ბელადები

რატომ არ უნდოდა ბერიას, რომ საბჭოთა ფულის კუპიურებზე სტალინის სურათები დაებეჭდათ

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 15.08, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

სადავო მოსაზრებაა, თუმცა ვერსიის დონეზე არსებობს, რომ დესტალინიზაციის „პირველი მერცხალი“ ლავრენტი ბერია იყო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანასტასია სოლტიკოვა წერს:

„პირადად მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ დესტალინიზაციის „პიონერად“ ლავრენტი ბერია შეირაცხოს. თუმცა, ასეთი რამის გამოცხადებას, მით უმეტეს, მტკიცებას, საკმაოდ მყარი არგუმენტები ესაჭიროება. არქივებსა თუ ყოფილ მაღალჩინოსანთა პირად ჩანაწერებში აღმოვაჩინე რამდენიმე საგულისხმო ფაქტი და არ არის გამორიცხული, რომ ისინი მეტყველებდნენ იმ პირველ ნაბიჯებზე, რაც ბერიამ დესტალინიზაციისკენ გადადგა (თუ მართლა გადადგა, მან ასეთი ნაბიჯები). უპირველესად, ისაა საგულისხმო, რომ შეიძლება ითქვას, სტალინი გაცივებულიც არ იყო, როდესაც ბერიამ დასავლეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. ეს მოლაპარაკებები, ძირითადად, საიდუმლო იყო და მათი უმეტესობის შინაარსი უცნობია. თუმცა, საერთო პათოსით, ბერიას ეს საიდუმლო საუბრები შეიცავდა, ეგრეთ წოდებული, დემოკრატიზაციის მთელ „პაკეტს“, რაც სტალინური გაგებით, უკან დახევასა და დამარცხებას ნიშნავდა. თუმცა, ბერია ასე არ ფიქრობდა და ჩემი აზრითაც, ასე არ იყო. უბრალოდ, ბერია, სტალინის მკაცრ, შეიძლება ითქვას, სასტიკ პოლიტიკას არბილებდა. მასში დემოკრატიის ელემენტები შეჰქონდა და ამით ცდილობდა, დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას. ეს კი აუცილებელი იყო, იმიტომ რომ საბჭოეთზე დასავლური ზეწოლა შერბილებულიყო და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა ჰქონოდა. პრინციპში, ბერიას პოლიტიკა სწორი იყო და მე ვფიქრობ, ამას სრული თუ არა, ნაწილობრივი დესტალინიზაცია მართლაც მოჰყვა. საგულისხმო ფაქტი მოხდა უახლოეს პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც სტალინის დასაფლავების მერე გაიმართა. ბერიასთვის ყოვლად მოულოდნელად, მლიქვნელების ჯგუფმა, ხრუშჩოვის თაოსნობით, წინადადება შემოიტანა, რომ გამოცვლილიყო ფული და საბჭოთა მანეთების მსხვილ კუპიურებზე იოსებ სტალინის პორტრეტი აღბეჭდილიყო. ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის ტაბუირებულ, ერთადერთ და ბოლო ტელეინტერვიუში ჰყვებოდა: „ცოტათი ბოლოდან დავიწყებ და ვიტყვი: ბერიასთვის უცნობი იყო ფულთან დაკავშირებული ჩვენი ინიციატივა (ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მისმა აგენტებმა ინფორმაცია არ თუ ვერ მიაწოდეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისგან ფარულად უკვე შეიძლებოდა მოქმედება, რაც შემდგომ ხრუშჩოვმა კარგად გამოიყენა), მოკლედ, ნიკიტა წამოდგა და თქვა:

– ამხანაგებო, ვფიქრობ, ყველანი მხარს დამიჭერთ და ერთხმად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალი კუპიურები ამხანაგ სტალინის პორტრეტმა დაამშვენოს.

მე ბერიას წინ ვიჯექი და მის სახეს კარგად ვხედავდი. ხრუშჩოვის სიტყვებმა ბერია გააკვირვა და მან ნიკიტას სიტყვა გააწყვეტინა:

– ნიკიტა სერგეევიჩ, ნუთუ იმისი ღირსიც არ გამხადეთ, რომ ეს სერიოზული საკითხი ჩემთან შეგეთანხმებინათ.

ნიკიტა გაფითრდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და უთხრა:

– ლავრენტი პავლოვიჩ, საზღვარგარეთ იყავით, როდესაც ეს იდეა მოგვივიდა. თანაც ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ დაგვეთანხმებოდით და ნუთუ წინააღმდეგი ხართ, რომ ამხანაგ სტალინის პორტრეტი საბჭოთა ფულის კუპიურებზე გამოისხაოს?

– ნიკიტა მე ფულის უაზრო ხარჯვის წინააღმდეგი ვარ. ფული რომ გამოვცვალოთ, ამას ძალიან დიდი თანხები დასჭირდება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე არასასურველია და ამიტომ ვარ წინააღმდეგი. გასაგებია?

ნიკიტამ ბოდიში მოიხადა და გაისუსა, თუმცა მომავლისთვის გაითვალისწინა, რომ ბერია ყოვლისშემძლე არ ყოფილა და თუკი, ფულის შესახებ ინფორმაცია გამორჩა, ესე იგი, ყველას არ ან ვერ უსმენს. ამიტომ უფრო მეტად გააქტიურდა.“

ზედმეტი მტკიცებულება არ სჭირდება და აშკარაა ის, რომ ლავრენტი ბერია მთელ პოლიტსტალინურ პოლიტბიუროზე (ერთად აღებულზე) ჭკვიანი და პროგრესული იყო. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მას მოუგო გაცილებით ნაკლები ჭკუის პატრონმა „მუჟიკმა“, სახელად ნიკიტა ხრუშჩოვმა. ფრიად ნიშანდობლივია და საბჭოურ სინამდვილეს, რეალობას აშიშვლებს ის ფაქტი, რომ როდესაც ცნობილი ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი ტარდებოდა, ბერიას დააბრალეს, რომ თითქოს, სწორედ, ის აპირებდა საბჭოთა ფულის გამოცვლას და ეს უამრავ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ფულის გაფლანგვას ემსახურებოდაო. ამ ფალსიფიცირებულ პროცესზე არც უხსენებიათ, რომ ფულზე სტალინის პორტრეტები უნდა აღბეჭდილიყო. სამაგიეროდ, მეოცე ყრილობაზე თქვა ხრუშჩოვმა, რომ თითქოს, სტალინის კარნახით, სწორედ ბერიას უნდოდა, საბჭოთა მანეთებზე ბელადის პორტრეტები დაეხატათ. ამაზე დიდი ცინიზმი და ცილისწამება წარმოუდგენელია. ხრუშჩოვმა ბერიას დააბრალა ის, რასაც თავად აპირებდა და რაც პირადად ბერიამ ჩაშალა, ხრუშჩოვი დესტალინიზაციის მამადაა აღიარებული, ბერია კი – ბოროტმოქმედად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი