ბელადები

რატომ აღიარეს 1936 წლის სტალინური კონსტიტუცია საუკეთესოდ მსოფლიოში

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.10

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინის პიროვნებაზე მსჯელობა დღემდე აქტუალურია მსოფლიოში. სხვადასხვა წრეში მის პიროვნებას სხვადასხვანაირად აფასებენ და ეს შეფასებები, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ზოგისთვის სტალინი ტირანი და სისხლის მსმელი ჯალათი იყო, სხვებისთვის კი – ხალხის სასიკეთოდ მოღვაწე მმართველი და არიან ისეთებიც, ვინც ამ ადამიანის წმიდანად შერაცხვასა და მისი ხატის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გამოფენას მოითხოვენ.

იაკობ კედმი: „სტალინის პიროვნების შეფასებას ურთიერთწინააღმდეგობა არასდროს მოჰკლებია. ჯერ კიდევ გორის სასულიერო სემინარიაში სწავლისას, მის ადრეულ ბავშვობაში, როდესაც „სტალინამდე“ ძალიან შორი, რთული გზა იყო გასავლელი და სოსელოთი მოიხსენიებდნენ, ერთნი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ „მრეცხავი კეკეს“ (სტალინის დედა ეკუატერინე გელაძე) ერთადერთი ვაჟი დიაკვანი ჰა, ჰა, თუ გახდება და ამ სტატუსს ვერასდროს გასცდებაო. რა თქმა უნდა, პირველნი აღმოჩნდნენ მართლები და პატარა სოსელო წლების შემდეგ დიდი სტალინი გახდა. თუმცა, ალბათ, ვერც მათი ფანტაზია წარმოიდგენდა, რომ სტალინი იმ სტატუსს, რანგს მიაღწევდა, რაც საშუალებას მისცემდა, რომ არა მარტო ათეულობით მილიონი ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის ბედი გადაეწყვიტა... პარადოქსი, დაუჯერებელი ამბავი და შეიძლება, ანაქრონიზმიც კი იყო, რომ უბრალო, შორეულ, ჩამორჩენილ პროვინციაში, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში დაბადებული არასრული სემინარიული განათლების მქონე ქართველი, კემბრიჯ, ჯორჯთაუნ და სხვა საქვეყნოდ ცნობილ პრესტიჟულ სასწავლებელდამთავრებული, დიდგვაროვანი, მდიდარი ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად დაჯდებოდა „მსოფლიო მრგვალ მაგიდასთან“ კაცობრიობის ბედის გადასაწყვეტად, მათ თავის ჭკუაზე გაატარებდა და გააკეთებინებდა იმას, რაც მისი (სტალინის) პოლიტიკისთვის იყო სასარგებლო... დასავლეთი დღემდე თავში ხელებს იცემს იმის გამო, რომ ვერა და ვერ მოახერხეს სტალინის იდეებისა და სტალინიზმის ამოძირკვა, ამოშლა მილიარდობით ადამიანის ტვინიდან და ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ ბევრი დემოკრატიული ქვეყნის მმართველი ქვეყნის გაძღოლის სტალინურ მეთოდებზე გადასვლას ცდილობს. ბურჟუაზიულ მედიაში ხშირად გავიგონებთ და წავიკითხავთ ასეთ შეფასებებს საბჭოთა ბელადზე: „სტალინი – სისხლისმსმელი ტირანი“, „სტალინი – მილიონობით ადამიანის მომსპობი“, „სტალინი – ანტიდემოკრატი“ და ასე შემდეგ. რომელ სისხლისმსმელობასა და მილიონობით განადგურებულ სიცოცხლეებზე ლაპარაკობენ ამერიკელები, როდესაც ყველა დიდი თანამედროვე კონფლიქტი მათ მიერ პროვოცირებული, დაფინანსებულია და არცერთ მათგანს არ ჩაუვლია მათი სასტიკი, სამხედრო მონაწილეობის გარეშე? გავიხსენოთ განადგურებული და მიწასთან გასწორებული იუგოსლავია, ერაყი... შევხედოთ, რა ხდება უკრაინაში... ხოლო, რაც შეეხება სტალინის ანტიდემოკრატიულობას, ეს სასაცილოა და მეტი არაფერი. სტალინის მაგინებლებს, ალბათ, დაავიწყდათ, რომ 1936 წლის კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება ითქვას, პირადად საბჭოთა ბელადის მიერაა დაწერილი, საერთაშორისო იურისტ-მკვლევრების მიერ მიჩნეულია საუკეთესო კონსტიტუციად, ქვეყნის ძირითად კანონად, როგორებიც კი არსებულა თუ არსებობს. სწორედ სტალინმა საკუთარი ხელით ჩაწერა იქ, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს აქვთ სუვერენული უფლება, დატოვონ, გავიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელნი იყვნენ. 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ ამ, 72-ე მუხლზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ. თვით რუსეთმაც... მსგავს ჩანაწერს ვერც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვერც დიდი ბრიტანეთის კონსტიტუციებში ვერ შეხვდებით. თუმცა, ეს ორივე უძლიერესი სახელმწიფო სხვადასხვა შტატისა და სხვადასხვა ქვეყნისგანაა შედგენილი. მოლოტოვი იხსენებდა: როდესაც სტალინი ვიშინსკის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტს გაეცნო, თავისი ხელით შეიტანა იქ 72-ე მუხლი და ასეთი კომენტარი გააკეთა – ხალხებს ძალით კი არ უნდა ვაკავებდეთ კავშირში, არამედ ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ თავად არ უნდოდეთ ამ კავშირიდან გასვლაო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა