რაში დასჭირდა ლავრენტი ბერიას რუსული მაფიის შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.11, 2023 წელი

ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ, ერთადერთი ადამიანი იყო საბჭოთა მთავრობაში, ვინც ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებდა და ყველა მათგანს დიდი წარმატებით ართმევდა თავს.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერიას დიდი შესაძლებლობები ჰქონდა როგორც გონიერი, ასევე სულიერი და ფიზიკური. ის უაღრესად მაღალ ინტელექტს ფლობდა. ის არ უდრკებოდა არანაირ დაბრკოლებებს. ის ძალიან ენერგიული ადამიანი იყო და შეეძლო დიდი ნაყოფიერებით ემუშავა გადაბმულად რამდენიმე დღე. ისევე, როგორც სტალინს, ბერიასაც ძალიან მცირედი დასვენება ჰყოფნიდა ძალების მოსაკრებად და შემდგომ კვლავ სამუშაო ფერხულში ერთვებოდა. ბერიაზე ვერ ვიტყვით – ფრთიანი ანგელოზი იყოო, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი სპეცსამსახურების სფეროში მისი სამუშაო დიდი ჰუმანურობით არ გამოირჩეოდა. თუმცა, ამას ბერია დიდი მიზნებით ამართლებდა და აბა, ვინ გაბედავდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ან შეკამათებას. სხვათა შორის, სწორედ ბერიას სახელთანაა დაკავშირებული „რუსული მაფიის“ გამოჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან ძალიან მალე დაიკავა მოწინავე პოზიციები.“
ეგრეთ წოდებული „რუსული მაფია“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა მოწინავე პოზიციები არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელ კონტინენტზე. შემდგომ კი ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოშიც. მაფიის (იგულისხმება რუსული მაფია) ჩანასახი შეერთებულ შტატებში 20-30-იან წლებშიც იყო. თუმცა, რუსებს აქ არანაირი გავლენა არ გააჩნდათ და იტალიელებს, ირლანდიელებსა თუ სხვა კლანებს ვერც კი შეედრებოდნენ. ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა 40-იანი წლების მეორე ნახევარში. ბერიას მითითებით, „ენკავედეში“ შეიქმნა ქვედანაყოფი, სადაც მაფიოზური საქმიანობისთვის ამზადებდნენ. ასწავლიდნენ მათ მაფიის წეს-ჩვეულებებს, სტრუქტურასა და ყველაფერ იმას, რაც მათ შემდგომ საქმიანობაში გამოადგებოდათ. რეკრუტების შემადგენლობის 30 პროცენტს „ჩეკისტები“ შეადგენდნენ. 70 პროცენტს კი კრიმინალები და სწორედ ეს კატეგორია შეადგენდა მომავალი მძლავრი კრიმინალური ბირთვის მთავარ ნაწილს. სწორედ ისინი იყვნენ „პირველი მერცხლები“, ვინც „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ შეერთებულ შტატებში გადაისროლეს და ისინი ნიუ-იორკში დამკვიდრდნენ და ძალიან სწრაფად შექმნეს კონსპირირებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც „ჩეკა“ კურატორობდა.
იაკობ კედმი: „ბრაიტონ-ბიჩზე დამკვიდრებულმა რუსულმა დიასპორამ, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებოდა, ჯერ ქალაქის ერთი უბანი დაიპყრეს, შემდგომ კი მთელი ქალაქი და იტალიურ მაფიასთან მოუწიათ დაპირისპირება. იტალიელები, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაფიას საფუძველი ჩაუყარეს, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუებოდნენ ასეთ სიახლეს და ნიუ-იორკის ქუჩებში ახალი ომი გაჩაღდა გავლენის სფეროს მოსაპოვებლად და დასაცავად. იტალიელები, რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილები იყვნენ ამ საქმეში. თუმცა „ჩეკაში“ გამოზრდილი და „ლაგერებში“ გამობრძმედილი კონტინგენტი ტოლს არ უდებდა „კოზა ნოსტრას“ მებრძოლებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩებში ნამდვილი ფრონტის ხაზი იყო გახსნილი. პოლიცია კი ვერაფერს შველოდა ამ სიტუაციას და როდესაც „ახალი ძალა“ საკუთარ თავზე იწვნიეს, იტალიელებმა მოლაპარაკება შესთავაზეს რუსებს. მოლაპარაკება შედგა და შეთანხმდნენ, რომ რუსები ნარკოტიკების ბიზნესში ჩაებმებოდნენ და ასეც მოხდა. ამ საქმიდან შემოსული თანხები კი კოლოსალური იყო და ამ ფულით „ჩეკას“ მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები ფინანსდებოდა მთელ კონტინენტზე. აგრეთვე, თანხების ნაწილი რუსული მაფიის განვითარებას ხმარდებოდა და ბერიას გეგმამ იმაზე მეტი წარმატება მოუტანა საბჭოთა უშიშროებას, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ ლუბიანკაზე.“
შემდგომში, როდესაც იმის უტყუარი საბუთები გაჩნდა, რომ რუსული მაფია საბჭოთა უშიშროების ფილიალს წარმოადგენდა, ამერიკელმა სამართალდაცავებმა მთელი ძალები მათთან საბრძოლველად გაამწესეს. თუმცა, უკვე გვიან იყო და შეერთებულ შტატებში ღრმად ფესვებგადგმულ კონსპირაციულ ორგანიზაციას ვერაფერს უხერხებდნენ. თანაც, ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ამერიკელმა ძალოვნებმა ვერც ერთი რუსული მაფიის წევრი ვერ გადაიბირეს. მართალია, არაერთი მათგანი დააპატიმრეს და თანამშრომლობის სანაცვლოდ თავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ არავინ თანხმდებოდა. მათ ერჩიათ, ციხეში მსხდარიყვნენ, ან მომკვდარიყვნენ და ამაში მათ „ჩეკისტურ“-კრიმინალური წრთობა უწყობდათ ხელს. ამგვარად, ბერიას გეგმამ ასი პროცენტით გაამართლა და დღესდღეობით შეერთებულ შტატებში რუსული მაფია მოწინავეა. დიდ კაპიტალს ფლობს და დიდი ალბათობით, რუსულ სახელმწიფოს ეხმარება. ეს კი ბერიას დამსახურებაა, რომელმაც რუსული მაფიის პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან