ბელადები

რატომ არ გაგზავნა სტალინმა კინოფილმი „გიორგი სააკაძე“ ამერიკაში „ოსკარზე“

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.02, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

  იოსებ ბესარიონის ძე სტალინი თავის სახელს – სტალინს, ანუ ფოლადისებრს, სრულიად ამართლებდა, მაგრამ მისთვის არც სენტიმენტალური განწყობები იყო უცხო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სტალინი ყოველთვის ისეთ არჩევანს აკეთებდა, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა და ეს იყო თავისი ქვეყნისა და ხალხის სამსახური... 

ისტორიკოს-პუბლიცისტი ელდარ იუსუპოვი წერს: „1943 წლის 14 აპრილს 36 წლის ასაკში, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იოსებ სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი დაიღუპა – იაკობი, გაქცევის მიზნით, მაღალძაბვიან მავთულხლართს მიაწყდა და დენმა და გუშაგის ტყვიამ მას ერთდროულად მოუსწრაფა სიცოცხლე. მეორე დღეს კი, როდესაც სტალინს ეს ამბავი მისმა მდივანმა პოსკრებიშევმა შეატყობინა, მთავარსარდალი „წითელი არმიის“ ხელმძღვანელობას უსმენდა, რომლებიც მას ფრონტის ამბებს მოახსენებდნენ.

მარშალი ვასილევსკი მოგვიანებით წერდა: „ივანე კონევი მოხსენებას აკეთებდა და სტალინს კედელზე ჩამოკიდებულ რუკებზე უჩვენებდა ფრონტებზე შექმნილ ვითარებას. ამ დროს ოთახში ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე, მე ვიტყოდი, უცერემონიოდ, სტალინის მდივანი, პოსკრებიშევი შემოვიდა. მას სახეზე მიწისფერი ედო. სტალინმა შეავლო თუ არა მზერა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც არასასიამოვნო და უჩვეულო მოხდა. ამიტომ საყვედური არ უთქვამს შემოჭრილისთვის და უხმოდ მიაჩერდა. პოსკრებიშევმა ღრმად ჩაისუნთქა. შემდგომ ამოისუნთქა და სტალინს იაკობის დაღუპვის შესახებ მოახსენა. სტალინს ფერმა გადაჰკრა. პოსკრებიშევს უხმოდ ანიშნა, გადიო. შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და, დაახლოებით, ხუთი წუთი ჩვენგან ზურგშექცევით, ხმაამოუღებლად იდგა. კონევს საჩვენებელი ჯოხი ჰაერში გაუშეშდა. იქ შეკრებილებმა ერთმანეთს უხმოდ გადავხედეთ. ხუთი წუთის შემდეგ შემობრუნდა და კონევს უთხრა: დიახ, გისმენთ, გენერალო, აბა, თქვით, რა ვითარებაა ფრონტებზე! კონევს ენა დაება. ის ამას ნამდვილად არ ელოდა. ფიქრობდა, რომ რადგან ასეთი ინფორმაცია მიიღო, სტალინს საერთოდ არ გაახსენდებოდა მოხსენება. გაოგნებულები ვიყავით ჩვენც, დანარჩენები. ერთი სიტყვით, მოხსენებებმა ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა და დავიშალეთ. თანაც, ისე, რომ სტალინისთვის სამძიმარიც არ გვითქვამს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავარსარდალი იმ მომენტში უდიდეს ტკივილს განიცდიდა. სხვა მის ადგილზე, როგორც მინიმუმ, მოხსენებას მაინც შეწყვეტდა. სტალინმა კი ეს არ გააკეთა და არც კი შეიმჩნია ის დიდი ტკივილი, რაც მან შვილის დაღუპვის გამო მიიღო...“


იმავე წლის ნოემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანში ცნობილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი. კონფერენციაზე სტალინს ცნობილი ქართული მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე“ ჰქონდა ჩატანილი. კინოსურათი ცალკე ირანის შაჰს უჩვენეს, ხოლო „დიდი სამეულის“ ლიდერებმა კი ფილმი ერთად ნახეს. ჩვენების შემდეგ რუზველტმა სტალინს სთხოვა, რომ ფილმი შეერთებულ შტატებში გაეგზავნათ და „ოსკარის“ ნომინაციაზე წარედგინათ. „დარწმუნებული ვარ, რომ ის (ფილმი „გიორგი სააკაძე“) მთავარ პრიზს აიღებს, – თქვა პრეზიდენტმა. სტალინმა მიუგო: ვიფიქრებ და ამით ეს საუბარი, ეს თემა ამოიწურა. მეორე დღეს, დილის სხდომის შემდეგ (იმ დღეს მხოლოდ ერთი სხდომა ტარდებოდა) ვახშამი გაიმართა, რომელსაც სამივე დელეგაციის გაფართოებული შემადგენლობა ესწრებოდა. შუა ვახშმის დროს რუზველტმა სიტყვა ითხოვა და თქვა:
– მეგობრებო, მე მინდა, ბატონი სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობის სადღეგრძელო შევსვა, რომელიც ფაშისტების ბანაკში გმირულად დაიღუპა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი კინოფილმი „გიორგი სააკაძე“. იმ ფილმში სახელოვანი სარდალი თავის უმცროს ვაჟს სწირავს თავის სამშობლოს. ასე მოიქცა ბატონი სტალინიც, რომელმაც უარი შეუთვალა ჰიტლერს დატყვევებული ფელდმარშლის, პაულუსის საკუთარ შვილში გაცვლაზე. აბა, თქვით, ბევრია ჩვენში ისეთი, ვინც შვილის გადარჩენაზე უარს იტყოდა? ამიტომ, სტალინის გმირ შვილს გაუმარჯოს!
ის-ის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტს სასმელი უნდა შეესვა, რომ ჩერჩილმა შეაჩერა. ბრიტანელი პრემიერი ჭიქით ხელში წამოდგა და თქვა:
– სიმართლე გითხრათ, ამ ფილმით აღფრთოვანებული ვარ. როგორც დავადგინე, იქ, იმ კინოსურათში მოთხრობილი ისტორია აბსოლუტური სიმართლეა და შემძრა ამ ამბავმა. ამიტომ, ბატონი პრეზიდენტი არ მიწყენს, თუ მის სადღეგრძელოში მცირე კორექტივს შევიტან და შემოგთავაზებთ გმირი მამა-შვილების სადღეგრძელოს. როგორც ფილმის რეალური გმირების, ასევე ბატონი სტალინისა და მისი ვაჟის სადღეგრძელოს.
რუზველტმა გაიღიმა და დაამატა:
– დიახ. ბატონი ჩერჩილი მართალია. გმირი მამა-შვილების სადღეგრძელო იყოს!
სადღეგრძელო სუფრის ყველა წევრმა შესვა. ბოლოს სტალინმა ასწია ჭიქა და თქვა:
– მეც გმირების სადღეგრძელოს ვსვამ, მაგრამ არა ორი ქართველი მამა-შვილების, არამედ ყველა იმ გმირის, ვინც მსოფლიო ჭირს გმირულად ებრძვის. მათში კი მამებიცაა, შვილებიც და შვილიშვილებიც. დიდება ყველა გმირს!
სტალინმა ბოლომდე გამოცალა ჭიქა. სუფრაზე კი მხურვალე ტაში გაისმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წამოიწყო.
ამგვარად, სტალინი თითქმის არასდროს ჰყვებოდა ემოციებს. არც ქება-დიდება უხშობდა გონებას და საბჭოთა ბელადი ყოველთვის ისე მოქმედებდა, როგორც ეს მის ქვეყანას სჭირდებოდა. სწორედ, ამიტომ იმარჯვებდა სტალინი ყველა ბრძოლაში და მისი (სტალინის) სიდიადის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, სწორედ, ეს იყო.
სხვათა შორის, სტალინი თავდაპირველად თანახმა იყო, რომ „გიორგი სააკაძე“ „ოსკარის“ ნომინაციაზე გაეგზავნათ. მოგვიანებით კი გადაიფიქრა და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „გამორიცხული არაა, რომ ჩვენი ფილმი პოლიტიკის გამო არამც თუ პირველ ადგილზე გაიყვანონ, ნომინაციაშიც კი არ მიიღონ და ეს ყველაფერი კი სხვაგვარად გააფორმონ“. მოგვიანებით კინორეჟისორი მიხაილ რომი ამბობდა, რომ სტალინი შეცდა, როცა „გიორგი სააკაძე“ „ოსკარზე“ არ გააგზავნა. ფილმი აუცილებლად გაიმარჯვებდაო. თუმცა ეს არავინ იცის და სტალინმა თავი დაიზღვია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი