწორედ აქ ხორციელდებოდა სტალინის პიარი. ბერიამ იქ შეკრიბა უნიჭიერესი ადამიანები. თავიანთი საქმეების უზადო მცოდნეები, პროფესიონალები. სწორედ ისინი უკეთებდნენ სტალინს პიარსა და ბელადის ჭეშმარიტი საქმეების აფიშირებას ახორციელებდნენ არა მარტო დიდი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ მთელს მსოფლიოში. „იმელში“ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე იწერებოდა ნამდვილი საქმეებით გამდიდრებული პუბლიკაციები და შემდგომ მილიონიანი ტირაჟებით ვრცელდებოდა მთელს დედამიწაზე. სხვათა შორის, ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრმა იოზებ გებელსმა სწორედ ბერიასგან გადაიღო პიარის იდეა. თუმცა, საბჭოთა პიარისგან განსხვავებით, გებელსური პიარი მტკნარ სიცრუეზე იყო აგებული და ფაშისტები ხალხს ატყუებდნენ. ჰიტლერს ღმერთის მოვლენილად ასაღებდნენ, რაც რა თქმა უნდა, აბსურდი იყო. ბერიას პიარს კი არასდროს უთქვამს – სტალინი ღმერთის მოვლინებულიაო. არამედ, სტალინის ბიოგრაფიაში ხაზგასმული იყო ბელადის უბრალო წარმოშობა, რასაც ვერ შევხვდებით ჰიტლერის ბიოგრაფიაში. სხვათა შორის, იოზეფ გებელსის ცნობილ დღიურებში შავით თეთრზე წერია: პროპაგანდის იდეა საბჭოთა კავშირს ანუ ბერიას ვესესხე, მე კი ის გავამდიდრე და გავამრავალფეროვნეო (ან ტყუილებით ავავსეო)... სხვათა შორის, ბერიამ „ენკავედეს“ სადაზვერვო სკოლაში პიარის საგანი დანერგა და საბჭოთა მზვერავებს პიარის ხელოვნებას ასწავლიდნენ, რაც მათ საზღვარგარეთ მუშაობაში დიდად ეხმარებოდა. გარდა ამისა, ბერიას დაარსებულ სადაზვერვო სკოლაში მანვე, პირველმა მსოფლიოში, გახსნა ანტიტერორისტული ფაკულტეტი. შემდგომში ფაკულტეტი სკოლად გადაკეთდა. ეს იყო დამოუკიდებელი დანაყოფი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბერიას ემორჩილებოდა და განსაკუთრებული საწვრთნელი პროგრამით გადიოდა სპეციალურ მომზადებას. ამ სტრუქტურაში კონტინგენტს განსაკუთრებული კრიტერიუმებით არჩევდნენ და თითოეულ წევრს ამ შერჩევის ყველა მოთხოვნა სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა: უნდა ჰქონოდა მაღალი ინტელექტი, უზადოდ სცოდნოდა უცხო ენა და უაქცენტოდ ელაპარაკა. გარეგნობაც ისეთი უნდა ჰქონოდა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქისგან ვერ გაერჩიათ, სადაც მოქმედება მოუწევდა. რა თქმა უნდა, სრული სამხედრო მომზადება უნდა დაეძლია და უმაღლესი მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები ჰქონოდა. ამ ჯგუფში ირიცხებოდნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები – შავკანიანები, მონღოლოიდები, ინდო-ევროპელები, ერთი სიტყვით, ყველა კატეგორიის ადამიანები. ამ ჯგუფის ყველა კანდიდატს პირადად ბერია არჩევდა. თითოეულს ინდივიდუალურად ხვდებოდა და მათ ამომწურავ ტესტირებას უტარებდა. მანამდე კი კანდიდატის დოსიეს სწავლობდა, აანალიზებდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ იღებდა. სწორედ იმიტომ შეარქვეს საბჭოთა უშიშაროებას ყოვლისშემძლე ორგანიზაცია. აბა, რას წარმოადგენდა, მაგალითად, ამერიკელი პოლიციელი, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში უწყინარად მოსეირნე შავკანიანი მოქალაქე ბერიას მიერ შერჩეული, უმაღლეს დონეზე მომზადებული, „ენკავედეს“ ანტიტერორისტული ჯგუფის წევრი იყო? ერთი სიტყვით, ბერიას ისეთი სისტემები ჰქონდა დამუშავებული და დანერგილი ამ სტრუქტურაში, ჯერ კიდევ 30-40-იანი წლების მიჯნაზე, რომელიც სხვა მოწინავე ქვეყნების სპეცსამსახურებმა მხოლოდ 20-25 წლის შემდეგ დანერგეს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ბერიას „ენკავედე“ სხვა სამსახურებს 20-25 წლით უსწრებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა