რაში ვერ დაარწმუნა ბერიამ სტალინი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 15.12
ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა მთავრობაში იმ იშვიათ ადამიანთა რიგს ეკუთვნოდა, ვინც ყოველთვის წინსვლისა და პროგრესისკენ იყო მიმართული და იმავდროულად, ყველაფერ ამას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობასა და საბჭოთა ხალხის მორალურ-იდეოლოგიურ სიმტკიცეს ახმარდა.
გენერალი სარდიონ ნადარაია იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი პავლოვიჩი სახელმწიფო დამნაშავედ შერაცხეს და ყველაფერი ცუდი დააბრალეს, ის არც სამშობლოს მოღალატე იყო და არც სხვაგვარი დამნაშავე. ლავრენტი ბერია იყო უდიდესი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწე და აღმშენელბელი. მას მე ჯერ კიდევ საქართველოში მუშაობისას დავუახლოვდი და მის სასარგებლო, პატრიოტულ და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს. ლავრენტი პავლოვიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და საგანგებო-ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა, როდესაც ძალიან სარისკო, მაგრამ პატრიოტული ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი თანამშრომლის პატაკში დაწვრილებით იყო მოთხრობილი, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ, ანტისაბჭოთა ღონისძიებას გეგმავდა იმ პერიოდის ქართული ინტელიგენციის ახალგაზრდული ნაწილი. მხედველობაში მაქვს 25 თებერვალი, გასაბჭოების დღე, რომელსაც კომუნისტური მთავრობა ზარზეიმით აღნიშნავდა. ქართველ პატრიოტებს კი პირიქით მიაჩნდათ და ისინი ამ დღეს გეგმავდნენ, შავ ჩოხებში გამოწყობილი გამოსულიყვნენ რუსთაველის გამზირზე და სამგლოვიარო მსვლელობა და მიტინგი მოეწყოთ. ასეთი რამ მაშინ სასიკვდილო დანაშაულად მიიჩნეოდა და უმკაცრესად ისჯებოდა. ამ აქციის მოთავეები კი ალექსანდრე აბაშელი და კონსტანტინე გამსახურდია იყვნენ. თანაც, გამსახურდიას უკვე სოლოვკის საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა გამოვლილი. ბერიას მაშინ მხოლოდ ერთეულები იცნობდნენ და ისიც თანამშრომლებს შორის. ინტელიგენციასა და მოსახლეობის სხვა ნაწილს კი მასზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ბერია კი ძალიან კარგად იცნობდა ინტელიგენციას, მათ შემოქმედებასა და პატივს სცემდა მათ. ერთი სიტყვით, 22 თებერვალს, დაგეგმილ აქციამდე ორი დღით ადრე, ბერიამ მთხოვა, სამოქალაქო სამოსში გამოვწყობილიყავი და გავყოლოდი. ისიც სამოქალაქო სამოსში გამოეწყო და ორივე იმ სახლში გავემართეთ, სადაც კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრობდა. იქვე იმყოფებოდა ალექსანდრე აბაშელიც. წვრილმანებს გამოვტოვებ და ვიტყვი, რომ გამსახურდიამ საკმაოდ უხეშად მიიღო ბერია და მის მოთხოვნაზე – „ტრაურით“ არ გამოსულიყვნენ ქუჩაში, უთხრა: ყმაწვილო, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთო. შემდეგ აბაშელს მიუბრუნდა და მეგრულად უთხრა: ვინაა ეს ბიჭი, ასე რომ გველაპარაკებაო.
ბერიას ჩაეცინა და მეგრულადვე მიუგო: მე ბიჭი არ ვარ, მე ლავრენტი ბერია ვარო. ისე მოხდა, რომ ბერიას მითითებით, გამსახურდია და აბაშელი 24 საათით დააკავეს და მათ ვერ მოახერხეს სამგლოვიარო მიტინგისა და მსვლელობის მოწყობა. სხვებმა კი ყურად იღეს ბერიას მიერ მიგზავნილი თანამშრომლების შეგონება და 25-მა თებერვალმა მშვიდობიანად ჩაიარა. ბერიას ეს ნაბიჯი იყო მოხერხებული სვლა და ამით ლავრენტი პავლოვიჩმა დიდი ქართველი მწერალი დიდი უსიამოვნებისგან იხსნა, მათ შორის აბაშელიც და სხვა მათი სახელოვანი კოლეგები...
ლავრენტი პავლოვიჩი, ასევე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი სამხედრო-თავდაცვითს. სწორედ ლავრენტი ბერიას დამსახურებაა, რომ თბილისში განტოტვილი თავდაცვითი ბუნკერ-გვირაბების სისტემა შეიქმნა. იქ მილიონ-ნახევარი ადამიანის მოთავსება და ერთი თვის განმავლობაში მათი საკვებით უზრუნველყოფა იყო შესაძლებელი (სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი დღეს წყლითაა სავსე და ხრუშჩოვმა ეს სისტემა შეგნებულად გაანადგურა). მოგვიანებით ბერიამ თავდაცვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ საკავშირო, მერე კი ევროპის მასშტაბში გადაიტანა.
ბერიას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რომ მოვლენები წინასწარ განეჭვრიტა და ხელს უწყობდა მათ წარმატებით დაგვირგვინებას. სწორედ ბერიამ განსაზღვრა ის, თუ რა მომავალი ჰქონდა ტელევიზიას და ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიწყო ამ სისტემის განვითარება. საგულისხმოა, რომ ბერიას ხელშეწყობით ლუბიანკაზე ლოკალური ტელევიზია დაამონტაჟეს და ამით წარმატებით სარგებლობდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ბერიას იდეა იყო, ტელეკომუნიკაციები სათვალთვალო სისტემად გამოეყენებინათ, რაც უკვე ბერიას მკვლელობის მერე დიდი წარმატებით გამოიყენეს.“
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია ტექნოლოგიების დიდოსტატი იყო. ბერია პირველი ჩასწვდა კომპიუტერების დიდ მომავალსა და ყოველმხრივ ცდილობდა, დაერწმუნებინა სტალინი, რომ მნიშვნელოვანი თანხები გამოეყო კიბერნეტიკის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ცრუმეცნიერმა, ლისენკოს მსგავსად, ბელადი შეცდომაში შეიყვანა და ბერიას წინადადება არ გავიდა. სამაგიეროდ, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებმა შეძლეს ამ სფეროს მაღალ დონეზე განვითარება და უდიდესი ნახტომიც განახორციელეს მრავალ სტრატეგიულ სფეროში. სხვათა შორის, ბერიას ვაჟი, სერგო ძალიან კვალიფიციური სპეციალისტი იყო და ის მამის ხელშეწყობით საიდუმლოდ მუშაობდა ამ სისტემის განვითარებაზე. მაგრამ ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ ეს პროცესი შეაჩერა და არა მარტო ეს, სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც ათწლეულებით დასწია უკან“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან