ბელადები

რატომ არ შეხვდა გიორგი გურჯიევი სტალინს

№53

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.01

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანია, ვის შესახებაც კაცობრიობის ისტორიაში, ქრისტეს შემდეგ, ყველაზე მეტი დაწერილა.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი ოლეგ სკვორცოვი წერს:

„ფაქტია და ამას ყველა აღიარებს, რომ ქრისტეს შემდეგ უბრალო მოკვდავთა შორის სტალინი ყველაზე „ბეჭვდადი“ ადამიანია მსოფლიოში, თუმცა საბჭოთა ბელადის შესახებ დაწერილი ყველა ამბავი აბსოლუტური სიმართლე არაა.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა:

„ისევე, როგორც ქრისტეზე, სტალინზეც და, საერთოდ, ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე აბსოლუტური სიმართლის დაწერა უკიდურესად რთული საქმეა. ამის მთავარი მიზეზი კი დამაჯერებელი ფაქტების ნაკლებობაა. ჩემს მაგალითს მოვიყვან: როდესაც სტალინის ბიოგრაფიას ვსწავლობდი, სიმართლის ტყუილისგან გასარჩევად ყოველთვის ფაქტების ნაკლებობა მიშლიდა ხელს, ამიტომ, მათ მოძიებასა და ჩემი მთავარი წიგნის დაწერას არაერთი წელი მოვანდომე. ასე რომ, ჩემ მიერ დაწერილ თითოეულ აბზაცზე პასუხს ვაგებ და მათი დადასტურება ფაქტებით შემიძლია. ყველაზე მეტად კი სტალინის იატაკქვეშა მოღვაწეობის პერიოდია შეუსწავლელი და ძველი ფაქტების მოპოვება გაცილებით რთულია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავლში ჩემს კოლეგებს უფრო მეტი მასალის მოპოვების საშუალება ექნებათ სტალინის მოღვაწეობის ამ პერიოდზე.“

გენერალი ვოლკოგონოვი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ სტალინის მოღვაწეობის „იატაკქვეშა“ პერიოდი ყველაზე შეუსწავლელიაო. თუმცა, მიმაჩნია, რომ გამიმართლა და ხელში ჩამივარდა, უფრო სწორად კი, პრეზიდენტის არქივში აღმოვაჩინე დოკუმენტაცია, რომელიც თბილისის ავლაბრის არალეგალურ სტამბის ისტორიას ეხება.

მე მოთხრობის სახით გადმოგცემთ ამ ფაქტობრივ მასალას:

თბილისში 1903-1906 წლებში წარმატებით ფუნქციონირებდა ავლაბრის სტამბა. ხოლო 1906 წლის 15 აპრილს მეფის „ოხრანკის“ სპეციალური ჯგუფი კასპის ¹7-ში მივიდა და ტოტალური ჩხრეკის შედეგად შემთხვევით აღმოაჩინა ეს ღრმად კონსპირირებული ბეჭვდითი ორგანო. ლენინის მითითებით და უშუალოდ „კობას“ (სტალინის) უდიდესი ძალისხმევით, თბილისის გარეუბანში, ერთ-ერთ ეზოში აშენდა ოროთახიანი, ერთსართულიანი სახლი, რომელიც დათიკო როსტომაშვილს ეკუთვნოდა. სახლი დათიკო როსტომაშვილმა, ილია ბოჭოიძემ და „კობამ“, აგრეთვე, ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებმა და მირიან და თედო მაღრაძეებმა ააშენეს. მის ქვეშ კი – არალეგალური სტამბა მოაწყვეს. ეზოში 17 მეტრის სიღრმის ჭა იყო, რომლის შუაგულიდან სტამბამდე გვირაბი იყო გათხრილი და სტამბაში შესვლა და იქიდან გამოსვლა მხოლოდ ამ გზით ხორციელდებოდა. ეს სტამბა უმძლავრესი იარაღი იყო ამიერკავკასიაში. იქ ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე ბეჭდავდნენ ბოლშევიკურ გამოცემებს, რომლებიც არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მთელ იმპერიაში ვრცელდებოდა.

ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ თავად მშენებლების გარდა (მათ შორის „კობას“) ამ სტამბის ადგილსამყოფელი, მხოლოდ ორმა ქალმა იცოდა, რომლებიც სახლის აივანზე ისხდნენ, ქსოვდნენ და თუკი რაიმე საეჭვოს მოჰკრავდნენ თვალს, სტამბაში მომუშავეებს ზარის წკარუნით ატყობინებდნენ. ამ დროს კი ბეჭდვა წყდებოდა...

„სტამბის სახლში“ არალეგალი ბოლშევიკებიც იკრიბებოდნენ, იქ ხშირად გიორგი გურჯიევიც მიდიოდა, რომელიც კატორღიდან გაქცეულ მის მოსწავლეს, სტალინს აკითხავდა ხოლმე. გურჯიევმა იცოდა, რომ სტალინი იქ იმალებოდა, თუმცა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მხოლოდ კი არ იმალებოდა, არამედ სტამბის საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ არც სხვა ახალგაზრდა ბოლშევიკებმა იცოდნენ რაიმე.

1906 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკებმა თბილისში ყუმბარები შემოიტანეს და ბედის ირონიით, სწორედ, იმ ეზოში დამალეს, სადაც არალეგალური სტამბა იყო განთავსებული. ყუმბარები ერთი მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს მიწაში. ამის შესახებ თავად გურჯიევმაც იცოდა, რომელიც ამ პროცესს შეესწრო. მოხდა ისე, რომ სტალინი ეწინააღმდეგებოდა ამ ადგილზე ყუმბარების ჩამარხვას, ხოლო როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ? სტალინმა, რა თქმა უნდა, ნამდვილი მიზეზი არ გაამხილა და უბრალოდ, თქვა – ძალიან საშიშიაო. სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ რუსთაველის გამზირზე (მაშინ – გოლოვინის გამზირი) ჟანდარმებმა სტალინი შეიპყრეს, მაგრამ „კობამ“ გაქცევა მალე მოახერხა და მთაწმინდაზე, ლალიაშვილებთან (სტალინის მეგობრები) დაიმალა. იმავე დღეს იქნა დარბეული დათიკო როსტომაშვილის კარ-მიდამო, ყუმბარებიც იპოვეს და ყველა იქ მყოფები კი დააპატიმრეს. ისინი მხოლოდ ყუმბარებს ეძებდნენ. მაგრამ, როდესაც ერთ-ერთმა ჟანდარმმა ჭაში ჩაიხედა და გასანათებლად შიგნით ანთებული ქაღალდი ჩააგდო, ქარმა ეს ქაღალდი გვირაბში შეიტანა და საიდუმლო სტამბაც ასე გაიშიფრა. როსტომაშვილი და დანარჩენები გააციმბირეს. ხოლო დაპატიმრებას გადარჩენილმა ბოლშევიკმა პეტრე ხუსკივაძემ, ვინც სტალინის უარის მიუხედავად, ყუმბარები მიწაში ჩამარხა, „კობას“ პროვოკატორობა დააბრალა. გაიმართა არალეგალური, იატაკქვეშა ღირსების სასამართლო, რომელსაც, როგორც „კობა“ და ხუსკივაძე, ასევე ლალიაშვილები, ძმები ვეფხვაძეები და სხვა იატაკქვეშელები დაესწრნენ. ხუსკივაძემ „კობას“ ვერაფერი დაუმტკიცა და ზურა ღოღობერიძემ (ტერორისტმა, მომავალში „ესერმა“) ცრუ ბრალმდებელი დანით დაჭრა.

შემდგომ, როდესაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ და „ოხრანკის“ არქივებიც ხელში ჩაიგდეს, იქ აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ავლაბრის სტამბის ისტორიას ეხებოდა. აქ აღნიშნული იყო დამსმენის, „ოხრანკის“ აგენტის, ვინმე „ამერიკელის“ სახელი. სტალინმა კი 40-იან წლებში გაარკვია, რომ ამ სახელით გიორგი გურჯიევი იყო აღნიშნული, თუმცა საბჭოთა ბელადმა ეს ვერ დაიჯერა და გურჯიევს შეხვედრა სთხოვა, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა. მაგრამ გურჯიევი თავის ძველ მოსწავლეს არ შეხვდა და ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...